ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ დამფუძნებელს, 19 წლის ზვიად ცეცხლაძეს და პოლიციის მიერ დაკავებულ კიდევ შვიდ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 6 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
პროკურატურა ზვიად ცეცხლაძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამავე ბრალდებით არიან დაკავებულები კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრები, 53 წლის ვეფხია კასრაძე და 50 წლის ვასილ კაძელაშვილი.
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედებათ ბრალად 25 წლის თორნიკე გოშაძეს, 20 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილს, 34 წლის ინსაფ ალიევს, 19 წლის ირაკლი მიმინოშვილსა და 20 წლის გიორგი გიორგაძეს. დანაშაული 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა რვავე ბრალდებული 4-5 დეკემბერს დააკავა.
პროკურატურის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ბრალდებულებმა დააორგანიზეს და მონაწილეობა მიიღეს ჯგუფურ ძალადობაში, რის შედეგადაც ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო არაერთმა პირმა, დაზიანდა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების ქონება, თბილისის მერიის ბალანსზე არსებული ინფრასტრუქტურა.
„ის, რაც ბრალის დადგენილებაშია, აბსოლუტურად შეთხზულია და ისეთი აქცენტებია, რომ გაოგნდებით - „შეიარაღებული თავდასხმა“, „აფეთქებების ორგანიზება“. 19 წლის არის ეს ბიჭი, ალბათ, ბინ ლადენსაც შეშურდებოდა ისეთი ბრალდება წაუყენეს. ეს არ არის სამართლებრივი პროცესი, ეს არის პოლიტიკური პროცესი. შესაბამისად, პოლიტიკური პროცესები როგორც წავა ქვეყანაში, ისე დასრულდება მისი პატიმრობის ან გათავისუფლების საკითხი“, - უთხრა ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ ჟურნალისტებს.
პოლიციას მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების საქმეზე 16 ადამიანი ჰყავს დაკავებული. მათ შორის არიან მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე და იუმორისტი ონისე ცხადაძე. დანარჩენი ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია.
