ე.წ. 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებით კიდევ 14 დემონსტრანტი გათავისუფლდა

ვახტანგ ფიცხელაური / მარიამ ნიკურაძის ფოტო

ე.წ. 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული კიდევ 14 დემონსტრანტი, რვათვიანი პატიმრობის შემდეგ, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. სასამართლომ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც მათ ბრალის სრულად აღიარების სანაცვლოდ სამწლიანი პირობითი მსჯავრი მიესაჯათ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ: ალექსანდრე ხაბეიშვილს, ბექა ქელეხსაშვილს, გიორგი მუმლაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელ ქარდავას, ავთანდილ სურმანიძეს, ვახტანგ ფიცხელაურს, თემურ ქურციკიძეს, სერგო მეგრელიშვილს, გიორგი რურუას, გიორგი ქორქიას, ლაშა ივანაძეს, ლევან ჯიქიასა და ხვიჩა გოგოხიას.

თავისუფლებაზე გამოსულმა აქტივისტებმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნეს, რომ ბრძოლას აგრძელებენ.

ვახტანგ ფიცხელაური: „ამ ე.წ. ხელისუფლებას მინდა ვუთხრა, რომ ბრძოლის შეწყვეტას არ ვაპირებ, თუნდაც ისევ უკან შემატრიალონ, არ მეშინია. 8 თვეა ჩემი შვილები არ მინახავს და მქონდა მიზეზები, რომ დროებით მაინც ვყოფილიყავი თავისუფლებაზე“.

ავთანდილ სურმანიძე: „ჩვენი ბრძოლის მიზეზი ყოველთვის იყო თავისუფლება, ნორმალური ცხოვრების პირობა და ჩვენი შვილების უკეთესი მომავალი. მინდა ვუთხრა ყველას, რომ ბრძოლა გრძელდება“.

ბექა ქელეხსაშვილი: „რთული იყო პატიმრობა, მაგრამ თავისუფლების ფასი ყველა სირთულეზე დიდია. პირველი, რასაც გავაკეთებ, ოჯახსა და მონატრებულ ადამიანებს ჩავეხუტები“. მან სოლიდარობა გამოუცხადა პატიმრობაში დარჩენილებს.

მარიამ ნიკურაძის ფოტო

საქმის პროკურორმა, ლაშა ცქვიტარიამ განმარტა, რომ ბრალდებულები დამნაშავედ იქნენ ცნობილი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და სტრატეგიული ობიექტის (პრეზიდენტის სასახლის) ხელში ჩაგდების მცდელობისთვის. პროკურორის თქმით, საქმე ეყრდნობა ვიდეომასალას, მათ შორის პირდაპირი ეთერების ჩანაწერებს, რაც დაცვის მხარემ უდავოდ მიიღო.

ე.წ. 4 ოქტომბრის საქმე 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების დღეს მომხდარ მოვლენებს უკავშირდება. ოპოზიციის მიერ დაანონსებული მშვიდობიანი აქციის ფარგლებში, დემონსტრანტების ნაწილი პრეზიდენტის სასახლესთან გადავიდა, სადაც ჯებირების საეჭვო ვითარებაში გადავარდნას სპეცრაზმთან შეტაკება მოჰყვა. გამოძიება სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდებისა და კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლის მუხლებით დაიწყო.

ჯამში, საქმეზე 64 ადამიანია ბრალდებული. საპროცესო შეთანხმება უკვე 22 ბრალდებულს გაუფორმდა. 7-მა მათგანმა საპატიმრო 9 ივნისს დატოვა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 7 მაისს სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა რამდენიმე ფიგურანტის მიმართ: პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძესა და პაატა მანჯგალაძეს 7-7 წლით პატიმრობა მიესაჯათ, ხოლო აქციის სხვა მონაწილეებს, მათ შორის ნიკა გვენცაძეს, ირაკლი ჩხვირკიას, გური ჟვანიასა და თორნიკე მჭედლიშვილს 5-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.