ასლან ბჟანია აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის თანამდებობას ტოვებს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების შედეგად, ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო აქციის მონაწილეები „სამთავრობო შენობებს“ ტოვებენ. თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, მანამდე კი პრეზიდენტის მოვალეობას ბადრა გუნბა, ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ქვეყანაში სტაბილურობისა და კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნების მიზნით ვტოვებ აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობას“, - ნათქვამია განცხადებაში, რომლითაც ბჟანიამ დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარეს, ლაშა აშუბას მიმართა. ე.წ. პარლამენტმა აღნიშნული განცხადება დღეს, 19 ნოემბერის რიგგარეშე სხდომაზე უნდა განიხილოს.

ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები 18 ნოემბერს დაიწყო და როგორც ბადრა გუნბამ განაცხადა, 9 საათზე მეტი მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეების მიერ ე.წ. პარლამენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და მინისტრთა კაბინეტის შენობების დატოვება ასლან ბჟანიას გადადგომის მთავარი წინაპირობა გახდა. შეთანხმების კიდევ ერთი პუნქტის მიხედვით, ბადრა გუნბამ ე.წ. პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან ალექსანდრ ანქვაბი უნდა გაათავისუფლოს და მის ნაცვლად ამ პოსტზე ვალერი ბგანბა დანიშნოს.

 „აფხაზეთის სახალხო მოძრაობის“ ლიდერის, ადგურ არძინბას თქმით, მორიგი პოლიტიკური კრიზისი უკან დარჩა. მან იმედი გამოთქვა, რომ მიღწეული შეთანხმება პოლიტიკურ ვითარებას დაასტაბილურებს.

„მადლობა ყველას იმისთვის, რომ არსებობს ჩვენი, აფხაზური სული. ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ, მაგრამ მორიგჯერ ვაჩვენეთ მთელ მსოფლიოს, რომ ვერც დიდი კაპიტალი, ვერც ოლიგარქები, ვერც ვერანაირი გარე ძალა ვერ შეგვაშინებს. ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი ინტერესებისთვის, სამშობლოსა და მიწის ყოველი გოჯისთვის“, - მიმართა არძინბამ ე.წ. პარლამენტთან შეკრებილ მომიტინგეებს.

ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო გამოსვლები 15 ნოემბერს, პარასკევს დაიწყო. ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები სოხუმში, ე.წ. პარლამენტთან შეიკრიბნენ და რუსეთთან გაფორმებული „საინვესტიციო შეთანხმების“ რატიფიცირებაზე უარის თქმას ითხოვდნენ. მათ  დე ფაქტო პარლამენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და მინისტრთა კაბინეტის შენობები დაიკავეს. განვითარებული მოვლენების ფონზე, ასლან ბჟანიამ სოხუმი დატოვა. 16 ნოემბერს მან გადადგომის პირობად „სამთავრობო შენობების“ გათავისუფლება დაასახელა, რასაც მომიტინგეები არ თანხმდებოდნენ. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციის ქმედებებს „სახელმწიფო გადატრიალებად“ აფასებდნენ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.