ბალდის მცხოვრებლებს, რომლებიც უკვე ორი წელია ბალდის კანიონის გასხვისებას აპროტესტებენ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ახალი თავმჯდომარე ბესიკ ამირანაშვილი საჯაროდ არ შეხვდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 5 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 6 ტაილანდელი იუთუბერი საქართველოში გარდაცვლილი იპოვეს
პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნაა 29 ნოემბერს, როდესაც „კანიონი 350“-ს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, ვალერიან მჭედლიძისა და რუსეთში საქართველოს ფაქტობრივი ელჩის, მამუკა მერკვილაძის კომპანიას, ბალდის პროექტის ჩაბარების ვადა ამოეწურება, ხელშეკრულების ვადა აღარ გაუგრძელდეს.
როგორც პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ, ცოტნე თვარაძემ განაცხადა, ორი კვირის წინ ბესიკ ამირანაშვილთან შეხვედრის მოთხოვნით დაცული ტერიტორიების სააგენტოს წერილი გაუგზავნეს. მას შემდეგ, რაც მათი მიმართვა უპასუხოდ დარჩა, თბილისში ჩამოსვლა და ამირანაშვილთან შესახვედრად სააგენტოში მისვლა გადაწყვიტეს.
დღეს, 13 ნოემბერს, ბალდის კანიონის მცველებს საჯარო შეხვედრაზე უარი უთხრეს. მათ სამ წარმომადგენელს დახურულ ფორმატში, ნახევარსაათიანი შეხვედრა შეთავაზეს.
„არ ვიცით, რა არის დასამალი და რატომ გაურბიან საჯარო შეხვედრას ან კამერებს. ერთადერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ კვლავ აპირებენ, კორუფციას დააფარონ ხელი და თანამდდებობაზე ახლი კადრების დანიშვნა არაფერს ცვლის.
ორი კვირით ადრე გამოვგზავნეთ წერილი შეხვედრის მოთხოვნით, ორი დღე ველოდით აქ, მშვიდობიანად. გვითხრეს, რომ შეგვხვდებოდნენ, მერე უარი გვითხრეს. დღეს მესამედ მოვედით, რომ შეხვედრა მოგვეთხოვა - არც გზა ჩაგვიკეტავს შიგნით, არც არაფერი. დაცვის თანამშრომელმა დაიწყო ხმამაღალი საუბარი და არაკანონიერი მოთხოვნების წამოყენება. პოლიციასაც კი გამოუძახეს, მაგრამ არ ვიცით რისთვის სჭირდებათ, რადგან ჩვენ 750 დღეზე მეტია მშვიდიანად ვცდილობთ ჩვენი უფლებების და ბუნების დაცვას.
საბოლოო ჯამში, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის მიუღებელია ხალხთან საუბარი და საჯარო შეხვედრები. ისინი კვლავ ცდილობენ დახურილ კარს მიღმა აკეთონ ის საქმეები, რასაც მათი წინამორბედები აკეთებდნენ. შესაბამისად, ჩვენ ვეცდებით ზემდგომ ორგანოებთან მოვახერხოთ კომუნიკაციის დამყარება“, - განაცხადა ცოტნე თვარაძემ.
დაცული ტერიტორიების სააგენტომ განაცხადა, რომ „მიუღებლად მიიჩნევს ულტიმატუმების ენით კომუნიკაციას და კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, იმუშაოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან პროფესიულ, საქმეზე ორიენტირებულ ფორმატში.“ ამასთან, სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „იმ საკითხებზე, რომლებიც სადავოა, გადაწყვეტილებას კანონით განსაზღვრული წესით მხოლოდ სასამართლო იღებს“.
16 ოქტომბერს, სენაკის რაიონულმა სასამართლომ ძალაში დატოვა დაცული ტერიტორიების სააგენტოს გადაწყვეტილება, რომლითაც ბალდის კანიონი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების კომპანიას 40 წლით გადაეცა.
