ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც ციხეში მე-9 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
კლინიკაში გადაყვანამდე პატიმარი ადვოკატმა ეკა ბესელიამ მოინახულა. მისი თქმით, გიორგი ჩიკვაიძის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.
„ეტლით გადაადგილდება და დამოუკიდებლად სიარული არ შეუძლია, ამბობს, ნაბიჯის გადადგმის შეგრძნებაც არ მაქვსო. ვიზიუალურადაც ეტყობა. თავიდან ძალიან უჭირდა საუბარი, ნელ-ნელა მოიკრიბა ძალა“, - განაცხადა ბესელიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
ადვოკატის თქმით, ჩიკვაიძე შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს და ითხოვს, წარმოუდგინონ „თუდაც ერთი მტკიცებულება“, რატომ შეუცვალეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით.
„ამბობს, თუ ერთ მტკიცებულებას მაინც მომიტანენ, რომ ვაპირებდი ქვეყნის დატოვებას ან დავარღვიე შეფარდებული ზომა, მზად ვარ შიმშილობა შევწყვიტოო. ახლა ის ელოდება გამამტყუნებელ განაჩენს“, - აღნიშნა ბესელიამ.
გიორგი ჩიკვაიძე და მისი ბიზნესპარტნიორი ირაკლი პაპიაშვილი ბრალდებულები არიან წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში, რამაც 1 155 019 ლარის ზიანი გამოიწვია.
11 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიება - 50 000 ლარის ოდენობით გირაო პატიმრობით შეუცვალა. ბიზნესმენი სასამართლო სხდომათა დარბაზშივე დააპატიმრეს. მეორე დღეს მან შიმშილობა გამოაცხადა.
გიორგი ჩიკვაიძეს, რომელიც იახტების ბიზნესში იყო ჩართული და წლების განმავლობაში „ქართულ ოცნებას“ უჭერდა მხარს, პროკურატურამ ბრალი 2024 წლის ივლისში წარუდგინა. ბიზნესმენი თავს დამნაშავედ არ ცნობს და ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
