პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას საქართველოში უკონტროლო ელიტარული კორუფციის არსებობაზე ისაუბრა. მისი თქმით, კორუფცია არის „აუცილებელი ცემენტი“, რომელიც ძალაუფლების მატარებელი ჯგუფის ირგვლივ „სანდო კასტას“ ჰკრავს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 სოზარ სუბარი პოლიციელების ხელფასების 20%-ით გაზრდას ითხოვს
- 4 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 5 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 6 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
„ელიტარულმა კორუფციამ ახალი მასშტაბი მიიღო, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ელიტის მადას ზღვარი არ გააჩნია და რეალურად, არაფერი კონტროლდება, არავის პასუხისმგებლობა ვლინდება. ეს იმიტომ, რომ ელიტარული კორუფცია აუცილებელი ცემენტია, რომელიც მონოლითური ძალაუფლების ირგვლივ კრავს სანდო კასტას - ისინი არ ეცილებიან ძალაუფლებაში, სანაცვლოდ კი დოვლათს ინაწილებენ.
ძალაუფლების გაღმერთება და კერპად ქცევა პირდაპირ საბჭოთა მემკვიდრეობაა, თავისი ვერტიკალით, ერთპარტიულობით, ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით, მადლობებით, გადარჩენისთვის საკუთარი თავის დამცირებით და დამნაშავედ ცნობით, კომპრომატებით, მოსმენებითა და დასმენებით, კლანებითა და მონებით. აქ საბჭოთა სისტემაზე ვსაუბრობ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, დამოუკიდებლობის შემდეგ ვერცერთმა მთავრობამ ვერ იპოვა თავის თავში ძალა და ნება, ძალაუფლების მონოლითი ბოლომდე ჩამოეშალა და ძალაუფლების დემოკრატიული ბალანსი აღედგინა. პრეზიდენტმა სასამართლო „კლანი“ ახსენა და აღნიშნა, რომ ის არსებული სისტემის დამხმარე ინსტრუმენტია.
„ძალაუფლება კი ხელიდან ხელში გადავიდა, სხვა მეპატრონე გაუჩნდა, მაგრამ სისტემა ძირეულად არ და ვერ გარდაიქმნა. ეს სისტემა გულისხმობს ძალაუფლების ერთ ხელში და ერთ ვერტიკალზე კონცენტრაციას, სასამართლოს და ყველა ძალოვანი უწყებების ძალაუფლების დამხმარე ინსტრუმენტებად გამოყენებას.
სასამართლო „კლანი“ სწორედ ამ მარადიული სისტემის ინკარნაციად იქცა: მურუსიძე და ჩინჩალაძე იმავე თავდადებით ემსახურებიან დღევანდელ მმართველ გუნდს, როგორც ემსახურებოდნენ გუშინდელს და თუ არაფერი შეიცვალა, ხვალაც მონახავენ ახალ პატრონს, ვისაც გამოუცხადებენ ერთგულ მსახურებას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ამ სისტემისთვის დამახასიათებელია ოპოზიციის შევიწროების სურვილი, მას არ სჭირდება არც პოლიტიკური კონკურენტი და არც კრიტიკული აზრი: „აქედან გამომდინარე, ავტომატურად ხდება ნებისმიერი ალტერნატივის დემონიზაცია, ანუ უაპელაციოდ მოღალატის, აგენტის, რადიკალის იარლიყის მიკერება - „ვინც ჩემს ძალაუფლებაში მეცილება, ესე იგი, ქვეყანას ებრძვის“. კომპრომატები დისკრედიტაციისა და განადგურების იარაღია, მოსყიდვა კი რბილი ალტერნატივა“.
დღეს, 6 თებერვალს სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარდგა. ეს მისი ბოლო ანგარიშია პრეზიდენტის რანგში. „დღეს ბოლოჯერ კი არ ვდგავარ, პირველად ვდგავარ როგორც ევროკავშირის კანდიდატი წევრი ქვეყნის პრეზიდენტი. გილოცავთ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა თავისი გამოსვლის დასაწყისში.