ბათუმის საქალაქო სასამართლოს დასანქცირებულმა მოსამართლემ, ვიქტორ მეტრეველმა ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის დეკანის, მამუკა ჯორბენაძისა და სტუდენტების, ანრი კაკაბაძის, დავით გვიანიძის, გურამ მიქელაძისა და გიორგი დავითაძის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 5 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 6 ხაზარაძე და გახარია: ჩვენს პარტიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შედგა
მოსამართლემ ხუთივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო ჯგუფურ ძალადობაში. პიანისტ ანრი კაკაბაძეს, რომელიც ამ დრომდე წინასწარ პატიმრობაში იყო, 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
სახვითი, სასცენო და კინო-ტელეხელოვნების ფაკულტეტის დეკანს, მამუკა ჯორბენაძეს მოსამართლემ 20 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა. ამ თანხიდან მას 18 ათასი ლარის გადახდა მოუწევს, რადგან ორი თვის განმავლობაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა.
მოსამართლემ სტუდენტებს, გურამ მიქელაძეს, დავით გვიანიძესა და გიორგი დავითაძეს 17-17 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. ეს თანხა, საბოლოო ჯამში, 15-15 ათას ლარამდე შემცირდა.
ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის დეკანი და სტუდენტები, ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ბრალდებით, 2024 წლის 9 დეკემბერს დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 3 დეკემბერს, ბათუმში გამართული საპროტესტო აქციის ფარგლებში, აქციის მონაწილეთა ჯგუფი უნივერსიტეტში შევიდა რექტორის სამუშაო ოთახთან ბანერის გაკვრის მიზნით, აღნიშნულის საშუალება არ მისცა ამავე უნივერსიტეტის ლექტორმა თეა ცაგურიამ, რის გამოც, მამუკა ჯორბენაძემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამასთან, გამოძიების ვერსიით, დეკანი და სტუდენტები უნივერსიტეტის შენობაში ფიზიკურად გაუსწორდნენ თეა ცაგურიას მეუღლეს და მის მეგობარს.
2025 წლის 27 იანვარს, მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დეკანი და სამი სტუდენტი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. მოსამართლემ ანრი კაკაბაძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა იმ საფუძვლით, ის ამავე კატეგორიის დანაშაულისთვის ადრე უკვე იყო გირაოთი გათავისუფლებული.
