რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-17 წლისთავს დღეს, 8 აგვისტოს გამოეხმაურა და „მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი“ დაადანაშაულა „სამხრეთ ოსეთზე შეიარაღებულ თავდასხმაში“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 2 როგორ დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა - პროკურატურამ 5 პირს ბრალი წარუდგინა
- 3 რუსეთი კვლავ უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და ნეიტრალურ სტატუსს ითხოვს
- 4 „ქართულმა ოცნებამ“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა
- 5 სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში: „ტიტუშკები“, თავდასხმები მედიაზე და დაუსჯელობა
- 6 მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლების აღიარება საქმედ იქცეს – ზახაროვა აგვისტოს ომზე
„დღეს სამხრეთ კავკასიაში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების მეჩვიდმეტე წლისთავია. 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამეს, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა, საქართველო-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების შესახებ ყველა საერთაშორისო შეთანხმების დარღვევით, შეიარაღებული თავდასხმა განახორციელა სამხრეთ ოსეთზე. [...] იმ სიტუაციაში, როდესაც საერთაშორისო საზოგადოებამ თავი შეიკავა აგრესორის დამშვიდების მცდელობებისგან, რუსეთი იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც დროული და ადეკვატური რეაგირება მოახდინა ამ მზაკვრულ თავდასხმაზე. მოსკოვმა თავდაპირველად საქართველოს მშვიდობისკენ იძულების ოპერაცია ჩაატარა, მოგვიანებით კი სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი სუვერენულ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.
დიპლომატის თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებისგან ისმოდა „სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის აგრესიის ფაქტის“ საჯარო აღიარება და ასევე, აფხაზებსა და ოსებთან შერიგების აუცილებლობის შესახებ განცხადებები.
„არსებობს შესაძლებლობა, ვივარაუდოთ პროგრესი სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის თაობაზე დისკუსიების ფარგლებში მოლაპარაკებებში იმ ფონზე, როდესაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ საჯაროდ აღიარა მიხეილ სააკაშვილის მიერ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის ფაქტი, ასევე გააკეთა განცხადებები აფხაზებთან და სამხრეთ ოსებთან შერიგების აუცილებლობის შესახებ.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლების ეს აღიარებები გახდეს განმსაზღვრელი თბილისის მიერ სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობების დამყარების მიდგომებში, ასევე, გარდაიქმნას კონკრეტულ პრაქტიკულ საქმეებად.
პირველი რიგის ამოცანებს შორისაა საქართველოს მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების დადება, რაც არა მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების გამეორების თავიდან ასაცილებლად საიმედო გარანტიაა, არამედ საწყის წერტილსაც წარმოადგენს თბილისი-სოხუმი-ცხინვალის სამკუთხედში ნორმალიზაციისკენ სვლისთვის.
საქართველო-აფხაზეთის და საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრების დელიმიტაციის დაწყება და მათი შემდგომი დემარკაცია ხელს შეუწყობს სამი სახელმწიფოს სასაზღვრო რაიონებში სიტუაციის სტაბილიზაციას.
[...] რუსეთი, როგორც აფხაზეთის, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის უახლოესი მეზობელი, მზადაა, ყველა შესაძლო დახმარება გაუწიოს ამ პროცესებს“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.
„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დღეს, 8 აგვისტოს გაავრცელა განცხადება რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით. უწყება „მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეცვალოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ მიღებული უკანონო გადაწყვეტილება, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და ხელი არ შეუშალოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას“.
2008 წლის ომის დაწყებაში, რუსეთის ხელისუფლების მსგავსად, „ქართული ოცნების“ ლიდერებიც საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას ადანაშაულებენ. „სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი ცხინვალში“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და დაამატა, რომ ეს „დიფ სთეითის“ დაკვეთა იყო.
