შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარიამ იაშვილი დააკავა. ის ორი დღის წინ, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული სამხედრო ბლოგერის, უჩა აბაშიძის ცოლია. 9 მაისს, აბაშიძის სახლში ჩხრეკა და საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათი ისე მიმდინარეობდა, რომ ადვოკატები არ შეუშვეს, რაც დაცვის უფლების დარღვევაა. უჩა აბაშიძეს დღეს ბრალი პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება-შენახვის მუხლითაც წარუდგინეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ვინდაინ საქმე ეხება პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს და ჩანაწერებს, ზოგადად ამ თემას, ადვოკატები გაფრთხილებულები ვართ გაუთქმელობასთან დაკავშირებით და შესაბამის დოკუმენტზეც გვაქვს ხელი მოწერილი. ასეც რომ არ იყოს, გეუბნებით უჩა აბაშიძის პოზიციას - ამ ეტაპზე, ეს ადვოკატების ბოლო კომუნიკაციაა მედიასთან. საქმე სენსიტიურია, მნიშვნელოვანი და აქედან გამომდინარე, დაცვის სტრატეგიაც მოიცავს იმას, რომ მედიასთან კომუნიკაცია ამ ეტაპზე არ არგებს მის ინტერესებს“, - თქვა ადვოკატმა გიორგი მახარაძემ ჟურნალისტებთან.
მარიამ იაშვილი დღეს დააკავეს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა პირების პირადი ცხოვრების საიდუმლო, კერძოდ, ინტიმური კავშირის ამსახველი მასალები უკანონოდ მოიპოვეს და შეინახეს.
„მარიამ იაშვილის საცხოვრებელი ბინა აღჭურვილ იქნა შენიღბული ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობებით, რომელიც მუდმივ რეჟიმში ფარულად უზრუნველყოფდა ამ უკანასკნელის სხვადასხვა პირებთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერას. ჩამწერი მოწყობილობები დამონტაჟებული იყო საცხოვრებელი ბინის ოთახის სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის, საყოფაცხოვრებო ნივთებსა და ტექნიკაში. ამასთანავე, მარიამ იაშვილს საკონტაქტო მონაცემები განთავსებული ჰქონდა იმ ინტერნეტ ვებ-გვერდებზე, სადაც სექსუალური მომსახურების შეთავაზება ხდება. მას შემდეგ, რაც კონკრეტულ პირთან მოხდებოდა შეთანხმება, ან შეხვედრა და იგი მივიდოდა ხსენებულ ბინაში, მისგან მალულად ბრალდებულები სპეციალურად დამონტაჟებული მოწყობილობების საშუალებით, სისტემატურად უკანონოდ იღებდნენ და ინახავდნენ ინტიმური კავშირის ამსახველ ჩანაწერებს“, - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.
უჩა აბაშიძესა და მარიამ იაშვილს ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებას და მათ კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში შენახვას ედავებიან.
„ინტიმური შინაარსის მქონე მასალების შემცველი ფაილების შესწავლის საფუძველზე დადგენილია, რომ მათზე აღბეჭდილნი არიან როგორც საქართველოს, ასევე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები. აღსანიშნავია, რომ ზემოთხსენებულ ჩანაწერებში ფიგურირებენ საზოგადოებისათვის ცნობილი პირებიც, რომელთა გადაღებაც ხორციელდებოდა უკანონოდ, მათი ნებართვის გარეშე და შესაბამისად, ხდებოდა მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა“, - აღნიშნა კუპატაძემ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, უჩა აბაშიძისა და მარიამ იაშვილის ბინებში ჩხრეკა 4 მაისს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ვებ-გვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ უჩა აბაშიძის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოიღო მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა, ფოტოაპარატი, გარე მეხსიერების ბარათები, ე.წ. „ვინჩესტერები“, ასევე, ვიდეორეგისტრატორი, დრონები, ვიდეო სამეთვალყურეო კამერები, მეხსიერების ბარათები, ხმის ჩამწერი მოწყობილობა, ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობა, ოპტიკა და ა.შ.
სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ აბაშიძის ბინიდან ამოიღებულია ცეცხლსასროლი იარაღები და სხვადასხვა სპეციალური საშუალებები და სამხედრო დანიშნულების ვაზნები, რომლებსაც დაკავებული უკანონოდ ინახავდა.
ოჯახის ინფორმაციით, ყველა იარაღი სათამაშოა, გარდა ორისა, რომელიც უჩა აბაშიძეს ოფიციალურად აქვს გაფორმებული. შსს-ში დღეს განაცხადეს, რომ ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული იარაღები და ვაზნები განეკუთვნება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.
რაც შეეხება უჩა აბაშიძის მეუღლეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მარიამ იაშვილის ბინიდან პოლიციამ სხვადასხვა სახის კომპიუტერული და ტექნიკური მოწყობილობები, ასევე მეხსიერების ბარათები ამოიღო.
უჩა აბაშიძის დაკავებას ოჯახის წევრები, მათ შორის, მარიამ იაშვილი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში მის აქტიურ მონაწილეობას უკავშირებდნენ. დროებითი მოთავსების იზოლატორში აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ, სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის პოლიციის მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მიუთითებდა.