„ჩანასახშივე განწირული მანიპულაციები“ - იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილზე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ფოტო © REUTERS/ირაკლი გედენიძე

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, საქართველოსთვის ზიანის მიყენებაზე ორიენტირებულმა რადიკალებმა ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობები განაახლეს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ამჟამინდელი, ტყუილზე დაფუძნებული კამპანიის მიზანია მსჯავრდებულის თავისუფლების უკანონოდ მოპოვება, მათ შორის, სახელმწიფოს ინტერესების დაზიანების ხარჯზე“, - თქვა ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მსჯავრდებული სააკაშვილი არ ემორჩილება ექიმების რეკომენდაციებს და თვითდაზიანებას აგრძელებს.

„მსჯავრდებულის გამოჯანმრთელებით გულწრფელად დაინტერესებულ ადამიანებს და თავად მსჯავრდებულსაც მოვუწოდებთ, ჩანასახშივე განწირული მანიპულაციების ნაცვლად შეასრულოს ექიმების რეკომენდაციები და მიიღოს იმ რაოდენობის და იმ სახეობის საკვები, რასაც ეუბნებიან ექიმები“, - აღნიშნა მინისტრმა.

რატი ბრეგაძის თქმით, მისთვის „სრულიად მიუღებელია“ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გუშინდელი განცხადება.

„არ არის მოყვანილი არცერთი მტკიცებულება და როდესაც საუბარია, თითქოს საქართველოში ვინმეს აწამებენ, ბუნებრივია, ამ ყველაფერს ვერასდროს დავეთანხმები. თუკი ამ რეგიონში სადმე არის ადამიანის უფლებები დაცული, განსაკუთრებით პენიტენციურ დაწესებულებებში, აქ ლიდერი არის ნამდვილად საქართველო. ძალიან საინტერესო იქნება, რას ფიქრობს ჩვენი ძვირფასი საზოგადოება იმის თაობაზე, თუ რა არის წამება. ის, რომ ადამიანს ესაჭიროება მკურნალობა და არის ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში, ვთავაზობთ საკვების მიღებას, მუდმივ რეჟიმში მოვუწოდებთ, რომ მიიღოს ექიმებისგან შესაბამისი მკურნალობა და საკვები, ეს არის წამება? თუ ის არის წამება, 2300-მდე ვიზიტორი რომ ჰყავდა? თუ ის არის, რომ მისი სახელმწიფოს საელჩოს წარმომადგენლები რეგულარულად ნახულობენ? ადრეც იყო მსგავსი განცხადება და იმაზეც გვქონდა ანალოგიური რეაქცია. ბუნებრივია, ვინც არ უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პოლიტიკური თანამდებობის პირი და რომელი სახელმწიფოს წარმომადგენელი, ჩვენ, ჩვენს სახელმწიფოს გვაქვს ჩვენი ღირსება, ზუსტად ვიცით, რომ განუხრელად ვიცავთ ადამიანის უფლებებს, მათ შორის ძალიან მაღალ დონეზე პენიტენციურ დაწესებულებებში და ვერავისგან მივიღებთ მსგავსი ტიპის განცხადებას“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ „ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება ხდება ექიმების მიერ, გამოკვლევების შემდგომ და არა ტელევიზორში დანახული გამოსახულებით“.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი, თებერვლის შემდეგ პირველად, საკუთარ სასამართლო პროცესზე 3 ივლისს გამოჩნდა. ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე ის კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩაერთო. ვიდეო კადრებიდან ჩანს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

დღის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი სააკაშვილს საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს. ზელენსკიმ მოითხოვა, რომ უკრაინაში საქართველოს ელჩმა 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, თბილისში მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციები გამართოს.

„ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეწყვიტოს ეს შეურაცხყოფა და დათანხმდეს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას. მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, მოაგვარონ ეს ვითარება, არ მოახდინონ იგნორირება და გადაარჩინონ ეს ადამიანი. ევროპაში არცერთ მთავრობას არ აქვს ადამიანის სიკვდილით დასჯის უფლება, სიცოცხლე არის ძირითადი ევროპული ღირებულება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

სააკაშვილი 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს, თბილისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს დააკავეს. ის დამნაშავედ ცნობილია და ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების შეწყალების საქმეებზე. სააკაშვილი ასევე ბრალდებულია საზღვრის უკანონო კვეთის, ტელეკომპანია „იმედის“, 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე. მესამე პრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს, ამბობს, რომ პოლიტიკურად იდევნება და პუტინის ტყვეა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.