აზერბაიჯანმა სახმელეთო საზღვრების გახსნა კიდევ სამი თვით, 1-ელ ივლისამდე გადადო

აზერბაიჯანში სპეციალური საკარანტინო რეჟიმი სულ მცირე კიდევ სამი თვე, 2025 წლის პირველ ივლისამდე იმოქმედებს. შესაბამის განკარგულებას ხელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა მოაწერა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებისა და შესაძლო შედეგების პრევენციის მიზნით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სპეციალური საკარანტინო რეჟიმის ვადა 2025 წლის 1 ივლისს 06:00 საათამდე გაგრძელდა.

აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები მეზობელ ირანთან, რუსეთთან, საქართველოსა და თურქეთთან 2020 წლის მარტიდან ჩაკეტილია. ქვეყანაში შესვლა ამჟამად მხოლოდ საჰაერო გზით არის შესაძლებელი. ამასთან, უცხოელებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს სახმელეთო საზღვრებით ქვეყნის დატოვება შეუძლიათ.

თებერვალში აზერბაიჯანულმა მედიამ სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, აპრილიდან თბილისი-ბაქოს-თბილისის მარშრუტზე სამგზავრო მატარებლის დანიშვნა იგეგმებოდა. ამის შესახებ განცხადება გააკეთა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც და აზერბაიჯანის პრეზიდენტს მადლობაც გადაუხადა, თუმცა სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის ვადები არ დაუსახელებია.

„აზერბაიჯანში ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ალიევთან საუბარი გვქონდა ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით სამგზავრო მატარებლის დანიშვნაზე. ჩვენი ქვეყნის მიმართ გულისხმიერებისთვის, მინდა, მას პირადად გადავუხადო მადლობა“, - თქვა კობახიძემ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსისთვის პანდემიის სტატუსი 2023 წლის 5 მაისს გააუქმა.

აზერბაიჯანის ხელისუფლება აღიარებს, რომ საზღვრებს უსაფრთხოების მიზნით არ ხსნის.

„სახმელეთო საზღვრების ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიღებული იქნა კოვიდის გამო. ფორმალურად, ჯერ კიდევ საკარანტინო ფაზაში ვართ, მაგრამ ამავდროულად, მოდით, ვიყოთ გულახდილები - საზღვრების ჩაკეტვის გადაწყვეტილება მხოლოდ ამას არ ეფუძნება. როგორც პრეზიდენტმა, როგორც ადამიანმა, რომელიც ყოველდღიურად არის დაკავებული ეროვნული უსაფრთხოების საკითხებით, შემიძლია ვთქვა, რომ საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ ჩვენ ვნახეთ უზარმაზარი სარგებელი ჩვენი უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა 2024 წლის აპრილის მიწურულს.

ალიევის თქმით, ხელისუფლებას ესმის, ის დაბრკოლებები, რაც აზერბაიჯანის და მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებს ექმნებათ, „მაგრამ ეროვნული უსაფრთხოება უპირველესი უნდა იყოს“.

ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაახლოებით 10 ათასი ეთნიკური ქართველი ცხოვრობს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 0.1%-ია. ამასთან, ზერბაიჯანელები საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვან ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენენ. 2014 წლის აღწერის მიხედვით, მათი რაოდენობა დაახლოებით 233 ათას ადამიანს, ანუ მოსხლეობის 6.3%-ს შეადგენს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.