დობორჯგინიძე: უნივერსიტეტი მარტო შენობები არაა, მით უმეტეს, გასაყიდად მომგებიანი შენობები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციას „ვაკე-საბურთალოს საუნივერსიტეტო შენობების გაყიდვაზე და სოვდაგრულ აღებ-მიცემობაზე დაფუძნებულ გაუგებრობად“ აფასებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ქართული საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო სისტემა ჯერ ილია ჭავჭავაძის და მერე უკვე ივანე ჯავახიშვილის თაობის კონცეფციებია არა მხოლოდ შინაარსით, ტოპოლოგიითაც. ადგილი უნივერსიტეტისთვის, როგორც ნამდვილი გზაშესაყარი სამომავლო განვითრების პერსპექტივით, ისე შეირჩა თავის დროზე და ასეც განვითარდა. ეს ამ ქვეყნის იდენტობის, კულტურული და სამეცნიერო მეხსიერების ადგილებია, საგანმანათლებლო სისტემის რუკაა, გზამკვლევია.

სწორედ ამ რუკას მივყვებით და ამით მოვახერხეთ, რომ დიდი ხარვეზებით, წვალებით, მაგრამ მაინც, აგერ 2025 წლისთვის ვართ აქ ჩამოთვლილი გერმანული, ბრიტანული, ფრანგული, ამერიკული და ა.შ. უნივერსიტეტების გვერდით. მოვახერხეთ, რომ სწრაფად მზარდ, წარმატებულ უნივერსიტეტად ვართ მონიშნული საერთაშორისო სამეცნიერო რუკაზე“, - წერს ნინო დობორჯგინიზე სოციალურ ქსელ Facebook-ში და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეიტინგსაც აქვეყნებს.

„დაუშვებლად მიმაჩნია ამ ისტორიული - ილიასა და ჯავახიშვილისეული - კონცეფციის შეცვლა ახალი, ვაკე-საბურთალოს საუნივერსიტეტო შენობების გაყიდვაზე და სოვდაგრულ აღებ-მიცემობაზე დაფუძნებული გაუგებრობით. ვნახეთ უკვე ამ ახალი კონცეფციის პირველი მერცხალი: როგორ გაიყიდა სპორტის უნივერსიტეტის შენობა ვაკეში და როგორ „მოხმარდა“ იგი ბიზნესმენების მესაკუთრული იდენტობის ამაღლებას.

 უნივერსიტეტი მარტო შენობები არაა, მით უმეტეს, გასაყიდად მომგებიანი შენობები. უნივერსიტეტი ყველაზე მნიშვნელოვანი მეხსიერების ადგილია, თაობებს შორის უწყვეტობის, მემკვიდრეობითი კავშირის ადგილია. აქ ხვდება ერთმანეთს წარსული, აწმყო და მომავალი ქვეყნის, ერის სიცოცხლისუნარიანობის მთავარი ინსტრუმენტით: „აზრის აღებ-მიცემობის“ (ილია) ძალით და ამის მოშლა დაუშვებელია“, - წერს რექტორი.

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 16 ოქტომბერს უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია წარადგინა და განათლების სისტემის უმთავრეს გამოწვევებს შორის სახელმწიფო უნივერსიტეტების გაუმართავი ინფრასტრუქტურა დაასახელა. მისი თქმით, „უმეტეს შემთხვევაში შენობა-ნაგებობები არ არის სათანადო მდგომარეობაში“ და „ამასაც სჭირდება სახელმწიფოს რეაგირება“.

„ქართული ოცნების“ პრემიერის განცხადებით, გადასინჯვას საჭიროებს არსებული საგრანტო სისტემა და ის უნდა ჩანაცვლდეს სახელმწიფო დაკვეთაზე დაფუძნებული სისტემით. კერძოდ, განისაზღვრება სახელმწიფო ამოცანები, სახელმწიფო ამოცანების შესაბამისად - სახელმწიფო დაკვეთა და ამის მიხედვით გადაანაწილებს სახელმწიფო დაფინანსებას სხვადასხვა უნივერსიტეტზე. ირაკლი კობახიძის თქმით, შესაძლებელია, გამონაკლისი სპეციალობების გარდა, დაინერგოს 3+1 სისტემა, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს და 1 წელი - მაგისტრატურას. ამასთან, მუშავდება რეფორმაზე, რომლის თანახმად სკოლები 12-წლიანი სასწავლო პროგრამიდან 11 წლიანზე უნდა გადავიდნენ.

კობახიძემ ერთ-ერთ ამოცანად „რესურსების ოპტიმიზაცია და უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხის გათანაბრება“ დაასახელა. მისი თქმით, მის გუნდს სურს დაამკვიდროს „ძალიან მკაფიო პრინციპი: ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი“.

„თბილისი რომ ავიღოთ პირველ რიგში, თბილისში ერთი ფაკულტეტი იქნება შექმნილი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში, შესაბამისად, ეს გამოიწვევს რეორგანიზაციას და ფაკულტეტების გადანაწილებას უნივერსიტეტებს შორის. ეს გადანაწილება უნდა განხორციელდეს უნივერსიტეტების ტრადიციული ფუნქციებისა და მათი ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით. ბუნებრივია, სტუდენტებისთვის იქნება უზრუნველყოფილი გარდამავალი პერიოდი. ვინც სწავლობს კონკრეტულ უნივერსიტეტში, მას ექნება საშუალება, დაამთავროს ის შესაბამისი უნივერსიტეტი, შესაბამისი სპეციალობით“, - თქვა კობახიძემ.

 

ამ თემაზე:

უნივერსიტეტები გახდებიან პარტიაზე დამოკიდებულები – სიმონ ჯანაშია დაანონსებულ რეფორმაზე

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.