გერმანიის ბუნდესტაგის ოთხი საპარლამენტო ჯგუფის საგარეო საქმეთა სპიკერები ერთობლივი განცხადებით გმობენ პარტია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, „შეწყვიტოს ძალისხმევა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად, საკუთარი საარჩევნო კამპანიის დაპირებების საწინააღმდეგოდ“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
„ეს წარმოადგენს გადახვევას საქართველოს ყველა წინა მთავრობის პოლიტიკიდან და ევროკავშირში ინტეგრაციისკენ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებებიდან“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
როგორც გერმანელი პარლამენტარები აღნიშნავენ, 2023 წლის დეკემბერში საქართველოს „ქართველების მიერ დიდი ხნის ნანატრი“ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა, თუმცა, იმის ნაცვლად, რომ „ქართულ ოცნებას“ ეს ისტორიული შესაძლებლობა გამოეყენებინა, მან „აირჩია მზარდი ავტორიტარული და ანტიევროპული კურსი“.
განცხადებაში ნათქვამია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებელი დამკვირვებლების მხრიდან იყო არაერთი მინიშნება სერიოზულ საარჩევნო ჩარევასა და მანიპულაციაზე.
„საქართველოში საპროტესტო აქციები უკვე კრიტიკულ წერტილამდეა. პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. რამდენიმე ასეული ადამიანი დააკავეს, მათი უმეტესობა უსაფრთხოების ძალების მხრიდან ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ საუბრობს. არსებობს ძალაუფლების მქონე პირების მხრიდან რეპრესიების გაზრდის საფრთხე“, - ბუნდესტაგის წევრები გმობენ ძალადობას საპროტესტო აქციების მონაწილეებზე და მიიჩნევენ, რომ ძალადობის ყველა აქტი გამოძიებული უნდა იყოს.
„ფედერალური მთავრობა სამართლიანად უჭერს მხარს ევროკავშირის დონეზე მიზნობრივ სანქციებს იმ პირების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებლები არიან მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაზე.
9 ძირითად პასუხისმგებელ პირზე უკვე დაწესებულია ეროვნული აკრძალვა [გერმანიაში] შემოსვლაზე. ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ ორმხრივი თანამშრომლობა გადაიხედა და რომ მხარდაჭერის მრავალი ღონისძიება უკვე შეჩერდა ან აღარ დამტკიცდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ბუნდესტაგის წევრები ადასტურებენ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი მხარდაჭერას და აღნიშნავენ, რომ გააგრძელებენ სამოქალაქო საზოგადოების დახმარებას „დემოკრატიულ და ევროპულ გზაზე ქვეყნის დაბრუნებაში“.
„ახლა საჭიროა პლურალისტური პროცესი დემოკრატიული პრინციპების აღდგენისა და კონსოლიდაციის მიზნით, რის შედეგადად შეიძლება შედგეს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები“, - წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ (SPD), „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ (CDU) და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ (CSU) გაერთიანების, „თავისუფალი დემოკრატიული პარტიის“ (FDP) და „ალიანსი 90/მწვანეების“ ჯგუფების საგარეო პოლიტიკის სპიკერები. მე-20 მოწვევის ბუნდესტაგში აღნიშნულ ჯგუფებს უმრავლესობა (733 მანდატიდან 610) აქვთ.
