ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სადაც 8 ოპოზიციონერი ლიდერია ბრალდებული, სასამართლო პროცესები დაჩქარებული ტემპით წარიმართება. მოსამართლე თამარ მახარობლიძის გადაწყვეტილებით, სხდომები, რომლებიც თებერვლიდან მოყოლებული თვეში ერთხელ იმართებოდა, 18 ივნისიდან კვირაში ორჯერ - ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს ჩატარდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 3 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 6 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
სხდომების დაჩქარება პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მოხდა. ბრალდების მხარე მოთხოვნას „სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების“ უზრუნველყოფის მიზნით ხსნის. საქმის პროკურორის, ანი ხუბეჯაშვილის განცხადებით, საქმე საკმაოდ მოცულობითია და თითოეული მტკიცებულების განხილვა დიდ დროს მოითხოვს:
„მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარე ვალდებულია, ბრალდების მხარდაჭერა განახორციელოს ეფექტურად. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული საქმე არის მოცულობითი, გვყავს არაერთი ბრალდებული და თითოეული მტკიცებულების გამოკვლევას სჭირდება იმაზე მეტი დრო, ვიდრე შეიძლება გონივრულიც კი იყოს.“
ბრალდებულები და მათი უფლებადამცველები პროკურატურის ამ მოტივს უნდობლობას უცხადებენ და საქმის დაჩქარების მიღმა პოლიტიკურ მიზნებს ხედავენ. ერთ-ერთი ბრალდებული, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პროკურატურის არგუმენტს აბსურდულს უწოდებს: „სწრაფი მართლმსაჯულებისთვის არის აუცილებელიო, რაც არის ბოდვა... სამი კვირის წინ არ იყო აუცილებელი და ახლა აუცილებელი გახდა, უცებ?“ - აღნიშნავს ჯაფარიძე.
კიდევ ერთი ბრალდებული, პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ დასავლეთთან სავაჭროდ პოლიტიკურ პატიმრებს აგროვებს და განაჩენის გამოცხადება ეჩქარება:
„სადღაც სექტემბრისთვის „საბოტაჟნიკების“ ახალ პარტიას უნდა ელოდოს რუსთავის მე-12 ციხე. დღევანდელი სხდომა შემთხვევითი არ არის, ეს ევროკავშირისთვის და აშშ-ისთვის ჩატარებული სხდომაა. იქნება შიდა ვაჭრობა, რომელიც „ქართული ოცნების“ სურვილს უკავშირდება, რომ ლეგიტიმაცია მოიპოვოს არა ახალი არჩევნებით - უკვე თავისი პირობებით ჩატარებული არჩევნებისაც ეშინია, არამედ ოპოზიციის პარლამენტში დაბრუნებით“, - განაცხადა გვარამიამ.
დაცვის მხარე ასევე მიუთითებს მოსამართლის მიკერძოებულობაზე. როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ განაცხადა, საქმის განხილვის ტემპის ცვლილება პირდაპირ მიანიშნებს, რომ თამარ მახარობლიძე „უსიტყვოდ გაიზიარებს ბრალდების მხარის ყველა მოთხოვნას და მითითებას“.
ადვოკატებმა 11 ივნისს გამართულ სხდომაზე მოსამართლე მახარობლიძის აცილებაც მოითხოვეს, თუმცა შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
ამასთანავე, მოსამართლემ კვლავ არ გაიზიარა შუამდგომლობა სხდომების მედიისა და დიპლომატიური კორპუსისთვის გახსნის თაობაზე. შესაბამისად, პროცესები კვლავ სრულად დახურულ რეჟიმში გაგრძელდება.
ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ჯამში 8 პოლიტიკოსია ბრალდებული:
- საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება), რაც ისჯება 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.
- „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერს, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძესა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს ბრალდება წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 319-ე მუხლით (საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება), რაც ისჯება 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.
- „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლითა და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება), რაც ისჯება 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.
- „ახალის“ ლიდერებს, ნიკა გვარამიასა და ნიკანორ მელიას, ასევე, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით (საბოტაჟი), რაც ისჯება 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.
სააკაშვილი, ხოშტარია და მელია ისედაც პატიმრობაში იმყოფებიან, დანარჩენებს კი აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვთ შეფარდებული.
