საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პრორუსულმა და ჰომოფობიურმა პარტიამ „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფო“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 50 000 ამომრჩევლის ხელმოწერა წარადგინა. პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზურაბ მახარაძის თქმით, ხელმოწერები ერთი თვის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოხალისეებმა შეაგროვეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 4 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 5 რუსთავში დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებული უცხოელი
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, პარტიამ, რომელსაც პარლამენტის არჩევნების დანიშვნის დროისათვის არ ჰყავს მისი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრი, ცესკოს, არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის სია უნდა წარუდგინოს, რომლებიც მას მხარს უჭერენ.
„ვინაიდან ვიცით, რომ ხელისუფლება ძალიან მოტივირებულია, დაგვახარვეზოს ან გარკვეული პრობლემები შეგვიქმნას, შევაგროვეთ 50 000 ხელმოწერა. უნდა მოხდეს მონაცემების გადამოწმება და დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში ცესკომ პასუხი დაგვიბრუნოს. ხელმოწერების დახარვეზების საფუძველი არ არსებობს. დანარჩენი დამოკიდებულია ცესკოზე. ცხადია, თუ რაღაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ჩვენც პოლიტიკურ რეაგირებას მოვახდენთ“, - განაცხადა პარტიის თავმჯდომარე გიორგი ქარდავამ.
საარჩევნო რეგისტრაციის გავლის და ნომრის მიღების შემდეგ, „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფო“ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვას და საკუთარი პროგრამის წარდგენას აპირებს.
საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება.
ძალადობრივმა ჯგუფმა „ალტ ინფომ“ პარტია 2021 წლის ბოლოს დააფუძნა, იმავე წლის 5 ივლისს კი „თბილისი პრაიდის“ მიერ დაანონსებული „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ აქცია დააორგანიზა, რომელიც ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე მასშტაბურ ძალადობაში გადაიზარდა. ორი წლის შემდეგ, 2023 წლის ივლისში, „ალტ ინფომ“ კერძო ტერიტორიაზე დაგეგმილი „პრაიდ ფესტიც“ ჩაშალა. ძალადობის ორგანიზატორები პასუხისგებაში არ მიუციათ.
2023 წლის ბოლოს, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შემდეგ, „ალტ ინფოს“ წევრებმა და მხარდამჭერებმა ევროკავშირის დროშების დაწვის კამპანია დაიწყეს.
„ალტ ინფო/კონსერვატიულმა მოძრაობამ“ 2022 წელს შემოწირულებების სახით 577 034 ლარი მიიღო, 2023 წელს - 36 634, ხოლო მიმდინარე წელს - 1045 ლარი. პარტია სასამართლოს მიერ 217 482 ლარით არის დაჯარიმებული არაფულადი შემოწირულების დამალვის გამო. „ალტ ინფო“ ტელევიზიასაც ფლობს, რომელსაც პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, კონსტანტინე მორგოშიას პენსიონერი მამიდა ყოველთვიურად ასობით ათასი ლარით აფინანსებს.
