პროევროპული აქციების დროს დაკავებულმა 20 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილმა, რომელიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, მე-4 დღეა, შიმშილობა განაახლა. ამის შესახებ ის წერს 4 თებერვლით დათარიღებულ წერილში, რომელიც ადვოკატმა ელგუჯა ავსაჯანიშვილმა დღეს გაავრცელა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 4 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 5 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
„მე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, სრულ დაუმორჩილებლობას ვაცხადებ არალეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ. ვგმობ ძალადობას სტუდენტებზე, ჟურნალისტებზე, ქალებზე და ქართველ ხალხზე. ვშიმშილობდი არაადამიანურ პირობებში (ჯანმრთელობის მდგომარეობა დამიმძიმდა, მომიწია ისევ დაბრუნება). საბოლოოდ მოვედი სრულ მზადყოფნაში და ისევ დავიწყე შიმშილობა.
ყველა მოშიმშილეს და რეჟიმის ტყვეს ვუცხადებ სოლიდარობას. განა რამდენს დაგვიჭერენ?! არ ვიცი, რამდენად შევძლებ დაუმორჩილებლობას აქედან, მაგრამ ვეცდები (შიმშილობით მაინც).
[...] ჩემი პასუხია „შეტევაზე - შეტევით“. არცერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან. დავეხმაროთ ერთმანეთს და ბოლოს გავიმარჯვებთ, ეს რეჟიმი ჩამოინგრევა, ჩვენც გამოვალთ და სამართალი იზეიმებს.
მინდა თხოვნით მოგიწოდოთ სრული დაუმორჩილებლობისა და არ დანებებისკენ. გავიმარჯვებთ სახელოვნად“, - წერს პატიმარი.
მანამდე, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა 5 დღე იშიმშილა „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ უკანონოდ დაპატიმრებული ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად. მისი ინტერესების დამცველის ინფორმაციით, პირველი შიმშილობის დროს, მან 16 კილოგრამი დაიკლო და ორჯერ დაკარგა გონება.
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნიკოლოზ ჯავახიშვილი 5 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ჯგუფურ ძალადობაში ედება, რაც ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნიკოლოზ ჯავახიშვილის საქმესთან ერთად განიხილება პროევროპული აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის და თორნიკე გოშაძის სისხლის სამართლის საქმეები.
