პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 10 დეკემბერი, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე, საქართველოში ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის დღეა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 2 ვინ არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი
- 3 ბაკურციხე-თბილისის გზაზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
- 4 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 5 „შერატონის“ მენეჯერის თქმით, ქორიძესა და გახარიაზე თავდასხმის ჩანაწერები შსს-ს ჯერ არ ამოუღია
- 6 „ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ“ - ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელზე
„მსოფლიოში ეს დღე ითვლება ადამიანის უფლებების აღნიშვნის დღედ და დღეს ეს დღე საქართველოში არათუ ადამიანის უფლებების აღნიშვნის, არამედ ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის დღე არის. ასე უნდა ვახსენოთ ეს დღე და ასე დარჩება საქართველოს ისტორიაში. ყველანი, ვინც იმაში მონაწილეობდნენ ან კიდევ მიიღებენ მონაწილეობას ამ დღეებში, ისინიც შევლენ უთუოდ საქართველოს ისტორიაში, რადგან ქართველი ხალხი, ქართველი ერი ამას არასდროს არ ივიწყებს. იცოდნენ, რომ ყველა გამოირკვევა, ვინ სად უნდა იყო, რაც არ უნდა ნიღბები ატარონ და ყველას დავიმახსოვრებთ.
დღეს არათუ ირღვევა, მართლა ფეხქვეშ ითელება ყველა უფლება. [...] სახალხო დამცველმა თვითონ გამოიყენა სიტყვა „წამება“ და ესეც შევა ისტორიაში“, - თქვა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტი გამოეხმაურა საჯარო მოხელეების დაშინების მცდელობას და აღნიშნა, რომ, თბილისის მერი კახა კალაძე არ იქნება ერთადერთი, ვინც „ასე ემუქრება იმ მოქალაქეებს, რომლებმაც გაბედეს და პროტესტს მოაწერეს ხელი“.
„ეს ხომ არის ყველაზე ნათელი ნიშანი, რომ გამოთქმის თავისუფლებაც იწურება. ასე რომ, ეს ყველაფერი, რომელიც თქვენც კარგად იცით და მე აქ ყველაფერს არ აღვწერ,
ეს არის იმის ნიშანი, რომ ქვეყანაში დაიწყო რეალურად არა მხოლოდ ადამიანის უფლებების შეზღუდვა, არამედ ჩვენ გადავედით რეჟიმში, რომელიც აწარმოებს ნამდვილ ტერორს თავისი მოქალაქეების, ახალგაზრდების, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის მიმართ და რომელიც არ ერიდება იმას, რომ წამებაც გამოიყენოს. ეს არის - სხვა სიტყვებით და მოკლედ აღწერილი - უკვე რუსული რეჟიმი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, „ქართული ოცნება“ ამ ქმედებებით არღვევს როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებულ უფლებებს.
„ამით არ კმაყოფილდება ეს რეჟიმი და ახალ კანონებს ამზადებენ. ერთი მხრივ, იმ კანონს, რომელიც ინიცირებულია ახლა, ნიღბების ტარების აკრძალვა, აკრძალვა მხოლოდ ერთი მხარისთვის, მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის, რომელთაც არ ექნებათ უფლება, რომ თავიანთი ჯანმრთელობაც კი და უსაფრთხოება დაიცვან. სამაგიეროდ, არაფერი არ არის ნათქვამი იმაზე, რომ თავიანთ „ტიტუშკებს“ აღარ ჰქონდეთ უფლება, ატარონ ეს ნიღბები ან ვალდებულება, როგორც არის მიღებული მსოფლიო სტანდარტებში, რომ ატარონ საიდენტიფიკაციო ნიშნები. ასევე მზადდება ახალი ინიციატივა, რომ საჯარო სექტორში, სამსახურებში, რეორგანიზაციის გამარტივებით შეძლონ ადამიანების დატერორება, მათი გაშვება სამსახურებიდან. ამ ყველაფერს თავიანთვის ირგებენ და ამარტივებენ“, - თქვა პრეზიდენტმა.
როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, ადამიანის უფლებების დარღვევად უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელი განცხადებაც.
„ეს რაღაც სცენარების დატრიალება, რომელი სცენარიც მოიცავს გვამებს, არის ადამიანების პირდაპირ ფსიქოლოგიური დატერორება
იმ დროს, როდესაც გარეთ არის მხოლოდ მშვიდობიანი აქციები, როგორც გუშინ საღამოს ძალიან კარგად გამოჩნდა. როცა არ არიან არც „ტიტუშკები“ და არც სხვები, ძალიან მშვიდობიანად ტარდება ეს აქციები და არაფერი ისეთი არ ხდება, რაც არ არის ღირსეული, ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ამსახველი.
კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც არის ძალიან ძლიერი დარღვევა ყველაფრის, არის შინაგან საქმეთა სამინისტროში მიღებული გადაწყვეტილება, რომ გამარტივდეს ახალი პერსონალის აყვანა ისე, რომ არ მოეთხოვოთ დიპლომები. როგორც ჩანს, წესი ხდება ამ ქვეყანაში, რომ დიპლომები არავის არაფერში სჭირდება. ეს პირდაპირ არის გზა, რომ აიყვანონ ახალი „ტიტუშკები“, სადაც მათ მონახავენ. ეს არის ნიშანი, რომ რესურსები აღარ ჰყოფნით, რაც ძალიან საინტერესოა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, არის მიუღებელი ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის და უნდა მოხდეს რეაგირება.