საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ პრორუსული და ძალადობრივი მოძრაობა „ალტ ინფოს“ მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტია, „კონსერვატიული მოძრაობა“ გააუქმა. რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილება 8 აპრილით არის დათარიღებული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 3 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 4 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
- 5 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 6 რუსეთის დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან „მოკავშირეობის გაღრმავების“ კანონი დაამტკიცა
დოკუმენტიდან ირკვევა, რომ „კონსერვატიული მოძრაობის“ რეგისტრაციის გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლის მოთხოვნით საჯარო რეესტრის სააგენტოს ანტიკორუფციულმა ბიურომ 3 აპრილს მიმართა. პარტია 2021 წლის 7 დეკემბერს არის რეგისტრირებული.
სააგენტომ დაადგინა, რომ რეესტრში წარდგენილი დოკუმენტი კანონის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა. კერძოდ, 2021 წლის 6 დეკემბერს, სააგენტოს „კონსერვატიული მოძრაობის“ დამფუძნებელი ყრილობის თავმჯდომარის, კონსტანტინე მორგოშიას მიერ ხელმოწერილი ახალი წესდება წარედგინა, თუმცა ის ყრილობის მიერ არ იყო დამტკიცებული.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება დღეს გამოქვეყნდა და ძალაში მაშინვე შევიდა. „ალტ ინფოს“ შეუძლია გადაწყვეტილება 30 დღის ვადაში გაასაჩივროს.
„ხელისუფლების დავალებით, საჯარო რეესტრმა ოფიციალურად გამოგვიცხადა, რომ ჩვენი პარტია, რომელიც წლების განმავლობაში დარეგისტრირებული იყო და არსებობდა, გააუქმა. ეს არის პირდაპირი დანაშაული, გაუგონარი ფორმის დანაშაული, როგორიც წინა ხელისუფლების პირობებშიც კი არ მომხდარა“, - განაცხადა „კონსერვატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე გიორგი ქარდავამ.
რამდენიმე დღის წინ „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფო“ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირა. პარტია 26 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავდა.
