აშშ-მა და ევროპამ სწრაფად უნდა იმოქმედონ საქართველოში დემოკრატიის გადასარჩენად - ფუკუიამა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ამერიკელი პოლიტოლოგი და მწერალი ფრენსის ფუკუიამა საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ის წერს, რომ „ქართული ოცნება“ კრემლის ინტერესებს ემსახურება და ქვეყანაში დემოკრატია გარდაუვალი საფრთხის წინაშე დგას.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ფუკუიამას წერილი 11 მაისს გამოცემა American Purpose-მა გამოაქვეყნა:

„საქართველოში დემოკრატია გარდაუვალი საფრთხის წინაშე დგას. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ მის გადასარჩენად სწრაფად უნდა იმოქმედონ. შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტამ უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთს მნიშვნელოვანი სამხედრო წარმატებების მიღწევის საშუალება მისცა. ამ აშკარა იმპულსმა საშინლად დამღუპველი გავლენა იქონია მოსკოვის პერიფერიულ ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში, ყაზახეთსა და მონღოლეთში.

მთავრობებმა, რომლებიც ადრე რუსეთთან გარკვეული დისტანციის შენარჩუნებას ცდილობდნენ, მოემატათ სითამამე, უფრო ღიად გამოხატონ თავიანთი პრო-მოსკოვური სიმპათიები. ამის ერთ-ერთი მაგალითია საქართველოც.

გასული ათწლეულის უმეტეს პერიოდში, საქართველოს პარტია „ქართული ოცნება“ მართავს. აღნიშნული პარტია ქვეყნის ერთადერთმა ოლიგარქმა, ბიძინა ივანიშვილმა შექმნა, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში მოიპოვა და კრემლის ხელმძღვანელობასთან დღემდე სიახლოვეს ინარჩუნებს. ივანიშვილი მცირე ხნით პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა, თუმცა აღმოაჩინა, რომ შეეძლო, უფრო ეფექტურად მოეხდინა გავლენა ოფიციალური კაბინეტის დათმობით და კულისებში მოქმედებით. პარტია, რომელსაც ის აფინანსებს, აცხადებს, რომ აგრძელებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, მაგრამ სინამდვილეში კრემლის ინტერესებს ემსახურება. ის არ შეერთებია ევროპის მხრიდან სანქციების რეჟიმებს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის წინააღმდეგ და გახდა სანქციების თავიდან აცილების მთავარი გამტარი.

შარშან, ქვეყანაში ყოფნისას, როდესაც რუსეთის საზღვარზე, კავკასიონის მთებში, ყაზბეგში ავედი, სატვირთო მანქანების დაუსრულებელი რიგი იდგა, ძირითადად, სომხეთიდან, რომლებიც რუსეთისკენ ევროკავშირის ქვეყნებიდან სანქცირებული საქონლით მიემართებოდნენ. ეს კი იმის მიუხედავად, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი პროცენტი რჩება პროევროპული და მკვეთრად აკრიტიკებს რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე.

ბოლო სამი კვირის განმავლობაში სიტუაცია მოულოდნელად გაუარესდა. „ქართული ოცნების“ მთავრობამ ხელახლა შემოიღო პირველად შარშან წარდგენილი კანონპროექტი, რომელსაც პროდასავლური ქართველები უწოდებენ რუსულ კანონპროექტს არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ. კანონპროექტი ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ფულს საზღვარგარეთიდან იღებს, აიძულებს შემოსავლის წყაროები დაადეკლარიროს. იგივე კანონმდებლობა რუსეთმა გამოიყენა თავისი არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციური პარტიების დასახურად. გასულ წელს კანონპროექტის შემოღებამ მასობრივი დემონსტრაციები გამოიწვია, რაც კვირების განმავლობაში გაგრძელდა, ვიდრე მთავრობამ საბოლოოდ არ გაიწვა ის.

წელს კიდევ უფრო მასშტაბური პროტესტი მიმდინარეობს, რომელმაც მთავრობას, კანონპროექტის პირველი ორი მოსმენით მიღებისათვის ხელი არ შეუშალა. მესამე მოსმენა დაგეგმილია მომავალ კვირას და როგორც კი დასრულდება, დაიწყება ნადირობის სეზონი ქვეყნის ყველა პროდემოკრატიულ ჯგუფზე.

ჩვენი ქართველი მეგობრები გვეუბნებიან, რომ ხელისუფლებამ სწრაფად გააძლიერა ზეწოლა პროდასავლურ ჯგუფებზე კანონმდებლობის საბოლოო მიღებამდეც კი. ამჯერად, დემონსტრანტებს სცემენ პროსამთავრობო ბანდები, სამიზნედ იქცნენ გამოჩენილი პიროვნებები და აქტივისტები მზარდ შავ სიებში მოხვდნენ. მთავრობას აშკარად არ ეშინია დასავლეთის ნეგატიური უკუკავშირის. თუკი ეს ყველაფერი ევროკავშირში საქართველოს კანდიდატის სტატუსს საფრთხეს შეუქმნის, მათი თვალსაზრისით, უკეთესია.

ჩვენი ქართველი მეგობრები თანხმდებიან და იმედოვნებენ, რომ დასავლეთის პასუხი უნდა იყოს მიზანმიმართული სანქციები „ქართული ოცნების“ იმ კანონმდებლების წინააღმდეგ, რომლებმაც ხმა რუსული კანონის სასარგებლოდ მისცეს. ასევე, საქართველოს მთავრობის გამოჩენილი თანამდებობის პირთა მიმართ. ადრეულ წლებში საქართველოს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის უფლება მიენიჭა და ბევრი ელიტარული ქართველი კვლავ სარგებლობს იქ თავისუფლად მოგზაურობის შესაძლებლობით. ვიზაზე განაცხადის იძულება კი მათ რეალურ ხარჯებს დააკისრებდა. ისეთი ყოვლისმომველი სანქციები, როგორიცაა უვიზო სტატუსის შეწყვეტა და დასჯა აბსოლუტურად ყველასი, პროდასავლელი მოქალაქეების ჩათვლით, ამ ეტაპზე სასურველი არ არის.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ თვალი უნდა გაუსწორონ ფაქტს, რომ ვაშინგტონის სუსტად აღქმამ ანტიდემოკრატიული აქტორები გააძლიერა არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მთელ მსოფლიოში. 

ჩვენს ყურადღებას იპყრობს პორნოვარსკვლავები [იგულისხმება აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაკავშირებული სკანდალი - რედ.] და შინ წარმოქმნილი დაპირისპირებები, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს დემოკრატიულ მეგობრებს მთელ მსოფლიოში სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა და დახმარება“.

„ქართულმა ოცნებამ“, 2024 წლის 3 აპრილს, პარლამენტში ხელმეორედ დააინიცირა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი, რომელიც ერთი წლის წინ, მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შედეგად უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასდროს მიიღებდა. რუსული კანონი უცხოეთის აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებს დამოუკიდებელ მედიას და არასამთავრობოებს, რომლებიც საერთაშორისო ფონდების საგრანტო მხარდაჭერით მუშაობენ და ხელისუფლება ან მასთან დაკავშირებული ჯგუფები ვერ აკონტროლებენ. 150-ზე მეტმა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციამ განაცხადა, რომ „ღირსების შემლახავ რეესტრში“არავითარ შემთხვევაში არ დარეგისტრირდებიან. „ქართული ოცნება“ რუსული კანონის მიღებას მესამე, საბოლოო მოსმენით, 14 მაისს აპირებს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).