თბილისში მიმდინარე პროევროპულ აქციებთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხობის სამსახური აცხადებს, რომ განიხილება სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც 2-3 ადამიანის მსხვერპლი უნდა მოჰყვეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
- 3 გახარია კალანდარიშვილზე: ვიღაც ერთ ხმების მომპარავ თაღლითს საღებავი შეასხეს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 გორელმა ბიზნესმენმა სტალინის ფენომენის პოპულარიზაციისთვის ფონდი დააფუძნა
- 6 აქციაზე დაკავებულ 21 წლის მათე დევიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება
„გაცნობებთ, რომ ქალაქ თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციების საპროტესტო მუხტის კლებისთანავე, აქტიურდება დანაშაულებრივი გეგმის განმახორციელებელ ადგილობრივ აქტორთა გარკვეული ჯგუფი, რომელთა მიზანია მოსახლეობაში საპროტესტო მუხტის ხელოვნურად გაზრდა, რაც მათი აზრით, გამოყენებულ უნდა იქნეს ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობისთვის. აღნიშნულის ნათელი დასტურია, მილევადი საპროტესტო მუხტის პარალელურად, საგულდაგულოდ შენიღბული პირების მიერ სამართალდამცავებსა და მშვიდობიან მოქალაქეებზე გახშირებული ძალადობრივი აქტები, როგორც საპროტესტო ლოკაციებზე, ისე მის მიღმა“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
უწყება ამ კონტექსტში ახსენებს ტელეკომპანია „პირველის“ გადამღებ ჯგუფზე 7 დეკემბერს განხორციელებულ თავდასხმას და მას „დანაშაულებრივი გეგმის ერთ-ერთ სავარაუდო ეპიზოდად“ განიხილავს.
„საქმეზე გამოძიებას აწარმოებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური. აქვე ვაცხადებთ მზადყოფნას აღნიშნულ სამსახურთან აქტიური თანამშრომლობის შესახებ, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა“, - აცხადებენ სუს-ში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „მიღებულ ინფორმაციაზე“ დაყრდნობით იუწყება, რომ „დესტრუქციული და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები გეგმავენ, 2024 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესი არ შედგეს და ყველა გზით ხელი შეუშალონ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევას, რაც ხელოვნურად გამოიწვევს სახელისუფლებო კრიზისს“.
„ამ მიზნით, დანაშაულის ორგანიზატორთა მიერ განიხილება, განსაკუთრებით მიმდინარე კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს, აგრეთვე, ნაწილობრივ პარასკევს სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი.
აღნიშნული მსხვერპლშეწირვით შეეცდებიან საპროტესტო მუხტის გაზრდას, რადიკალური განწყობების წახალისებას, რაც მათი განზრახვით უნდა გადაიზარდოს უმართავ პროცესებში და შენიღბული გზით დაბრალდეს ხელისუფლებას.
აღნიშნული პროცესების განხორციელებას უზრუნველყოფენ ადგილობრივი აქტორები, უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების კოორდინაციით. არსებული გეგმა ვითარდება ე.წ. „ფერადი რევოლუციებისთვის“ დამახასიათებელი აპრობირებული სცენარებით, მათ შორის, სხვადასხვა რიტუალური სცენებითა და ეტაპობრივი დესტრუქციით, რომლის კულმინაციას წარმოადგენს მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა, რაც მთლიანობაში ხელს შეუწყობს მოვლენათა ესკალაციას.
აღნიშნულს ადასტურებს, ბოლო დღეებში, სახეშენიღბული დესტრუქციული ჯგუფების მიერ გარე მეთვალყურეობის კამერების დაზიანების ფაქტები, როგორც პროტესტის არეალში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე, რაც ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის შემთხვევაში, გართულდეს დანაშაულის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირება“, - აცხადებს სუს-ი და მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე, რათა „ნებსით თუ უნებლიეთ არ გახდნენ დანაშაულებრივი გეგმის მონაწილე ან მსხვერპლი“.
თბილისში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს და უარს იტყვის ევროკავშირის საბიუჯეტო დაფინანსებაზე.
პროტესტის 12 დღის განმავლობაში, საპოლიციო ძალებმა მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც ქვეყნის პროევროპული კურსის ცვლილებას აპროტესტებენ, არაერთხელ დაარბიეს. სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ როგორც აქციის მონაწილეებს, ისე მედიის წარმომადგენლებს. აქციების ფარგლებში სხვადასხვა საფუძვლით დაკავებულია 500-მდე ადამიანი.
აშშ-მა და ევროკავშირის სახელმწიფოების ლიდერებმა ქართველ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადეს, იმავდროულად დაგმეს აქციის მონაწილეების მიმართ გადამეტებული ძალის გამოყენება.
„ქართული ოცნების“ ლიდერების გადაწყვეტილებებსა და ქმედებებს კრემლში იწონებენ. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მსგავსად, რუსეთშიც „სახელმწიფო გადატრიალების“ სცენარზე საუბრობენ და საქართველოში განვითარებულ მოვლენებს უკრაინაში 2014 წელს მომხდარ მაიდნის რევოლუციას ადარებენ.