ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, „ღრმად დესტრუქციულია“ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომლის მიხედვითაც, აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებაზე „საუბარი ვერ იქნება“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 3 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 4 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
- 5 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 6 ახობაძის ადვოკატი: ექსპერტმა დაადასტურა, რომ ნარკოტიკის შესაფუთ მასალაზე გადატანილი იყო ნერწყვი
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი კობახიძის განცხადება, რომლითაც ის უარყოფს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შესაძლებლობას აფხაზეთის რესპუბლიკასთან და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან, ღრმად დესტრუქციულია და ადასტურებს, რომ თბილისი არ არის მზად რეალური დიალოგისთვის“, - განაცხადა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ოდისეი ბიგვავამ და აღნიშნა, რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან თბილისის მიერ ტერმინების „ოკუპაცია“ და „სეპარატისტული რეგიონების“ გამოყენებას, რადგან „აფხაზეთი სუვერენული სახელმწიფოა“.
ბიგვავას თქმით, კობახიძის უარი სოხუმთან და ცხინვალთან დიალოგზე „ქართული დიპლომატიის არაეფექტურობის დასტურია“.
„კავკასიაში მშვიდობა შეუძლებელია აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის რუსეთის შუამავლობით პირდაპირი მოლაპარაკებების გარეშე. სანამ თბილისი უარყოფს რეალობას და უგულებელყოფს ისტორიულ გაკვეთილებს, არცერთ მოლაპარაკებებს არანაირი პერსპექტივა არ ექნება.
აფხაზეთისა და რუსეთის მოთხოვნა იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტზე სტაბილურობის მინიმალური გარანტიაა.
საქართველოს უარი ასეთი შეთანხმების ხელმოწერაზე ადასტურებს, რომ თბილისი ინახავს ძალისმიერ სცენარებს პოლიტიკურ ინსტრუმენტად. ამას ადასტურებს სასაზღვრო ზონების მილიტარიზება და საქართველოსა და ნატოს შეიარაღებული ძალების რეგულარული ერთობლივი წვრთნები“, - აღნიშნა ოდისეი ბიგვავამ.
2008 წლის აგვისტოს ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ არსებობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში წინსვლის შესაძლებლობა „იმ ფონზე, როდესაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ საჯაროდ აღიარა მიხეილ სააკაშვილის მიერ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის ფაქტი, ასევე გააკეთა განცხადებები აფხაზებთან და სამხრეთ ოსებთან შერიგების აუცილებლობის შესახებ“.
სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეს აღიარებები კონკრეტულ პრაქტიკულ საქმეებად იქცეს. ზახაროვას განცხადებით, „პირველი რიგის ამოცანებს შორისაა საქართველოს მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების დადება“.
ირაკლი კობახიძის თქმით, ერთადერთი გზა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ, არის მშვიდობიანი გზა და ვერავითარ სხვა შეთანხმებასა და დოკუმენტზე ვერ იქნება საუბარი.
„ჩვენთვის ასეთი მოწოდებები სრულიად მიუღებელია. ჩვენი მხრიდან ვერც პირდაპირი, ვერც ირიბი აღიარება ე.წ. დამოუკიდებლობისა ვერ მოხდება. შესაბამისად, ნებისმიერი მოწოდება, რომელიც ამისკენ მიანიშნებს ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა.
