ტენდერიდან 4 მლნ ლარის მითვისების საქმეზე ბიჭიკო პაიკიძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

სამშენებლო კომპანია B.P. TRANS-ის მფლობელსა და ვანის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ბიჭიკო პაიკიძეს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. პროკურატურა მას რაჭაში, სტიქიის შედეგად დაზიანებული ცალკეული მონაკვეთების ნაპირდამცავი სამუშაოების განხორციელებისთვის გამოყოფილი 4 184 249 ლარის თაღლითურად დაუფლებას ედავება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ბატონი ბიჭიკო პაიკიძე საზოგადოებისთვის, სავარაუდოდ, ცნობილი პიროვნებაა. მისი უშუალო ჩართულობით ხდებოდა შოვის ტრაგედიის სალიკვიდაციო სამუშაოები. ყველა ტრაგედია, სტიქიები, რაც საქართველოში ხდებოდა ხოლმე, ყველა სალიკვიდიაციო სამუშაოებს ის აკეთებდა. ყველაფერს აკეთებდა მისი ქვეყნის სასარგბელოდ. ბრალთან დაკავშირებით, სანამ საქმის მასალებს არ გავეცნობი, მანამდე პოზიციას ვერ ჩამოვაყალიბებ“, - განაცხადა ადვოკატმა ირმა ჭკადუამ მედიასთან.

ჭკადუას თქმით, არ იცის, სად იმყოფება მისი დაცვის ქვეშ მყოფი, თუმცა, მან საქართველო, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, თურქეთის მიმართულებით დატოვა. 

„გამოძიებას არ ემალება, არ ემალებოდა. საგამოძიებო ორგანოებისთვის ცნობილია, რომ მას ძალიან ხშირად უფიქსირდებოდა საზღვრის კვეთა, რომელიც უკავშირდებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობას, ვინაიდან არაერთხელ აქვს სხვადასხვა ოპერაციული ჩარევა გაკეთებული. ბატონმა პაიკიძემ თურქეთის მიმართულებით დატოვა ქვეყანა, ვინაიდან ის იმყოფებოდა სამკურნალოდ. ამ ეტაპზე სად არის, არ ვიცი. რომც ვიცოდე, მაინც არ გეტყვით“, – აღნიშნა ჭკადუამ.

ადვოკატის განცხადებით, საქმის მასალებში, რასაც ამ დროისთვის გაეცნო, არ ფიგურირებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, პაიკიძის შვილის ნათლია გრიგოლ ლილუაშვილი. სავარაუდოდ, სწორედ ლილუაშვილის ხელშეწყობით, ბიჭიკო პაიკიძის კომპანიები წლების განმავლობაში ათობით მილიონი ლარის სახელმწიფო ტენდერებს იგებდნენ.

დუმილის უფლებას იყენებს კომპანია B.P. TRANS-ის დირექტორი ვალერიან კვარაცხელია. მისი ადვოკატის, თეონა გვაზავას განცხადებით, კვარაცხელია საგამოძიებო ორგანოში აქამდე არაერთხელაა გამოკითხული და „თითქმის ყველა დოკუმენტი, რომელსაც ეფუძნება გამოძიება, რომელზეც შედგენილია ექსპერტიზის დასკვნა“, მის მიერ არის წარდგენილი.

პროკურატურამ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მხრიდან თაღლითობაში დახმარების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის დამზადება-გამოყენების მუხლებით ბრალი სულ 6 პირს წარუდგინა.

საქმის მასალების მიხევით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით, სახელმწიფო ტენდერის შესრულების პროცესში, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მონაკვეთისა და ონის მუნიციპალიტეტის არეალში სტიქიის შედეგად დაზიანებული ცალკეული მონაკვეთების ნაპირდამცავი სამუშაოების განხორციელებისას, შპს B.P. TRANS-ის 100% წილის მფლობელი პირი - ბიჭიკო პაიკიძე, ამავე კომპანიის დირექტორის, ვალერიან კვარაცხელიას და კომპანიის თანამშრომლის დახმარებით, აგრეთვე ტენდერის შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი საზოგადოების მენეჯერების დახმარებით, მათთან ერთად ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის შედგენა-გამოყენების გზით, მოტყუებით დაეუფლა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ თანხას - 4 184 249 ლარს.

ბიჭიკო პაიკიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებას და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების შედგენა-გამოყენებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ვალერიან კვარაცხელიას და კომპანიის თანამშრომელს, აგრეთვე ტენდერის შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი საზოგადოების მენეჯერებს 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, ასევე, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას ედავება.  იგულისხმება დიდი ოდენობით თანხის თაღლითობით დაუფლებაში დახმარება და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა შესაძლო პირების დადგენის მიზნით, საქმეზე გამოძიება გრძელდება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.