რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან მდებარე გრაივორონის რაიონის „გაწმენდა“ მიმდინარეობს და ადგილობრივ მცხოვრებლებს მიმართა, ჯერ სახლებში არ დაბრუნდნენ. მანამდე, გუბერნატორმა თქვა, რომ სასაზღვრო რაიონებში „უკრაინის შეიარაღებული ძალების დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფი“ შევიდა, რის გამოც ოლქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 2 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 3 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 4 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
„თავდაცვის სამინისტროსა და ძალოვანი სტრუქტურების მიერ მიმდინარეობს ტერიტორიის გაწმენდა, მაგრამ ჯერ არ ღირს სახლებში დაბრუნება. მივმართავ გრაივორონის რაიონის მცხოვრებლებს, რომლებმაც დროებით დატოვეს სახლები, მადლობა მათ ამისთვის. ჩვენ დაუყოვნებლივ შეგატყობინებთ, როდის იქნება ეს უსაფრთხო“, - განაცხადა გუბერნატორმა.
მისივე თქმით, გუშინ, ევაკუაციიის დროს, 1941 წელს დაბადებული ქალი გარდაიცვალა. როგორც გლადკოვი წერს, ქალი შვილთან და რძალთან ერთად ავტობუსში იყო, გარდაცვალების მიზეზები დგინდება.
„არის ინფორმაცია, რომ იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც მოწინააღმდეგე შემოვიდა, ორი დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქეა. ძალოვნებმა ამ დრომდე ვერ შეძლეს მათთან მისვლა, რაც დილიდან პირველი რიგის ამოცანაა. იმედი მაქვს, რომ მალე შევძლებთ მათ ევაკუირებას და სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას. ამ დროისთვის მშვიდობიან მოსახლეობას შორის დაღუპულები არ არიან. სამართალდამცავი ორგანოები ყველა აუცილებელ ღონისძებას ატარებენ, ველოდებით გუშინ გამოცხადებული კონტრტერორისტული ოპერაციის დასრულებას“, - ამბობს გლადკოვი.
22 მაისს, ბელგოროდის ოლქში შესვლის შესახებ განაცხადა უკრაინის მხარეს მებრძოლმა მოხალისეთა ქვედანაყოფმა „რუსეთის თავისუფლების ლეგიონმა“, რომელიც რუსეთში აკრძალულია და ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული. ლეგიონის მებრძოლების განცხადებით, დასახლებული პუნქტი კოზინკა გაათავისუფლეს, გრაივორონში კი მოწინავე რაზმები შევიდნენ. მათივე თქმით, ოპერაციას „რუსეთის მოხალისეთა კორპუსთან“ ერთად ახორციელებენ. „წინ მივდივართ. რუსეთი თავისუფალი იქნება!“, - ნათქვამი იყო ლეგიონის განცხადებაში.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სამმართველოში დაადასტურეს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ოპოზიციურად განწყობილი რუსეთის მოქალაქეები შევიდნენ, რომლებიც მზად არიან, პუტინის დანაშაულებრივი რეჟიმის წინააღმდეგ შეიარაღებულებმა იბრძოლონ.
„უკრაინა ინტერესით აკვირდება რუსეთის ბელგოროდის ოლქში განვითარებულ მოვლენებს და სწავლობს სიტუაციას, თუმცა, მასთან უშუალოდ არავითარი კავშირი არ აქვს. მოგეხსენებათ, ტანკები რუსეთის ნებისმიერ სამხედრო მაღაზიაში იყიდება, მიწისქვეშა პარტიზანული რაზმები კი მაინც რუსეთის მოქალაქეებისგან შედგებიან“, - დაწერა Twitter-ზე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა აცხადებს, რომ 19-დან 22 მაისამდე ბელგოროდის ოლქში რუს სამხედროებსა და პარტიზანულ დაჯგუფებებს შორის შეტაკებები სულ მცირე სამ ადგილას მოხდა. დაზვერვის ინფორმაციით, ყველაზე სერიოზული შეტაკებები ქალაქ გრაივორონთან იყო. შეტაკებების გამო რუსეთმა რამდენიმე სოფლის ევაკუაცია მოახდინა და იმ რაიონებში, სადაც ბრძოლები მიმდინარეობდა, დამატებითი ძალები გაგზავნა.
„რუსეთი საზღვრისპირა რეგიონებში მზარდი საფრთხის წინაშე დგას, საბრძოლო თვითმფრინავების დაკარგვის, სარკინიგზო ხაზებზე ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებით თავდასხმის და ახლა პირდაპირი პარტიზანული მოქმედებების გამო. თითქმის დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი ამ ინციდენტებს აუცილებლად გამოიყენებს ოფიციალური ნარატივის გასამყარებლად, რომ ის ომის მსხვერპლია“, - აღნიშნავს ბრიტანული დაზვერვა.
რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 23 მაისს, ღამით, ბელგოროდზე თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელდა. გავრცელებული ცნობებით, აფეთქება იყო რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის ბელგოროდის ოლქის სამმართველოს ტერიტორიაზე. დასახლება ბორისოვკაში დრონმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ერთ-ერთ ადმინისტრაციულ შენობაზე ჩამოაგდო. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, გრაივორონში დრონებით შეტევა ორ საცხოვრებელ სახლზე მოხდა.
