ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე რვა პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ამის შესახებ ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ განაცხადა. დაკავებულები არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც, მათ შორის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 4 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 5 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 6 გერმანიამ საქართველოში მომიტინგეებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის შეურაცხყოფას ან მისი მოთხოვნისადმი დაუმორჩიელებლობას ედავებიან.
„ყველა პირი, რომელიც დაკავებული იქნა პოლიციის მიერ, არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული, 166-ე და 173-ე მუხლებით, ზოგიერთი მხოლოდ 173-ე მუხლით, პოლიციის შეურაცხყოფისა და წინააღმდეგობის გაწევისთვის“, - უთხრა ირაკლი დგებუაძემ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს.
ვიდეოკადრების მიხედვით, პოლიციელებმა ელენე ხოშტარია მაშინ დააკავეს, როდესაც ის აჭარის მთავრობის სახლთან 15 იანვარს დაგეგმილი გაფიცვის შესახებ პლაკატის გაკვრას შეეცადა. იმავე დროს დააკავეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ კიდევ ერთი წევრი - გიორგი კირთაძეც. კირთაძე მოგვიანებით გაათავისუფლეს.
„როგორც განგვიმარტეს, მეც და ალბათ, ელენე ხოშტარიასაც ვერ გადაგვიყვანდნენ იზოლატორში იმიტომ, რომ კანონმდებლობით ამის უფლება არ აქვთ, რადგან იძულებით ვართ არალეგიტიმური პარლამენტის წევრები. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ ვცნობთ, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს იყო ერთადერთი მიზეზი“, - განაცხადა გიორგი კირთაძემ აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, გიგა ლემონჯავას თქმით, ელენე ხოშტარიას ადგილსამყოფელის გარკვევას ხუთი საათის განმავლობაში ცდილობდნენ.
„ახლა გავიგეთ, რომ არის ქობულეთში, პოლიციის სამმართველოს ეზოში და მივდივართ, რომ წამოვიყვანოთ. მას თან არ ჰქონდა ტელეფონი, არ მისცეს დარეკვის საშუალება. ხუთი საათის განმავლობაში ვერ დავადგინეთ სად იყო ადამიანი. ადვოკატი შევიდა ყველგან, სადაც შესაძლებელი იყო, სახალხო დამცველის წარმომადგენელიც შევიდა, არავის უთხრეს ინფორმაცია. ეს იყო გატაცება“, - განაცხადა ლემონჯავამ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულები არიან პარტია „დროას“ წევრი შუშანა მაცაბერიძე, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი ლუკა ნაცვლიშვილი და პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წევრი ელიზბარ ჩხიკვაძე.
გარდა ამისა, გამოცემა „ბათუმელები“ წერს, რომ პოლიციამ მათი ოპერატორი გურამ მურვანიძეც დააკავა.
თბილისის მსგავსად, ბათუმში უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს 28 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში 2028 წლის ბოლომდე არ დააყენებს.
პოლიციამ 11 იანვარს გამართულ აქციაზე 15-მდე ადამიანი დააკავა, მათგან ერთი - ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლი და დირექტორი მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის წესითაა დაკავებული. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.