„ძლიერი საქართველოს“ წევრები ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი დააკავეს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრები ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია ოპოზიციური გაერთიანების ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ გაავრცელა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ბუაძის თქმით, კასრაძე და კაძელაშვილი დაკავებულები არიან ტელეკომპანია „იმედზე“ ახლახან გასული „ბოდვის გამო“.

ვასილ კაძელაშვილის დაკავების კადრები ტელეკომპანია „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა და Pos TV-მ გადაიღეს. „ზღაპარია, ზღაპარი ყველაფერი“, - თქვა დაკავებულმა ვიდრე პოლიციის მანქანაში ჩასვამდნენ.

სამთავრო პროპაგანდისტულმა ტელევიზიებმა 2 დეკემბერს გამოაქვეყნეს სავარაუდოდ აქციაზე გადაღებული ფარული ჩანაწერი, სადაც მათი მტკიცებით, ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი „ქართული ოცნების“ წევრების ქონების დაზიანებასა და დივერსიის მოწყობაზე საუბრობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვეფხია კასრაძისა და ვასილ კაძელაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები საპროტესტო აქციებში ჩართული ოპოზიციური პარტიების ოფისებსა და აქტივისტების საცხოვრებელ ბინებს ჩხრეკენ.

ჩხრეკა ჩატარდა „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებში, რა დროსაც პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაია დააკავეს.

პოლიციამ გადაუდებელი აუცილებლობით, სასამართლოს განჩინების გარეშე, გაჩხრიკა ჯგუფ „დაიტოვეს“ დამფუძნებლის, ილია ღლონტის საცხოვრებელი ბინაც. როგორც პოლიციელებმა განმარტეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 2391-ე მუხლებით არის აღძრული, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს.

გუშინ 3 დეკემბერს, კრიმინალურმა პოლიციამ აქტივისტ დოდი ხარხელის პირადი ჩხრეკა ჩაატარა. მას ქუჩაში, შვილის საბავშვო ბაღში დატოვების შემდეგ დახვდნენ. პარალელურად ჩხრეკა მიმდინარეობდა აქტივისტის საცხოვრებელ ბინაში. ამ შემთხვევაში შსს-მ ჩხრეკის საბაბად რამდენიმე თვის წინ, დოდი ხარხელის ყოფილი მეუღლის უჩა აბაშიძის საქმეზე დაწყებული გამოძიება დაასახელა.

პოლიტიკოსები და აქტივისტები ჩხრეკებსა და დაკავებებს დაშინების მცდელობად აფასებენ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).