პრორუსული და ჰომოფობიური ჯგუფის, „ალტ ინფოს“ მიერ დაფუძნებულმა ამავე სახელწოდების ტელეკომპანიამ 2022 წლის განმავლობაში და 2023 წლის პირველ სამ თვეში, შემოსავლის სახით, 1 193 388 ლარი მიიღო. ამ თანხის 99.8%, ანუ 1 191 260 ლარი მაუწყებლის ერთ-ერთი მფლობელის, ციალა მორგოშიას შემოწირულება იყო. შემოსავლის დანარჩენი ნაწილი, 2128 ლარი, სარეკლამო შემოსავალმა შეადგინა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
შპს „ალტ ინფომ“ (ს/ნ 405313389) ტელემაუწყებლობის ლიცენზია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან 2020 წლის ბოლოს მიიღო. ოფიციალურად, ტელეკომპანიის 50%-იანი წილის მფლობელი პრორუსული ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი კონსტანტინე მორგოშიას მამიდა, ციალა მორგოშიაა. დანარჩენ 50%-ს ალექსანდრე ქარდავა ფლობს, რომელიც იმავდროულად ტელეკომპანიის დირექტორიც არის. ციალა მორგოშია პენსიონერია და ქალაქ სენაკშია რეგისტრირებული. 2022 წლიდან ის ტელეკომპანიას ყოველთვიურად აფინანსებს. ერთჯერადად ყველაზე დიდი თანხა - 187 220 ლარი, გასული წლის აგვისტოში აქვს გაღებული. 2023 წლის პირველ კვარტალში ციალა მორგოშიამ „ალტ ინფოს“ ჯამში 208 550 ლარი ჩაურიცხა.
კონსტანტინე მორგოშია განმარტავს, რომ მამიდამისი ტელეკომპანიას საკუთარი დანაზოგიდან აფინანსებს.
„მამიდაჩემი ძალიან, ძალიან დიდი ხანი იყო აქტიური, სხვადასხვა ბიზნეს აქტივობები ჰქონდა. ეს არის დანაზოგი, რომელიც გააჩნდა და ახლა შემოიტანა. საკმაოდ დიდ კაპიტალს ფლობდა, ფლობს და აქვს საშუალება. ერთი მილიონი ყურში მოსასმენად არის მილიონი, მაგრამ თავი ბოლო 350-400 ათასი დოლარია. ეს არ არის ისეთი კოლოსალური თანხა“, - განაცხადა მორგოშიამ.
„ალტ ინფოს“, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობს, ძალადობრივი ჯგუფის წევრები ძირითადად პრორუსული, ჰომოფობიური გზავნილებისა და ძალადობისკენ მოწოდებების გასავრცელებად იყენებენ. 8 ივლისის, „თბილისი პრაიდის“ ფესტივალის ჩაშლის შემდეგ ევროპარლამენტართა ნაწილმა ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს „ალტ ინფოსა“ და მორგოშიას მიმართ სანქციების დაწესების მოთხოვნით მიმართა.
„მტკიცედ მოვითხოვთ მიზანმიმართულ სანქციებს „ალტ ინფოს“ ჯგუფის და მის უკან მყოფი ოლიგარქის, კონსტანტინე მორგოშიას მიმართ. ცნობილია, რომ „ალტ-ინფო“ ავრცელებს ლგბტქი-ფობიურ სიძულვილის ენას თავის მედია არხებზე და აქტიურად იყო ჩართული 8 ივლისს „თბილისი პრაიდზე“ თავდასხმებში“, - ნათქვამი იყო ექვსი ევროპარლამენტარის წერილში.
ტელევიზიის გარდა, „ალტ ინფო“ პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ დამფუძნებელიცაა. ძალადობრივმა ჯგუფმა პარტია 2021 წლის ბოლოს დაარეგისტრირა, მანამდე კი, იმავე წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ მიერ დაანონსებული „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ დააორგანიზა აქცია, რომელიც ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე მასშტაბურ ძალადობაში გადაიზარდა. დაფუძნებიდან რამდენიმე თვეში პარტია სასამართლომ 217 482 ლარით დააჯარიმა, არაფულადი შემოწირულების დამალვის გამო. 2022 წლის განმავლობაში „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს“ ფულადმა შემოწირულებებმა 577 034 ლარი შეადგინა.
2022 წლის 24 თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან, „ალტ ინფოს“ ტელევიზია რუსული პროპაგანდის გავრცელებას, ვლადიმერ პუტინის მიერ ომის დაწყების და მის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამართლებას აქტიურად ცდილობდა.