„არაფერი რომ არ არსებობდეს არგუმენტი, ერთი არგუმენტი ამართლებს მარტო ამ კანონის მიღებას - „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ კამპანია გახსოვთ?“ - საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარიძის განცხადებით, აქვს ინფორმაცია, რომ „რუსული ძალიან მსხვილი ფინანსები მიემართებოდა იმისთვის, რომ „ნამახვანჰესის“ მშენებლობას ხელი შეშლოდა, თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტები დღეს არ აქვს“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ამავე დროს, ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან და ამ ქვეყნების გარკვეული ორგანიზაციებიდან დაფინანსებული NGO სექტორის წარმომადგენლებიც „უსაფორთებდნენ“ [მხარს უჭერდნენ - რედ.] ამ კამპანიას. დღეს მე მტკიცებით ფორმატში... ეს ვამბობ, რომ გვაქვს ინფორმაცია. დოკუმენტზე ასახული არც ის მაქვს, რომ რუსეთიდან ფინანსდებოდა და არც ის, რომ ამ კამპანიისთვის ფინანსდებოდა ქართული NGO [არასამთავრობო ორგანიზაცია - რედ.], მაგრამ ეს ყველამ ვიცით ზეპირად. როდესაც ფურცელზე დაიწერება ეს ყველაფერი, შემდეგ კითხვას დასვამს ქართველი კაცი თუ ქალი თამამად - რატომ ხდება, რომ რუსული ინტერესი, რომ ამ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა არ არსებობდეს, ემთხვევა ჩვენი მეგობარი ქვეყნის რომელიმე ორგანიზაციიდან დაფინანსებული NGO სექტორის წარმომადგენლის ინტერესს. რატომ ხდება? რაშია საქმე? ამის შემდეგ კითხვას დავსვამთ და იქ ძალიან ბევრი საინეტრესო რაღაც შეიძლება ამოვარდეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონპროექტების ინიცირების შემდეგ, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით კომენტარი რამდენჯერმე გააკეთა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემაც. მისი თქმით, იყვნენ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციებში, რომლის პოლიტიკური მიზანი ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის დასუსტება იყო. ამ კონტექსტში კობახიძემ კორუფციაში დაადანაშაულა ევროპარლამენტარი და დემოკრატიის ევროპული ფონდის (EED) ბორდის წევრი ეიდი ჰაუტალა, რომელმაც „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ საქართველოს მოქალაქეების მასშტაბურ პროტესტს მხარი Twitter-ზე გამოქვეყნებული განცხადებებით დაუჭირა.
მოძრაობამ „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ნამოხვანის ჰესების კასკადის წინააღმდეგ აქციები 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო. ბოლო წლების განმავლობაში, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა თვითორგანიზებული ჯგუფის მიერ დაწყებულ მოძრაობას ათობით ათასი ადამიანი შეუერთდა და პროტესტი უწყვეტი სახით 20 თვის განმავლობაში გაგრძელდა.
როგორც მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ხელმძღვანელი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, „აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების რეალური მიზანი არა გამჭვირვალობა, არამედ კრიტიკული აზრის გაქრობა, მოქალაქეთა შესაძლო გაერთიანებების აღკვეთა და ნებისმიერი პროტესტის მარგინალიზებაა. მისი თქმით, შემთხვევითი არ არის, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „ნამახვანჰესი“ რამდენჯერმე ახსენა.
„როდესაც ნამახვანის ბრძოლა აქტიური იყო, რამდენიმე ორგანიზაცია პროცესს ეხმარებოდა და ეს ადამიანები თავის პროფესიულ აზრს გამოთქვამდნენ. მაგალითად, დასაწერი გვქონდა სარჩელები, რომლებიც დღემდე არ არის განხილული, მაგრამ ეს სარჩელები იმ ხალხის მომზადებულია. ადამიანის უფლებათა ნაწილში კიდევ სხვა ორგანიზაციები მუშაობდნენ, გარემოს დაცვის საკითხებში - სხვა ორგანიზაციები და ა.შ., ანუ პრაქტიკულად, როცა კობახიძე ამ ორგანიზაციებს პრობლემად ასახელებს, პირდაპირ იქითკენ უმიზნებს, რომ პროფესიულმა აზრმა ამ საკითხთან დაკავშირებით აღარ იარსებოს. ეს არის მმართველობის დიქტატორული ფორმა, რომ გაასუფთავო ველი და აღარავინ დარჩეს, ვინც კრიტიკულ აზრს გამოთქვამს.
ხელისუფლება სამომავლოდ რეპრესიებს აინიცირებს. როცა განახლდება ნამახვანის პროცესი - და ყველაფერზე ეტყობა, რომ ისინი ამას გეგმავენ - დაიწყება რეპრესიები ჩვენნაირი ადამიანების მიმართ. ამ კანონის მიღების შემთხვევაში, ხელისუფლებას შეუძლია ნებისმიერი ზომა მიიღოს ჩვენნაირი მოძრაობის წინააღმდეგ. ვგულისხმობ იმას, რომ როგორც კი შენ ფიზიკურად ველზე გახვალ, თუნდაც, როგორც ჩვენ ვიყავით კარვებში, იმდენად მარგინალიზებულად გამოცხადდები საფუძველშივე და ამ პროცესს არ ეყოლება პროფესიული მხარდამჭერი, ვინც პროფესიულ აზრს გამოთქვამს, რომ ჩათვალეთ, პირდაპირ ციხისკენ მიმავალი გზა გაქვს გარანტირებული.
ამასთან, არანაირ კავშირში არ არის ფინანსების გამჭვირვალობა. თუ ჩვენს ფინანსებს ეხება რამე, არაერთგზის გვითქვამს, რომ ვფინანსდებოდით ემიგრანტებისა და ჩვენი თანამოქალაქეების მიერ. აუდიტის დასკვნა 2022 წლის 2 ნოემბერს გვაქვს გამოქვეყნებული. ჩვენ გრანტი არ მიგვიღია“, - ამბობს ვარლამ გოლეთიანი.
აუდიტის დასკვნით, 2020 წლის 15 ოქტომბრიდან 2021 წლის 31 ივლისის ჩათვლით, მოძრაობამ „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ შემოწირულების სახით 283 498 ლარი მიიღო. შემწირველები საქართველოში მცხოვრები და ემიგრაციაში წასული საქართველოს მოქალაქეები არიან.
საქართველოს პარლამენტმა 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ, 7 მარტს, პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. კანონი დამოუკიდებელ მედიასაშუალებებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს „უცხოეთის აგენტებად“ აცხადებს და მათ შესაზღუდად ან დასახურად მრავალ ბერკეტს ითვალისწინებს.