ბადრი ესებუა „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმიდან 2 წლის შემდეგ დააკავეს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში დააკავა 35 წლის ბადრი ესებუა, რომელიც 2020 წლიდან ძებნილი იყო „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმისთვის. სამინისტროს განცხადებით, ესებუას დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

2020 წლის 21 ოქტომბერს, ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული ბადრი ესებუა ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და იქ მყოფი პირები, 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელმა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 500 000 დოლარი და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვებისთვის გარანტიები მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. მოლაპარაკებები დაახლოებით შვიდი საათი გაგრძელდა. გვიან ღამით მას გამოსასყიდი თანხა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მაშინდელმა დირექტორმა, ავთანდილ გალდავამ მიუტანა, რის შემდეგაც თავდამსხმელმა ბანკის შენობა მასთან და 3 მძევალთან ერთად დატოვა.

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გამოსასყიდი თანხა, ნახევარი მილიონი დოლარი „საქართველოს ბანკმა“ გადაიხადა.

ბადრი ესებუა ბრალდებულია იძულების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, ასევე, ტერორისტული აქტის და ტერორისტული მიზნით მოქალაქეების მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტებზე. დანაშაულები სასჯელის სახით 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

4 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას, რომელიც პოლიციამ იმავე წლის 12 დეკემბერს დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არსებობდა ვარაუდი, რომ ბიძინა ესებუას მიმალვაში მყოფ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის სხვადასხვა ნივთი უნდა გადაეცა. პოლიციის მიერ მის მიმართ ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება - ვიზუალური კონტროლი. ღონისძიების მიმდინარეობისას ბიძინა ესებუამ მიმალვა სცადა, რა დროსაც ის დააკავეს. 2021 წლის ივლისში ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბიძინა ესებუა დამნაშავედ ცნო ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებაში და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შს მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებდა, რომ ბადრი ესებუას მიმალვაში ძმა დაეხმარა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).