ასურეთში საჰაერო ბურთი მაღალი ძაბვის ხაზს დაეჯახა, დაიღუპა 3 ადამიანი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში საჰაერო ბურთი მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზს დაეჯახა, რის შედეგადაც საფრენ აპარატში მყოფი სამივე ადამიანი დაიღუპა - „სქაი თრეველ“-ის დამფუძნებელი და დირექტორი, რევაზ უთურგაური, პოლონელი კინორეჟისორი კშიშტოფ ზაპარტი და  ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი მიშო ბიძინაშვილი.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ასურეთში მერის წარმომადგენელმა, არმაზ მეტრეველმა „საქართველოს ამბებს“ უთხრა, რომ უბედური შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა და ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

„დღემდე ასურეთში საჰაერო ბურთი არ გვინახავს. მანგლისის მხრიდან წამოვიდა და მაღალი ძაბვის ანძას დაეჯახა. დღეს ძლიერი ქარია და როგორც ჩანს, ეს გახდა შეჯახების მიზეზი“, - ამბობს მერის წარმომადგენელი.

საჰაერო ბურთი დღეს ფოთის ცენტრალური მოედნიდან აფრინდა და კახეთში უნდა გაფრენილიყო. ეს იყო მოსამზადებელი, საცდელი გაფრენა, რის შემდეგაც ბურთში მყოფი მფრინავები მსოფლიო რეკორდის დამყარებას აპირებდნენ საჰაერო ბურთით ყველაზე დიდ მანძილზე გაფრენით.

შიშტოფ ზაპარტი და რევაზ უთურგაური 

განახლება [19:00 საათი]: უბედურ შემთხვევამდე რამდენიმე კვირით ადრე რევაზ უთურგაური ერთ-ერთ ინტერვიუში საკუთარი გეგმების შესახებ ჰყვებოდა:

„მთელ საქართველოზე გადაფრენისთვის ვემზადები. ეს სპეციალური საჰაერო ბურთით მოხდება, რომლითაც მგზავრები არ გადაჰყავთ. ორი პილოტი ვიქნებით. მეორე პოლოტი პოლონელია, კშიშტოფ ზაპარტი - ადამიანი ლეგენდა, რომელიც მსოფლიოში მეორე ადგილზეა საჰაერო ბურთით დაფარული მანძილით - მისი რეკორდი 3526 კილომეტრია. ჯერჯერობით უცნობია, საიდან ავფრნდებით. შავი ზღვის სანაპიროზე რამდენიმე ადგილია მონიშნული - ფოთი, ქობულეთი და ჩაქვი. ჩვენ ხომ ძრავი არ გვაქვს. ჰაერთან ერთად და ჰაერში დავფრინავთ. იმის გათვალისწინებით თუ საიდან შემოვა საქართველოს ტერიტორიაზე ციკლონი, ავარჩევთ საწყის წერტილს, საიდანც გავფრინდებით დასაჯდომი ადგილისკენ, ჩვენი საქართველოს ბოლოში, კახეთში - ვაშლოვანის ნაკრძალში ან ლაგოდეხში. მაქიმალურად დიდხანს უნდა ვიფრინოთ. ეს 400 კილომეტრია. საქართველოზე გადაფრენა დიდი პროექტის ნაწილია, რომელაც 11 წელია ვამზადებთ - საჰაერო ბურთით შავ ზღვაზე გადაფრენა, რუმინეთიდან საქართველოში“.

რევაზ უთურგაური 70 წლის იყო, კშიშტოფ ზაპარტი 52-ის.

პოლიციამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

საჰაერო ბურთი, რომელიც ფოთიდან კახეთისკენ 7 თებერვალს, დილით გაფრინდა.
საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).