„ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის საფრთხე იქნება“ - სუხიშვილები რუსულ კანონზე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ნინო და ილიკო სუხიშვილები, რომლებიც ანსამბლთან ერთად ხორვატიაში იმყოფებიან, „ქართული ოცნების“ მიერ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას გამოეხმაურნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ რუსული კანონის მიღება საქართველოს ევროპისგან დააშორებს.  

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი პირველი საგარეო მტერი არის რუსეთი და ზუსტად ის უცხოური ძალა არის რუსეთი თავისი აგრესიით“, - განაცხადა „სუხიშვილების“ დირექტორმა, ნინო სუხიშვილმა.

როგორც ის ამბობს, ძალიან გასაკვირია, რატომ მოითხოვს საქართველოს ხელისუფლება „დაჟინებით“ იმ კანონპროექტის მიღებას, რომელიც ზუსტად ერთი წლის წინ საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტის შედეგად ჩავარდა.

„გასაკვირია რომ წელს ისევ წარმოიშვა ამ კანონპროექტის გატარების იდეა, რომელშიც არაფერი არ არის შეცვლილი ერთი სიტყვის გარდა. აგენტია მხოლოდ ამოღებული, თორემ პრინციპში, იგივეა აბსოლუტურად და ის ორგანიზაციები, რომლებიც მოექცევიან ამ კანონპროექტის ქვეშ, არ მიმაჩნია, რომ ისინი არიან უცხო ძალების და უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებლები. პირიქით, ზუსტად ისინი არიან, ვინც იცავენ საქართველოს დემოკრატიულ გზას, სიტყვის თავისუფლებას და კრიტიკული აზრის დამკვიდრებას ჩვენს საზოგადოებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ დემოკრატიისთვის, რომლისთვისაც ჩვენ ვიღვწვით.  

ჩვენ ახლა ვიმყოფებით საზღვარგარეთ, ევროპის ქვეყნებში ვმოგზაურობთ, ზუსტად იმ ქვეყენებში, რომლებიც ჩვენი მოკავშირეები, მეგობრები არიან და არავითარი უცხო ძალა. ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის საფრთხე იქნება, რადგანაც ჩვენ გვინდა მშვიდობა, უსაფრთხოება და ევროპული მომავალი. ვშიშობ, რომ ეს კანონი ჩვენს მეგობარ ქვეყნებს აზრს შეუცვლის ჩვენს ქვეყანაზე“,- განაცხადა ნინო სუხიშვილმა.

ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში კომენტარი ილიკო სუხიშვილმაც გააკეთა. მისი თქმით, დასავლეთში ახლა საქართველოს უყურებენ როგორც ქვეყანას, რომელიც ყველა ღონეს ხმარობს ხაზი გადაუსვას ევროპულ პერსპექტივას.

„არ მგონია, ეს ლამაზად ჩანდეს. ყოველ ჯერზე, როცა ასეთი საფრთხის წინაშე ვდგებით, ჩვენ ფაქტობრივად გვიმეორდება 9 აპრილი და ვერ გამოვედი აქედან, იმ საბჭოთა რეჟიმიდან მოყოლებული ამდენი თაობა, დღევანდელი რეჟიმი, რომელიც აი, ამ თავისი ფორმატით არანაკლებ საშინელია, ვშორდებით იმ თავისუფლების პერსპექტივას. ეს მართლა არ მესმის. არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები. მე იმედი მაქვს, რომ სამყარო გვიყურებს, როგორც ჩვენი ხალხის ნებას. ჩვენ თვის ბოლოს ჩამოვდივართ. იმედია, მანამდე დავაღწევთ რუსეთს თავს“, - აღნიშნა ილიკო სუხიშვილმა.

„ქართული ოცნება“ აპირებს, პარლამენტმა მიმდინარე სესიის ბოლომდე სამივე მოსმენით მიიღოს ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ რუსული კანონი, რომელზეც უარი 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო ზეწოლის გამო თქვა. კანონპროექტის ტექსტი იგივეა - მხოლოდ „უცხოური გავლენის აგენტი“ შეიცვალა ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას მხარს უჭერს პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. მას აკრიტიკებენ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი, ასევე, გაერო და ნატო. სტრატეგიული პარტნიორები მიიჩნევენ, რომ ასეთი კანონი საქართველოს ევროპული გზიდან გადაიყვანს, უარყოფითად იმოქმედებს დამოუკიდბელი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების მუშაობაზე.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).