ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო ქართველ მოსამართლეებს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას, ვალერიან ცერცვაძეს და მათი ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა. მათ აშშ-ში შესვლა აეკრძალათ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 4 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 5 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
- 6 აქციაზე ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დაშავდა
„დღეს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ახდენს მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის Საჯარო სანქცირებას, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.
აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.
ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გაძლიერების კუთხით და გააგრძელებს იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ვინც პირადი სარგებლის მიზნით, ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას. ჩვენ ყველა იმ მოსამართლის გვერდით ვდგავართ, ვისაც აქვს გამბედაობა და კეთილსინდისიერება იმოქმედოს მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად.
პირებს, რომელთა სანქცირებაც განხორციელდა 2023 ფისკალური წლის დაფინანსების აქტის 7031(c) თავის საფუძველზე, რომელიც ეხება სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო ოპერაციებსა და მასთან დაკავშირებულ პროგრამებს, (Div. K, P.L. 117-328) (თავი 7031(c)) და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა“, - ნათქვამია მოსამართლეების სანქცირების შესახებ სახელმწიფო მდივანის ენტონი ბლინკენის განცხადებაში.
ცოტა ხნის წინ, მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა:
„დღეს სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა მიიღო სანქცირების გადაწყვეტილება საქართველოს სასამართლოსთან დაკავშირებული 4 პირის მიმართ. სახელმწიფო დეპარტამენტმა სანდო და შეთანხმებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაადგინა, რომ აღნიშნული პირები საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ჩართულნი იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში.
მათი ქმედებებით მათ უგულებელყვეს სასამართლო და საჯარო პროცესი მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკურ მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და მოახდინეს მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირება, პირადი სარგებლობის მიღების მიზნით.
აღნიშნული კორუფციული ქმედებებით მათ შებღალეს სამართლის უზენაესობა და დემოკრატიული პროცესი და შეასუსტეს ქართველი ხალხის ნდობა საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტის დამოუკიდებლობის მიმართ. ამერიკის კანონმდებლობის საფუძველზე, მსგავსი მნიშვნელოვანი კორუფციის შესახებ სანდო ინფორმაცია არის სანქცირების გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ, აშშ-ში შესვლის აკრძალვას.
გასულ კვირას, დემოკრატიის სამიტზე პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გასუვა, რომ ამერიკა ერთგულად გააგრძელებს ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ და სამართლის უზენაესობის გაძლიერებას. 100-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის, საქართველო შეუერთდა პრეზიდენტ ბაიდენის ამ განაცხადს, რადგან ყველამ ვიცით, სამართლის უზენაესობა უფრო მეტია, ვიდრე სიტყვები. ის გულისხმობს მართლმსაჯულებას და სწორედ მართლმსაჯულებაა ის ძირითადი პრინციპი, რაც თავისუფლებასა და დემოკრატიას განამტკიცებს. სამართლის უზენაესობა დაცულია ისეთ სამართლებრივ სისტემაში, სადაც სასამართლო დავის გადაწყვეტა ხდება სამართლიანად და მიუკერძოებლად, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა და კანონზე დაყრდნობით და არა ღამის საათებში განხორციელებული ზარის, ან ქრთამის, დაშინებისა თუ ზეწოლის საფუძველზე.
საქართველოს ყველა მოქალაქე იმსახურებს მართლმსაჯულებას, სამართლის უზენაესობას და უფლებას სამართლიან და დამოუკიდებელ სასამართლოზე მათი ქონებრივი მდგომარეობის, ოჯახური თუ პოლიტიკური კავშირების მიუხედავად. აღნიშნული სანქციები ასახავს ამერიკისთვის კორუფციასთან ბრძოლის მნიშვნელობას.
აღნიშნული სანქციები ასახავს ამერიკისთვის კორუფციასთან ბრძოლის მნიშვნელობას. კორუფცია და მართლმსაჯულებაში ჩარევა აბრკოლებს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოსა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას. სანქცირების გადაწყვეტილება მიღებული იქნა სწორედ ამ მიზნით.
სანქცირების გადაწყვეტილება ასევე გამოხატავს ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ყველა შრომისმოყვარე, ნიჭიერი, კეთილსინდისიერი და პროფესიონალი მოსამართლის მიმართ, რომელთაგან ბევრს მე უკვე შევხვდი. მათ შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ განახორციელონ თავიანთი საქმიანობა და აღასრულონ მართლმსაჯულება ზეწოლის, მუქარისა და ჩარევის გარეშე.
წლების განმავლობაში ჩვენ მოვუწოდებდით საქართველოს ხელისუფლებას განეხორციელებინა მნიშვნელოვანი რეფორმები სასამართლო სისტემაში. ჩვენ მივესალმებით იმ პროგრესს, რაც მიღწეული იქნა წლების განმავლობაში, მათ შორის ამერიკის მხარდაჭერით. როგორც ბევრი აღნიშნავს, მათ შორის ხელისუფლების წევრები, უფრო მეტი სამუშაოა ჩასატარებელი, რათა საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ძლიერი მართლმსაჯულების სისტემა, რომელსაც ისინი იმსახურებენ. აღნიშნული სასამართლო რეფორმების განხორციელება შედის საქართველოს ინტერესებში და აუცილებელია საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის მისაღწევად, რომლისკენაც ქართველები დიდი ხანია მიისწრაფვიან. კორუფციასთან ბრძოლაში გამარჯვებისთვის სტაბილური, წარმატებული და ევრო-ატლანტიკური მომავლის მისაღწევად, რაც ქართველი ხალხის არჩევანია, საქართველოს სჭირდება ჭეშმარიტად მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა.
სანქციები, რომელიც გამოცხადდა დღეს 4 კორუმპირებული პირის მიმართ, გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე ერთგულებას ებრძოლოს კორუფციას და დაეხმაროს ქართველ ხალხს მიაღწიოს წარმატებას დემოკრატიული საზოგადოების შენებაში, რაც მათ ასე ცხადად სურთ და იმსახურებენ“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.