საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მას უთხრა, რომ თანამდებობიდან უნდა წავიდეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 2 მზია ამაღლობელმა კობახიძეს, მდინარაძეს და სუბარს ცილისწამებისთვის უჩივლა
- 3 ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს წულუკიანის კომისიის სხდომაზე არმისვლის გამო
- 4 ბათუმის და ქობულეთის მერები ფეისბუკპოსტებით გადადგნენ
- 5 რუსთავში დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებული უცხოელი
- 6 გლდანის ციხიდან კლინიკაში მძიმე დაზიანებებით გადაყვანილი პატიმარი გარდაიცვალა
„პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი და განახლების დროა. მე მშვიდად ვუთხარი, რომ იურიდიულად ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ არსებობს სხვა სამართალი და ამ სამართლით, ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა.
მერე გამოვედი, პარლამენტის კიბეზე ჩამოვჯექი და ვფიქრობდი იმ საოცარ გეგმებზე, საოცარ ხალხთან ერთად რომ მქონდა, იმ წლებზე, დღეებზე და წუთებზე, რომელიც ამ საქმეს შევალიე და რომ მქონდა ერთი დიდი ოცნება - გამეხსნა ლეგენდარული პირველი კორპუსი, რომლის რესტავრაცია უკვე დაიწყო და მე უკვე შორიდან გავიხარებ ამ ამბით. და მერე გამახსენდა, რომ ეს არის ჩვენებური ალგორითმი და რომ ეს ასეც უნდა მომხდარიყო.
ჩემთვის ემოციურად ეს არ არის რიგითი ამბავი, შეიძლება რაღაც აზრით მთავარიც კი არის, რადგან ეს სივრცე ჩემთვის იყო არა რაღაც თანამდებობა, არამედ საუკეთესო გზა განათლების გავრცელების. და ათასობით დეტალი ხვალინდელი დღის და განვითარების ამ ქვეყნისთვის. და ძნელია, შეუძლებლად ძნელიც კი ამის ჩამომსხვრევა - თუმცა არანაირი ინტერვიუ არ იქნება ჩემგან, არანაირი ბრძოლა და „ბრძოლა“ - გავუმკლავდები“, - გიორგი კეკელიძემ შეხვედრისა და საუბრის შინაარსზე ფეისბუკში დაწერა.
ამ დროისთვის არც შალვა პაპუაშვილს და არც პარლამენტის პრესსამსახურს ამ საკითხზე განმარტება არ გაუკეთებიათ.
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა არის ძირითადი სამეცნიერო ბიბლიოთეკა, რომელშიც დაცულია საქართველოს ბეჭდვითი გამოცემები, უცხო სახელმწიფოების სამეცნიერო და უნივერსალური ხასიათის უმნიშვნელოვანესი ბეჭდვითი გამოცემები და სხვა დოკუმენტები. განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გამო ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოს პარლამენტს ექვემდებარება.
„პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
გიორგი კეკელიძე ეროვნულ ბიბლიოთეკას 2012 წლიდან მართავდა და ის გამორჩეულად აქტიური იყო საბიბლიოთეკო ქსელის განვითარების, არაფორმალური განათლების გავრცელების კუთხით.
კეკელიძემ საჯაროდ არაერთხელ დააფიქსირა კრიტიკული პოზიცია ქვეყანაში განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე. მისი დირექტორობის პერიოდში ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზი ხელმისაწვდომი იყო მათ შორის კრიტიკული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის სხვადასხვა ღონისძიების ჩასატარებლად.
2023 წლის 1-ელ დეკემბერს, სწორედ ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეხვდა ყოფილი სახალხო დამცველი, მოძრაობა „საქართველოს ევროპული ორბიტის“ ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია კულტურის სფეროს წარმომადგენლებს.
