სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის 13 იანვარს, ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა და სომხეთმა „საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) განხორციელების ჩარჩო დოკუმენტი გამოაქვეყნეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 3 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 4 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 5 საქსტატის თანახმად, საქართველოში საშუალო ხელფასი 2271 ლარია
- 6 სუს-ის ყოფილი უფროსის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე ესპანეთში დააკავეს
დოკუმენტში ნათქვამია, რომ TRIPP-ის მიზანია სომხეთის ტერიტორიაზე შეუფერხებელი, მულტიმოდალური სატრანზიტო კავშირის დამყარება, რაც ხელს შეუწყობს რეგიონულ მშვიდობას, სტაბილურობასა და ინტეგრაციას სახელმწიფოების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და იურისდიქციის პატივისცემის საფუძველზე.
„აზერბაიჯანის ძირითადი ნაწილისა და მისი ნახჭევანის ავტონომიური რესპუბლიკის დამაკავშირებელი და ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტის სასიცოცხლო რგოლის შექმნის პარალელურად, მოსალოდნელია, რომ ეს ორმხრივ სარგებელს მოუტანს სომხეთის რესპუბლიკის საერთაშორისო და სახელმწიფოთაშორის კავშირებს“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
TRIPP-ის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და პროექტის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, TRIPP Development Company დაფუძნდება, რომლის საკონტროლო პაკეტი აშშ-ს ექნება.
დოკუმენტის მიხედვით, კომპანია პასუხისმგებელი იქნება TRIPP პროექტის შემუშავებაზე და მას მიენიჭება პროექტის განვითარების უფლება თავდაპირველად 49 წლიანი პერიოდის განმავლობაში.
ჩარჩო დოკუმენტში ნათქვამია, რომ სომხეთი აპირებს, შეერთებულ შტატებს შესთავაზოს TRIPP Development Company-ის 74%-იანი წილი და თავად 26%-იანი წილი შეინარჩუნოს. მოსალოდნელია, რომ ეს შეთანხმება კიდევ 50 წლით გაგრძელდება, სომხეთის მთავრობისთვის დამატებითი კაპიტალის მინიჭებით, რაც მის წილს 49%-მდე გაზრდის.
სომხეთი და ამერიკის შეერთებული შტატები TRIPP Development Company-ის კორპორატიულ სტრუქტურას ერთად შეიმუშავებენ. ჩარჩო დუკუმენტის მიხედვით, სტრუქტურაში, სავარაუდოდ ასახული იქნება შემდეგი მიზნები:
- სომხეთისა და აშშ-ის მთავრობების მონაწილეობა მულტიმოდალური სატრანზიტო მარშრუტის ოპერირებასთან დაკავშირებულ კონკრეტულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებსა და საკითხებში;
- ფინანსური ანაზღაურება აშშ-სთვის მისი საწყისი წვლილისთვის ან სხვა ეკონომიკური სარგებელი აშშ-ის მთავრობისთვის ან აშშ-ის კომპანიებისთვის.
შეერთებულმა შტატებმა ადრე გამოაცხადა სომხეთის დერეფნის განვითარებისთვის 145 მილიონი დოლარის დაფინანსებას გამოჰყოფდა.
ჩარჩო დოკუმენტის მიხედვით, სომხეთის სუვერენიტეტი დერეფანზე „აბსოლუტური და უპირობო“ იქნება. სომხეთი შეინარჩუნებს უფლებას, აღასრულოს საკუთარი შიდა კანონები TRIPP-ის არეალში, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების კონტროლის გზით.
„TRIPP-ის შეთანხმება ნამდვილად იქნება მსოფლიოსთვის მოდელი, თუ როგორ შეგიძლიათ გახსნათ საკუთარი თავი ეკონომიკური აქტივობისა და კეთილდღეობისთვის, თქვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის რაიმე ფორმით კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების ან შელახვის გარეშე. ეს შესანიშნავი იქნება სომხეთისთვის, შესანიშნავი იქნება შეერთებული შტატებისთვის, შესანიშნავი იქნება ყველა ჩართული მხარისთვის“, - თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.
42-კილომეტრიანი სატრანზიტო მარშრუტი აზერბაიჯანსა და მის ანკლავ ნახჭევანს შორის სომხეთის სამხრეთით მდებარეობს. მისი განვითარება იმ დეკლარაციის ნაწილია, რომელსაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გასული წლის 8 აგვისტოს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შუამავლობით, მოაწერეს ხელი.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინიტრმა, არარატ მირზოიანმა ჩარჩო დოკუმენტს უაღრესად მნიშვნელოვანი უწოდა და აღნიშნა, რომ ის მგრძნობიარე საკითხებს ეხება.
„ხუთი თვე გავიდა და ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებების დროს საკმაოდ დეტალურად განვიხილეთ პირობები, პრინციპები და ა.შ. ეს ჯერ კიდევ არ არის საბოლოო დოკუმენტი, თუმცა ყველა მხარისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა, ძალიან პოზიტიური. შემდგომი დოკუმენტები უფრო მეტ სამართლებრივ ასპექტს მოიცავს და ასახავს ყველაფერს, რაც ყველაზე მეტად აინტერესებს საზოგადოებას და მხარეებს“, - თქვა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
პროექტის მნიშვნელობის ხაზგასმისას, მირზოიანმა განაცხადა, რომ ეს არის მსხვილი რეგიონული პროექტი, რომელიც სამ დონეს მოიცავს: 1 - კავშირები მესამე ქვეყნებს, ევროკავშირსა და ცენტრალურ აზიას შორის; 2 - კავშირები ნახჭევანსა და აზერბაიჯანს შორის; 3 - კავშირები სომხეთსა და მესამე ქვეყნებს შორის ორივე მიმართულებით - დასავლეთისა და ცენტრალური აზიისკენ.
