საქართველოს პარლამენტის წევრის, ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური არ იძიებს პოლიციელების მიერ მასზე განხორციელებულ ძალადობას, რითაც მოძალადეებს ახალისებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
- 4 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 5 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
„17 აპრილს, ღამით, მთავრობის კანცელარიასთან ჩემზე იძალადა დაახლოებით 5-მა პოლიციელმა. ყველაფერი კადრებში ჩანს, გადაღებულია. თითოეული მათგანი სახეზე ჩანს და ამ საქმის გამოძიება, დამნაშავეების ამოცნობა და შესაბამისად, დასჯა იყო ძალიან მარტივი.
ჩემს ზურგს უკან არის ერთი ბეჩავი ორგანიზაცია, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სადაც გამოკითხვაზე მე და ჩემი ადვოკატი ვიყავით. მას შემდეგ 20 დღეზე მეტი გავიდა და არც არავინ დაუკავებიათ, არადა სახეზე ჩანან მოძალადე პოლიციელები. არც არავისთვის ბრალი წარუდგენიათ, როცა საქმე ხელისგულზეა და მეტიც, დაზარალებულადაც კი არ მცნეს. სინამდვილეში ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ, ჩვეულებრივი ქართველი, მაგრამ
ვარ პარლამენტის წევრი, კონსტიტუციის მიხედვით, მიცავს იმუნიტეტი, ხელშეუხებლობის მაღალი გარანტიები მაქვს წესით. არადა, ჩემს წინააღმდეგ ადგილი ჰქონდა ძალადობას და ყურს არ იბერტყავს არც ხელისუფლება და არც ეს რაღაც უდღეური ორგანიზაცია, სპეციალური საგამოძიებო სამსახური.
ასეთ ფაქტთან გვაქვს საქმე. სინამდვილეში ეს საქმის ჩაფარცხვაც არ არის, სინამდვილეში ეს არის მოძალადე პოლიციელების წახალისება, რომ ამ პოლიციელებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ და არამხოლოდ დეპუტატზე იძალადონ, არამედ იმ აქციის ნებისმიერ მონაწილეზე, რომელიც ასე ხანგრძლივად მიმდინარეობს“, - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ოფისის წინ გამართულ ბრიფინგზე.
დეპუტატის თქმით, ხელისუფლება გადაიქცა მოძალადე რეჟიმად, ტერორისტულ ორგანიზაციად, ხელს აფარებს მოძალადეებს და ახალისებს ძალადობას.
მთავრობის კანცელარიასთან ალექსანდრე ელისაშვილზე დაკავებას წინ უძღოდა პარლამენტში, 15 აპრილს მომხდარი ინციდენტი. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსულ კანონს განიხილავდნენ, როცა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალექსანდრე ელისაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს და კანონპროექტის ერთ-ერთ ავტორს, მამუკა მდინარაძეს თავს დაესხა, თავში მუშტი დაარტყა. ელისაშვილი ანგარიშსწორების მიზნით საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა იქვე ცემეს. ორი დღის შემდეგ, საპროტესტო აქციაზე ყოფნისას, როცა ელისაშვილს მთავრობის კანცელარიაში შესვლა სურდა, მას პოლიციელები გაუსწორდნენ.
„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაჟა სირაძის დავალებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, ამ შეთრევის დროს წავიქეცი და დაგდებულს მირტყამდნენ გამეტებით. შემდეგ გადამიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდუბის განყოფილებაში, სადაც რამდენიმე საათის განმავლობაში ვიყავი. იქ ადამიანური გარემო იყო. შემდეგ მოვედი კლინიკაში, ძალიან მტკიოდა და აღმოჩნდა, რომ ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი,“ - განაცხადა ელისაშვილმა.
