„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ დაკავების შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს და ზურგს უკან ხელებშეკრული სრულად გააშიშვლეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე მაღაროელების პროტესტზე: რთულია კერძო ბიზნესს ხელფასების გადახდა მოსთხოვო
- 2 პროკურორი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან წასვლაზე: „აუცილებლად დაიწყება გამოძიება“
- 3 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 4 რატომ შეხვდა აშშ-ის ელჩი „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრს
- 5 მაკრონმა უკრაინაში ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტის ერთთვიან გეგმაზე ისაუბრა
- 6 კობახიძე: აქედანვე შემიძლია გითხრათ, რომ თვითმმართველობის არჩევნებს მოვიგებთ
„დაკავების შემდეგ, პოლიციის განყოფილებაში (რამიშვილზე „შუშებიანში“), პოლიციელებმა ნინო ჩხარტიშვილმა და დავით ბოლოთაშვილმა, მას შემდეგ, რაც თანამშრომლობაზე ვუთხარი უარი, ზურგისკენ ხელები ბორკილებით მჭიდროდ შემიკრეს. შემდეგ ნინო ჩხარტიშვილმა და დავით ბოლოთაშვილმა ყბებზე და კბილებზე მომაყენეს დაზიანება.
[...] კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი ეპიზოდი მოხდა დიღომში, დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც ასევე ჩემი ნების საწინააღმდეგოდ პოლიციიდან გამოძახებული ბრიგადის მეშვეობით, ისევ უკან შემიკრეს ხელები. ორ პოლიციელს ვეჭირე (ნინო ჩხარტიშვილს, სალომე ლაშხიას და კიდევ ერთს) მეჭიდავებოდნენ და სრულად გამაშიშვლეს“, - წერდა ხოშტარია გათავისუფლებამდე, იზოლატორიდან გავრცელებულ წერილში.
მისივე თქმით, „ეს ძალადობრივი გაშიშვლების პრაქტიკა“ ადამიანის ღირსების შელახვისა და ფიზიკური ძალადობის „უღირსი რუსული საძაგელი მეთოდია“.
ელენე ხოშტარია 28 მარტს, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს და თითქმის 24 საათის შემდეგ გაათავისუფლეს. დიღმის იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ დააკავეს „ზებრაზე“ მდგომი, ან რა გახდა მისი მოულოდნელი და „ჩქარ-ჩქარა“ გათავისუფლების მიზეზი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ელენე ხოშტარიას დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად მოხდა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
შსს-ში ამტკიცებენ, რომ იზოლატორში გადაყვანილი ხოშტარია „უარს აცხადებდა მოთავსების კანონით განსაზღვრულ პროცედურების სრულად გავლაზე და იქცეოდა აგრესიულად“.
„იზოლატორის თანამშრომლების არაერთგზის მოწოდებისა და სამართლებრივი განმარტების მიუხედავად, ის კვლავ უარს აცხადებდა შემოწმებაზე. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე დაკავებულის მიმართ კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე აუცილებელი პროცედურები. შემოწმებისას დაკავებულს თან აღმოაჩნდა, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
„კანონსაწინააღმდეგო ნივთიერების აღმოჩენას“ ელენე ხოშტარიამ „სისულელე“ უწოდა. როგორც ის ამბობს, გამოწერილი აქვს ძალიან ბევრი წამალი, რომელიც მისთვის აუცილებელია.
„ეტყობა, მათ დანაშაულზე რეაქციის საპასუხოდ ეს სისულელე გაავრცელეს. ყველა წამალი, რომელიც გამოწერილი მაქვს, ცნობილია აბსოლუტურად. რაც უნდათ, ის იბოდიალონ. ჩემთვის ეს საინტერესო არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქმედებს პოლიტიკური მოტივით“, - თქვა ხოშტარია ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.
ელენე ხოშტარიას მიმართ განხორციელებულ ღირსების შემლახავ მოპყრობას ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ. „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკოსის დაუყოვნებელი გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ.
სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, პოლიციელთა მხრიდან სრული შემოწმების დროს, პირს არ უნდა მოეთხოვებოდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლება და ამგვარი პრაქტიკა დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოპყრობაა. ამასთან, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორების შინაგანაწესის მიხედვით, პირადი დათვალიერების დროს, დაუშვებელია შესამოწმებელი პირის სრული გაშიშვლება.
