დუგინი: ვაშინგტონში სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმების დადება ჩვენს უმნიშვნელობაზე მიუთითებს

„ვაშინგტონში ამ შეთანხმების დადება მითითებაა ჩვენს უმნიშვნელობაზე, იმაზე, რომ ჩვენ ვერაფერს ვაკონტროლებთ პოსტსაბჭოთა სივრცეშიც კი. ასეთ შემთხვევაში, ვინ გაგვიწევს ანგარიშს უფრო მაღალ დონეზე?“, - ასე გამოეხმაურა კრემლის მთავარი იდეოლოგი ალექსანდრ დუგინი, აშშ-ის შუამავლობით სომხეთისა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

მისი თქმით, ის, რაც მოხდა, რუსეთის დამცირება, მისთვის სილის გაწვნა და სამხრეთ კავკასიაში რუსული პოლიტიკის კრახია.

„ჩვენ არ გვინდა სისხლი, არ გვინდა ძალადობა, მაგრამ გვინდა სამართლიანობა. და როდესაც ვხედავთ, რომ ადამიანები სრულიად დაუსჯელები რჩებიან სამხრეთ კავკასიაში ჩვენი პოლიტიკის სრული წარუმატებლობისთვის, ეს დამამცირებელია. [...] სწორედ ასე უნდა იქნეს ეს აღქმული - როგორც სილის გაწვნა თითოეული ჩვენგანისთვის, თითოეული რუსი ადამიანისთვის. [...] რაც ალიევისა და ფაშინიანის შემთხვევაში მოხდა, ჩვენი დამცირებაა. ასე უნდა აღვიქვათ ეს. ასე უფრო ჯანსაღი და გულწრფელი იქნება. ჩვენ წავაგეთ. შეცდომა დავუშვით, როდესაც სომხეთსა და აზერბაიჯანთან დაკავშირებული სამუშაო აბსოლუტურად არასწორ ადამიანებს ვანდეთ. სხვაგვარად ამას ვერ ავხსნით და თუ ამას კრახად არ აღვიქვამთ, თუ ამ ტკივილს არ აღვიქვამთ, ჩვენ აღარ ვიქნებით ადამიანები და სუვერენული სახელმწიფო-ცივილიზაცია“, - განაცხადა დუგინმა.

ალექსანდრ დუგინის თქმით, საჭიროა სამართლიანობა და თვალსაჩინო დასჯა მათი, ვინც რუსეთი ახლო საზღვარგარეთის საგარეო პოლიტიკაში ასეთ შედეგამდე მიიყვანა.

„დროა ეს დამთავრდეს. დროა, გავერკვეთ მათთან დაკავშირებითაც, ვინც ამ მიმართულებით იყო პასუხისმგებელი, დიასპორებთან და ჩვენი ამ წარუმატებლობის გარე ლობისტებთან. ან ჩვენ ვართ იმპერია, სუვერენული სახელმწიფო-ცივილიზაცია, ან ვიმსახურებთ ყველაფერს, რაც ვაშინგტონში ვნახეთ, როდესაც ჩვენმა ორმა „მოკავშირემ“ ჩვენს მტრს ფეხსაცმელი აულოკა. ასე რომ, თუ ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი პირები წყლიდან მშრალები გამოვლენ, მაშინ კარგი ამბავი არ მაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენ დიადი ერი ვართ, მაგრამ თუ წარუმატებლობას წარუმატებლობად, ღალატს ღალატად და დამცირებას დამცირებად არ აღვიქვამთ, მაშინ კაპიკია ჩვენი ფასი“, - აღნიშნა დუგინმა.

სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერებმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ილჰამ ალიევმა 8 აგვისტოს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შუამავლობით, ვაშინგტონში ხელი მოაწერეს დეკლარაციას, მათ ქვეყნებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობების შესახებ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ შეიქმნა პირობები, რათა აზერბაიჯანმა და სომხეთმა „საბოლოოდ დაიწყონ კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარება, რომელიც დაფუძნებული იქნება საერთაშორისო საზღვრების ურღვევობასა და ტერიტორიების მოსაპოვებლად ძალის გამოყენების დაუშვებლობაზე“.

დეკლარაციაში საუბარია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის უკვე შეთანხმებული სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისა და რატიფიკაციისკენ სწრაფვის აუცილებლობაზე, ასევე, უმოკლეს დროში, აზერბაიჯანის ტერიტორიასა და მის ანკლავს, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის, სომხეთის ტერიტორიის გავლით სატრანსპორტო დერეფნის შექმნაზე.

გარდა დეკლარაციისა, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის გაფორმდა შეთანხმება ორ ქვეყანას შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ. 17-მუხლიან შეთანხმებაში მხარეები ადასტურებენ, რომ ერთმანეთის მიმართ არ აქვთ ტერიტორიული პრეტენზიები და არც მომავალში წამოაყენებენ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.