გერმანული გამოცემა „შპიგელის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში, რომელშიც ჰამბურგიის პოლიციის თანამშრომლებს საქართველოს მოქალაქე ეკამათება, „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ბექა ოდიშარიას შვილი ფიგურირებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„შპიგელის“ მიერ 3 აგვისტოს გამოქვეყნებული ვიდეო სანქტ პაულის რაიონში მდებარე ევროპის ყველაზე პატარა პოლიციის განყოფილების, დავიდვახეს თანამშრომლების სამუშაო დღეს ასახავს. ვიდეოში მოხვდა რეპერბანის ქუჩის ეპიზოდი, სადაც სამართალდამცველებს ტურისტები ეკამათებიან.
„ბიჭებო, ჩვენ ტურისტები ვართ, სტუდენტები... პარლამენტი, საქართველოს პარლამენტი“, - ამბობს ბექა ოდიშარიას შვილი, 22 წლის ლაშა ოდიშარია და პოლიციელებს პირადობის დამადასტურებელ მოწმობას აჩვენებს.
ვიდეოს ამ ეპიზოდში საუბარია მოპარულ საქონელზე და მის სავარაუდო მყიდველებზე - საქართველოდან ჩასული ახალგაზრდების ჯგუფზე, რომელიც პოლიციამ შემოწმების მიზნით გააჩერა. ახალგაზრდებს შორის აქტიურობით ოდიშარია გამოირჩევა.
„პრობლემები გინდათ, ბიჭებო? ჩვენ უბრალოდ ვსეინობდით და თქვენ ჩემს მეგობარს სტაცეთ ხელი. ჩემს ადვოკატს ვურეკავ. გეუბნებით, რომ არ ვართ ჩვეულებრივი ტურისტები. ახლა შარში ხარ“, - მიმართავს ქართველი დეპუტატის შვილი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ სამართალდამცველს, რომელსაც პოლიციელის სამკლაური უკეთია.
ვიდეოში ჩანან პოლიციის ფორმიანი თანამშრომლებიც. ლაშა ოდიშარია მათ უარს ეუბნება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გადაცემაზე. „საიდან უნდა ვიცოდე, რომ არ ჩამომართმევ? შემიძლია გაჩვენო, მაგრამ არ გამომართვა. გერმანული კანონები ვიცი, გაჩვენებ, მაგრამ არ მოგცემ“ - ეუბნება ერთ-ერთ პოლიციელს.
პოლიციელის თქმით, წინააღმდეგობის მიუხედავად, ბოლოს საჭირო მონაცემები მიიღეს.
ვიდეოს მიხედვით, იმავე ღამეს პოლიციამ ორი ეჭვმიტანილი დააკავა და ამოიღო სავარაუდოდ ყალბი სუნამოები, Apple Watch-ები და სხვა ელექტრონული მოწყობილობები.
ბექა ოდიშარიას ცოლმა, მაკუნა გამცემლიძემ „სტუდია მონიტორს“ დაუდასტურა, რომ ვიდეოში ნამდვილად მათი შვილია.
„ტუდენტური საცხოვრებელი ნებართვა აქვთ. საგარეოსაც ახსენებს, საკონსულოსაც ახსენებს, თუკი სადმე რამე ორგანო გაახსენდა, ყველაფერს ახსენებს ისე შეეშინდათ ბავშვებს, რომლებიც მიდიოდნენ ქუჩაში, თავს დაესხათ პოლიცია და იჭერდა. ... აჩვენებს თან მის საბუთს, რომ არ არის ჩვეულებრივი ტურისტი... ბავშვი მარტო არის რიგაში, სწავლობს. ძალიან კარგი სტუდენტია... თუ ნაკლებად აუშლით ნერვებს, ძალიან დამავალებთ“, - განუცხადა „მონიტორს“ დეპუტატის ცოლმა.
ბიზნესმენი, მილიონერი ბექა ოდიშარია 2016 წლიდან დეპუტატია და პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს. ის აღარ არის მმართველი პარტიის საარჩევნო სიაში 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის. თუმცა, როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, ოდიშარიასთან კონსულტაციები მიმდინარეობს და შესაძლოა ის რომელიმე თანამდებობაზე დაინიშნოს.