დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ტელეკომპანიებს „იმედსა“ და „პოსტივის“ (POSTV), როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ“ ორგანიზაციებს, სანქციები დაუწესა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 5 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 6 სუს-ის შენობასთან, მანქანაში, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის ცხედარი იპოვეს
ქართული ტელეკომპანიების დასანქცირების შესახებ ინფორმაცია დღეს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მეოთხე წლისთავზე გამოქვეყნდა.
დიდი ბრიტანეთის მთავრობა ორივე ტელევიზიის დასანქცირების საფუძვლად მიუთითებს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ განზრახ შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებას ძირითადად საქართველოში არსებულ მის აუდიტორიას შორის, რაც მხარს უჭერს ან ხელს უწყობს პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც ახდენს უკრაინის დესტაბილიზაციას ან ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას.
ბრიტანეთის მთავრობის თანახმად, ორივე ტელევიზია „რეგულარულად ავრცელებს შინაარსს, რომ უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურია, უკრაინა დასავლეთის „მარიონეტია“, უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა და რომ უკრაინა და დასავლეთი ცდილობენ საქართველოს დესტაბილიზაციას“.
იანვრის ბოლოს პროპაგანდისტული „იმედის“ და მის ჰოლდინგში შემავალი სხვა მედიასაშუალებების, მათ შორის GDS-ის, მფლობელი შპს „პრაიმ მედია გლობალი“ გახდა. კომპანიამ 100%-იანი წილი ყოფილი მფლობელისგან, ბიზნესმენ ირაკლი რუხაძისგან სიმბოლურ ფასად - 1000 ლარად შეიძინა.
6 თებერვალს რუხაძემ განაცხადა, რომ მან და მისმა ბიზნეს-პარტნიორებმა „ჰანიველ პარტნერსს“-დან, „გრძელი და დაძაბული კონსულტაციების შემდეგ“, ტელეკომპანიასთან „დამშვიდობება“ გადაწყვიტეს. დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული „ჰანიველ პარტნერსი“ (Hunnewell Partners) ტელეკომპანია „იმედს“ მისი ერთ-ერთი კომპანიის, „მედია ფაინენს გრუპ ბი.ვი“-ის მეშვეობით ფლობდა.
„გადავწყვიტეთ, რომ დღევანდელ სიტუაციაში, ყველაზე გონივრული გამოსავალი არის ჩვენი „იმედთან“ დამშვიდობება“, - აღნიშნა ირაკლი რუხაძემ.
რაც შეეხება „პოსტივის“, ტელევიზიის 24-24%-იან წილებს შალვა რამიშვილი და თემურ ჭარელაშვილი ფლობენ, ხოლო 52% „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ვიქტორ ჯაფარიძეს ეკუთვნის.
დღეიდან, „იმედსა“ და „პოსტივის“ შეეხებათ აქტივების გაყინვა, რაც გულისხმობს სახსრებსა და ეკონომიკურ რესურსებზე წვდომის შეზღუდვას დიდი ბრიტანეთის იურისდიქციის ფარგლებში, ინვესტიციების აკრძალვას და საბანკო ურთიერთობების შეწყვეტის მითითებებს. დიდი ბრიტანეთში ნებისმიერ პირს ეკრძალება ფინანსური ტრანზაქციები დასანქცირებულ პირთან.
ტელევიზიებს ასევე დაუწესდათ ტრასტის მომსახურების და დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქციები, რაც დიდი ბრიტანეთის მთავრობას საშუალებას აძლევს, აუკრძალოს დასანქცირებულ პირებს გაერთიანებული სამეფოში დაფუძნებული კომპანიების მართვა, ან კომპანიის პოპულარიზაციაში, ფორმირებაში ან მართვაში პირდაპირი ან ირიბი მონაწილეობა.
ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ბრიტანულ სანქციებს არავითარი ფასი არა აქვს“. დასანქცირების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა „პოსტივის“ მეწილე და წამყვანი შალვა რამიშვილიც. Facebook-ზე ის წერს: „როგორ გაფარჩაკდა დასავლეთი: ბრიტანეთი გვასანქცირებს, რადგან არ ვამბობთ, რომ უკრაინა რუსეთს უგებს“.
დიდმა ბრიტანეთმა დღეს, 24 თებერვალს, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სიაში 300-ზე მეტი ფიზიკური პირი, ორგანიზაცია, ბანკები და რუსული ნავთობის გადამზიდი გემები დაამატა.
