საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების გარდა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები პრორუსული, ძალადობრივი ჯგუფის „ალტ-ინფოს“ ლიდერებსაც დაუწესა. ხაზინის დეპარტამენტის განცხადებით, კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე მშვიდობიანი აქციაზე ძალადობრივი თავდასხმის ორგანიზატორები არიან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 4 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 5 რუსთავში დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებული უცხოელი
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
ხაზინის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, კონსტანტინე მორგოშია მის მიერ დაფუძნებულ მედიაკომპანია „ალტ-ინფოს“ დეზინფორმაციის გასაძლიერებლად, სიძულვილის ენისა და მუქარის გასავრცელებლად იყენებდა.
„2021 და 2023 წლის ივლისში ის მხარს უჭერდა ძალადობრივ თავდასხმებს მარგინალიზებულ პირებზე, რომლებიც მშვიდობიანად სარგებლობდნენ გამოხატვისა და შეკრების ფუნდამენტური თავისუფლებებით და ხელმძღვანელობდა ასობით მიმდევარის შეჭრას არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებში, ჟურნალისტებსა და პოლიციელებზე თავდასხმას“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
რაც შეეხება ზურაბ მახარაძეს, ის მოხსენიებულია მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალ მხარდამჭერად, რომელიც ონლაინ რეჟიმში პირდაპირ ახალისებდა უმცირესობათა ჯგუფებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობას, 2021 და 2023 წლებში სახსრებს აგროვებდა ამგვარი ძალადობისთვის.
„თავდასხმების დროს ის ხელმძღვანელობდა ჯგუფს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის წინ მდებარე ტერიტორია მომიტინგეებისგან უნდა გაეწმინდა, შემდეგ კი თავის მიმდევრებს, მორგოშიასთან ერთად, უბრძანა არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისებზე შეეტიათ“, - აცხადებს ხაზინის დეპარტამენტი.
ფინანსური სანქციების ფარგლებში იბლოკება სანქცირებული პირების ყველა ქონება და ქონებრივი ინტერესი, რომელიც შეერთებულ შტატებში აქვთ ან აშშ-ის მოქალაქეების მფლობელობაში ან კონტროლის ქვეშაა. გარდა ამისა, ფინანსური ინსტიტუტები და სხვა პირები, რომლებიც ახორციელებენ ტრანზაქციებს ან ეწევიან საქმიანობას დასანქცირებულ პირებთან, შესაძლოა თავადაც დაექვემდებარონ სანქციებს.
„ალტ ინფომ“ 2021 წლის 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მიერ დაანონსებული „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ აქცია დააორგანიზა, რომელიც ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე მასშტაბურ ძალადობაში გადაიზარდა. ორი წლის შემდეგ, 2023 წლის ივლისში, ძალადობრივმა ჯგუფმა კერძო ტერიტორიაზე დაგეგმილი „პრაიდ ფესტიც“ ჩაშალა.
საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს ძალადობის ორგანიზატორები პასუხისგებაში არ მიუციათ. უფრო მეტიც, 2021 წლის ბოლოს „ალტ-ინფომ“ პოლიტიკური პარტიის -„კონსერვატიული მოძრაობის“ რეგისტრაციაც შეძლო. პრორუსულმა პარტიამ 2024 წლის აპრილამდე იარსება. საჯარო რეესტრმა მისი გაუქმების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 50 000 მხარდამჭერის ხელმოწერით მიმართა.
