ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი „ქართული ოცნებიდან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ტიტე აროშიძე გახდა. აკადემიური საბჭოს 11 წევრიდან მას მხარი 10-მა დაუჭირა, ერთი ხმა კი ბათილად ჩაითვალა. საბჭოს წევრებს შორის იყო მისი ძმა, პაატა აროშიძეც.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 2 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 3 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 4 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 5 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 6 გერმანიამ საქართველოში მომიტინგეებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
არჩევნებში სულ ორი კანდიდატი მონაწილეობდა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლორა და ფაუნას“ დამფუძნებელი, ბიოლოგიის დოქტორი არჩილ გუჩმანიძე ამბობდა, რომ კანდიდატად დარეგისტრირების შემდეგ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ემუქრებოდნენ.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი კანდიდატი აკადრეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს. ეს არის ადამიანი, რომელსაც არავითარი შემხებლობა არც მეცნიერებასთან და არც უნივერსიტეტთან არ აქვს. ეს არის ოდიოზური, ანგაჟირებული პარტიული მუშაკი ნულოვანი ციტირებით. ევროპაში ვიქნებით ერთადერთი უნივერსიტეტი, რომელსაც ეყოლება რექტორი ნულოვანი ციტირებით. ეს არის სირცხვილი“, - განაცხადა გუჩმანიძემ კენჭისყრის შემდეგ.
სტუდენტების ნაწილი აროშიძის არჩევას ეწინააღმდეგება. მათი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ბათუმის სახელმწიფო უნივსერისტეტში პროტესტის ჩახშობა და რეპრესიების გატარება ტიტე აროშიძის ხელით სურს.
„ეს არ არის არჩევნები, ეს არის „ქართული ოცნების“ თვითაღიარებული დეპუტატის დასმა უნივერსიტეტში, რათა დაიწყოს რეპრესიები. მათ უნდათ, ტიტე აროშიძის სახით ჩვენს უნივერსიტეტში მოიყვანონ პარტიული მუშაკი, რომელიც გაწმენდს ამ უნივერსიტეტს და ჩაახშობს კრიტიკულ აზრს“, - თქვა ერთ-ერთმა სტუდენტმა, არჩილ ბერიძემ.
მათ, ვინც აროშიძის რექტორად არჩევას ხმაურით აპროტესტებდნენ, სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე და წევრები დაუპირისპირდნენ. უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ „ქართული ოცნების“ პარტაქტივის წარმომადგენლებიც.
ტიტე აროშიძეს აჭარის უმაღლეს საბჭოში, რომლის ლეგიტიმურობას ოპოზიცია არ აღიარებს, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. 2020-2024 წლებში ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, 2018-2020 წლებში კი აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო. აროშიძე ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორია. ეს აკადემიური ხარისხი 2022 წელს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მიანიჭა.