აჭარის პოლიციის თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ბრალდებით, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი მამუკა ჯორბენაძე დააკავეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 3 დააკავეს სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ანდრია ლილუაშვილი
- 4 1 ნოემბრიდან საჯარო მოხელეებისთვის შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო იზღუდება
- 5 პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინა
- 6 ჩეჩნეთიდან გაქცეული 23 წლის ქალი სომხეთში გარდაცვლილი იპოვეს
იგივე ბრალდებით დაკავებულები არიან უნივერსიტეტის სტუდენტები - 20 წლის გურამ მიქელაძე, 21 წლის დავით გვიანიძე, 22 წლის გიორგი დავითაძე და 22 წლის ანრი კაკაბაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, ბათუმში გამართული საპროტესტო აქციის ფარგლებში, აქციის მონაწილეთა ჯგუფი ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში შევიდა რექტორის სამუშაო ოთახთან ბანერის გაკვრის მიზნით, აღნიშნულის საშუალება არ მისცა ამავე უნივერსიტეტის ლექტორმა თეა ცაგურიამ, რის გამოც, მამუკა ჯორბენაძემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
„გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ 1978 წელს დაბადებული მ.ჯ. და მისი სტუდენტები მოგვიანებით თ.ც.-ს მეუღლეს - 1975 წელს დაბადებულ ი.დ.-ს და მის მეგობარს - 1977 წელს დაბადებულ ი.ნ. -ს უნივერსიტეტის შენობაში ფიზიკურად გაუსწორდნენ. პოლიციამ ბრალდებულები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა“, - ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულების ადვოკატის, დავით ჯაფარიძის თქმით, ლექტორსა და დეკანს შორის დაპირისპირება თეა ცაგურიას მხრიდან სტუდენტებთან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ აგიტაციას მოჰყვა.
„მან შეამჩნია, რომ ლექტორი აკეთებდა პოლიტიკურ განცხადებებს სტუდენტებთან და შენიშვნა მისცა. საპასუხოდ, თეა ცაგურიამ დაურეკა და გამოიძახა მეუღლე, რომელიც ძველი ბათუმის გამგებელია. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია და თვითმხილველები მეუბნებიან, უნივერსიტეტში თავს დაესხნენ მამუკა ჯორბენაძეს. ეს დაინახეს სტუდენტებმა და მოხდა ჩხუბი“, - ამბობს ადვოკატი.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს და ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ანდა ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
