ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ პარიზში შეხვედრისას საქართველოს შესახებაც ისაუბრეს. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ბლინკენმა თქვა, რომ აშშ-ის, საფრანგეთის და ბევრი სხვა ქვეყნის მიზანი საქართველოსთან მიმართებაში ერთიანია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთი კვლავ უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და ნეიტრალურ სტატუსს ითხოვს
- 2 როგორ დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა - პროკურატურამ 5 პირს ბრალი წარუდგინა
- 3 „ქართულმა ოცნებამ“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა
- 4 სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში: „ტიტუშკები“, თავდასხმები მედიაზე და დაუსჯელობა
- 5 მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლების აღიარება საქმედ იქცეს – ზახაროვა აგვისტოს ომზე
- 6 კიევზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
„ის, რასაც როგორც საფრანგეთი, ისე ამერიკის შეერთებული შტატები ვხედავთ, დემოკრატიული უკან დახევაა, რაც ღრმად შემაშფოთებელია. ეს არა მხოლოდ დემოკრატიული უკანდახევაა, არამედ არის უკან დახევა ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებისგან, მისწრაფებისგან ააშენო მომავალი, რომელიც უფრო და უფრო ახლოსაა ევროპასთან.
ასე რომ, დავინახეთ რა ეს უკან დახევა, მთავრობა, რომელიც მოქმედებს იმ ხალხის აშკარად გამოხატული ნების საწინააღმდეგოდ, რომლის წარმომადგენლობის პრეტენზიაც აქვს, ვიხილეთ რა არჩევნები, რომელმაც მრავალი კითხვა გააჩინა, ხელისუფლების რეპრესიული ქმედებები ადამიანების მიმართ, რომლებიც ცდილობენ თავისუფლად და ღიად ისაუბრონ, ჩვენ და ჩვენმა პარტნიორებმა ზომები მივიღეთ“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
ენტონი ბლინკენის თქმით, აშშ-მა დაასანქცირა პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, ასევე, საქართველოს მთავრობას ამერიკული დახმარება შეუჩერა.
„ეუთოში თითქმის ყველა ჩვენს პარტნიორთან, მათ შორის საფრანგეთთან ერთად, ეუთოს მეშვეობით ავამოქმედეთ ვენის მექანიზმი, რათა ნათლად განვმარტოთ, რომ გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის კანონმდებლობა, რომელიც არსებითად ზღუდავს სივრცეს გამოხატვის და სამოქალაქო საზოგადოების მოქმედების თავისუფლებისთვის, უნდა შეიცვალოს.
ასე რომ, ვფიქრობ, თქვენ ხედავთ მიზნის მკაფიო ერთიანობას, როდესაც საქმე ეხება შეერთებულ შტატებს, საფრანგეთს, ბევრ სხვა ქვეყანას, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების ძალიან სამწუხარო ქმედებების წინაშე აღმოვჩნდით“, - განაცხადა ბლინკენმა.
27 დეკემბერს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა „რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავალთვის ძირის გამოთხრის გამო“. სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) ივანიშვილი სპეციალურად დასანქცირებული მოქალაქეების და ბლოკირებული პირების სიაში (SDN List) დაამატა.
ივანიშვილის გარდა აშშ-ს დასანქცირებული ჰყავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, ასევე, შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ხარაზიშვილი [„ხარება“] და მისი მოადგილეები - მირზა კეზევაძე და მილერი ლაგაზაური.
