გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული. როგორც ადვოკატებმა განაცხადეს, მას 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 4 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 5 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 6 მოხელის შეფასება 6 თვეში ერთხელ და ხელფასის 20%-ის დაკავება - რა ცვლილებები მიიღო „ოცნებამ“
პოლიციამ მზია ამაღლობელი ბათუმში, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, კედელზე პლაკატის - წარწერით „იფიცება საქართველო“ - გაკვრის გამო 11 იანვარს, ღამით დააკავა. ორი საათის შემდეგ ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა რამდენიმე წუთში ხელახლა დააკავეს. სამი საათის განმავლობაში ადვოკატებს მასთან არ უშვებდნენ, რაც დაცვის უფლების დარღვევაა.
მზია ამაღლობელისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ. ადვოკატებმა გამთენიისას, პოლიციის შენობიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადეს, რომ საქმის მასალების გაცნობამდე ის დუმილის უფლებით სარგებლობს. იურისტების შეფასებით, მზია ამაღლობელის ქმედებაში არათუ სისხლის სამართლის დანაშაულის, არამედ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებიც კი არ არის.
„ველოდებით მტკიცებულებებს, მასალებს, რაც საქმეში იქნება წარმოდგენილი. თუმცა, მიგვაჩნია, რომ მის ქმედებაში ადმინისტრაციული დარღვევის ნიშნებიც კი არ იყო. ამას ხედავდნენ აქციაზე მყოფი პირებიც და ყველა ამის მოწმე იყო. ფაქტია, რომ მზია ჭყლეტაში მოჰყვა და გაუსაძლის პირობებში იმყოფებოდა. მუხლი ითვალისწინებს ფიზიკურ თავდასხმას, მაგრამ პირიქით, შეგვიძლია, ჩავთვალოთ, რომ ის თავდაცვის რეჟიმშიც კი იმყოფებოდა, რადგან სრულიად მოულოდნელად ატყდა ხმაური, ჭყლეტა და ამ მდგმარეობაში აღმოჩნდა. ჭყლეტის გამო ფეხსაცმელი გასძვრა და ფეხშიშველი შეიყვანეს სამმართველოში“, - თქვა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა თამარ წულუკიძემ.
მზია ამაღლობელი სახალხო დამცველის წარმომადგენელმაც მოინახულა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაკავებულმა მას განუცხადა, რომ მის მიმართ არასათანადო მოპყრობას ჰქონდა ადგილი.
„ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია, პირადი მონაცემები. მასთან გვექნება კომუნიკაცია და შემდგომ უკვე საკუთარი სურვილით შეუძლია გააჟღეროს. ჭყლეტაში მოხვედრის შემდეგ დაზიანების კვალი აქვს და გვინდა იზოლატორში გადაყვანის შემდეგ ექიმმა შეამოწმოს“, - აღნიშნა თამარ წულუკიძემ.
ამასთანავე, მზია ამაღლობელმა სახალხო დამცველის წარმომადგენელს უამბო, რომ როდესაც ჭყლეტაში მოხვდა, ხელზე ტკივილი იგრძნო, რადგან ძლიერად უჭერდნენ.
როგორც „ბათუმელები“ წერს, მან ხელის გათავისუფლების მიზნით, ხელი ძლიერად აიქნია და უნებურად მოარტყა პოლიციელს, რომელიც ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აღმოჩნდა. მზია ამაღლობელი თავად პოლიციის უფროსმა დააკავა.
პროკურატურამ მზია ამაღლობელს ბრალი 48 საათის განმავლობაში უნდა წარუდგინოს, რის შემდეგაც სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს.
11-12 იანვარს, ბათუმში, აქციაზე ათზე მეტი ადამიანი დააკავს. მზია ამაღლობელის გარდა, ყველას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას - პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩიელებლობას ედავებიან.