ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორად საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, კონსტანტინე გამსახურდია ინიშნება. მისი თქმით, ამ თანამდებობის დაკავება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა შესთავაზა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 5 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 6 კალაძე შენობების ფასადების „ვანდალურად მოხატვისთვის“ კანონის გამკაცრებას ითხოვს
რამდენიმე დღის წინ, კონსტანტინე გამსახურდია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფუძნებული კონკურსის „მუზას“ გამარჯვებული გახდა ნომინაციაში - წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა/ესე, ნამუშევრისთვის - კონსტანტინე გამსახურდია, „სამშობლოსა და ერი-სახელმწიფოსთვის - ზვიად გამსახურდიას ბიოგრაფიული პორტრეტი“. კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცათ ფულადი ჯილდო - 5000 ლარი.
კონსტანტინე გამსახურდია გიორგი კეკელიძეს შეცვლის, რომელიც 2012 წლიდან პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორია. კეკელიძემ დღეს განაცხადა, რომ შალვა პაპუაშვილი შეხვდა და თანამდებობიდან წასვლა მოსთხოვა.
„მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი და განახლების დროა. მე მშვიდად ვუთხარი, რომ იურიდიულად ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ არსებობს სხვა სამართალი და ამ სამართლით, ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა“, - დაწერა სოციალურ ქსელში კეკელიძემ.
კეკელიძემ საჯაროდ არაერთხელ დააფიქსირა კრიტიკული პოზიცია ქვეყანაში განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე. მისი დირექტორობის პერიოდში ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზი ხელმისაწვდომი იყო, მათ შორის, კრიტიკული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის სხვადასხვა ღონისძიების ჩასატარებლად. 2023 წლის 1-ელ დეკემბერს, სწორედ ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეხვდა ყოფილი სახალხო დამცველი, მოძრაობა „საქართველოს ევროპული ორბიტის“ ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია კულტურის სფეროს წარმომადგენლებს.
ამ დროისთვის არც შალვა პაპუაშვილს და არც პარლამენტის პრესსამსახურს ამ საკითხზე განმარტება არ გაუკეთებიათ.
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა არის ძირითადი სამეცნიერო ბიბლიოთეკა, რომელშიც დაცულია საქართველოს ბეჭდვითი გამოცემები, უცხო სახელმწიფოების სამეცნიერო და უნივერსალური ხასიათის უმნიშვნელოვანესი ბეჭდვითი გამოცემები და სხვა დოკუმენტები. განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გამო ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოს პარლამენტს ექვემდებარება. „პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
