„მინდა, მივმართო ქართულ საზოგადოებას. ჩემი შვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის რეფორმათა ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე სიკვდილის პირასაა. კლინიკის ექიმები სასოწარკვეთილებაში არიან. ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი, ხელისუფლებას, ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას. როდესაც პროცესი შედგება, ვთხოვ ყველა არაგულგრილ ადამიანს მოვიდეს სასამართლოსთან და მშვიდობიანად, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, გამოხატოს პოზიცია ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. არასოდეს ცხოვრებაში არ მომიმართავს ასეთი მოწოდებით, მაგრამ ახლა ძალიან მძიმე მომენტი დამიდგა და ყველას სოლიდარობის და სულგრძელობის იმედი მაქვს“, – მიმართავს პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია საზოგადოებას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების ან გადავადების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა პარასკევს, 9 დეკემბერს, 13:00 საათზე გაიმართება. საქმეს მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.
ადვოკატებმა ამ მოთხოვნით სასამართლოს მას შემდეგ მიმართეს, რაც ცენტრმა „ემპათიამ“ ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, დაპატიმრების წინ პაციენტი იყო პრაქტიკულად ჯანმრთელი, ამჟამად კი მოსალოდნელია კომა და სიკვდილი.
7 დეკემბერს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალი დასკვნა გამოაქვეყნა სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმაც. დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია და ფასდება როგორც მძიმე. „სამწუხაროდ, განვითარდა ექსპერტთა ჯგუფის მიერ არაერთხელ პროგნოზირებული ანორექსიის სიცოცხლისათვის საშიშ კახექსიაში გადასვლა და ამჟამად, პაციენტი იმყოფება აქტიური კატაბოლიზმის (თვითმონელების და ქსოვილების განლევის) ფაზაში, რასაც ადასტურებს ძალიან აჩქარებული წონის კლება - სექტემბრიდან წონა ჩამოვიდა 98 კგ-დან ამჟამინდელ 73.6 კგ-მდე“, - ნათქვამია დასკვნაში.
სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას შეფასებით, სააკაშვილს სულ მცირე სასჯელის გადავადება ეკუთვნის და ის „სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას“ წარადგენს.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ილია ლომია ამბობს, რომ სააკაშვილს ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე დასწრების სურვილი აქვს: „მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას დიდი სურვილი აქვს დაესწროს ხვალინდელ სასამართლო განხილვას. პენიტენციური სამსახური ალბათ სპეციალური საშუალებებით უზრუნველყოფს მის გადაყვანას. იგულისხმება ეტლი, საკაცე და ნებისმიერი სხვა“.
9 დეკემბერს, სააკაშვილის პროცესის დროს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის მხარდასაჭერად აქციას გამართავს.
1-ელ დეკემბერს, მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მიზანი ქვეყნის არევაა: „400 დღის განმავლობაში აცხადებენ, რომ ყოველდღიურად რეგრესირებს პატიმარი, წარმოუდგენელია ეს ყველაფერი.
ჩვენ გვთხოვენ პოლიტიკურად ამ გადაწყვეტილების მიღებას, სააკაშვილის გათავისუფლებას იმისთვის, რომ ქვეყანა არიონ, ასეთ გადაწყვეტილებას ჩვენ ვერ მივიღებთ“.
სააკაშვილი საქართველოში ერთი წლის წინ დაბრუნდა და 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, თბილისში დააკავეს. სააკაშვილი დამნაშავედ ცნობილია და ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების შეწყალების საქმეებზე. სააკაშვილი ასევე ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“, 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, რაც „ემპათიის“ დასკვნის თანახმად, ციხეში არაადამიანურ მოპყრობას უკავშირდება, მიხეილ სააკაშვილი 12 მაისიდან პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორ კლინიკა „ვივამედშია“ მოთავსებული.