პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველოს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას ენერგეტიკული განვითარება ვერ დაეწია, მათ შორის, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის დაბლოკვის გამო. როგორც კობახიძე ამბობს, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის გაჩერების ინტერესი, შესაძლოა, ჰქონოდა დემოკრატიის ევროპულ ფონდს (EED), რომელიც საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებს და რომლის ბორდის ერთ-ერთი წევრმა, ევროპარლამენტარმა, ეიდი ჰაუტალამ პროტესტს მხარდაჭერა გამოუცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში უცხოური გავლენის აგენტების შესახებ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ პროტესტზე, რომელიც 2020-21 წლებში მიმდინარეობდა.
„იქ სხვადასხვა ინტერესი იკვეთებოდა, როდესაც დაიბლოკა რეალურად „ნამახვანჰესის“ მშენებლობა. ეს ჰესი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ საქართველომ გაიმყაროს ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და არა მარტო. ეგზისტენციური მნიშვნელობა აქვს ამ და სხვა რამდენიმე ჰესის მშნებელობას იმისთვის, რომ ჩვენს ეკონომიკას დაეწიოს ენერგეტიკული განვითარება.
რაც უფრო მეტად ვითარდება ეკონომიკა, მით უფრო მეტად იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება. ეს სჭირდება არა მხოლოდ მოსახლეობას, რომელსაც მეტი შემოსავალი უჩნდება ეკონომიკის ზრდით და შესაბამისად, ენერგორესურსებზე მოთხოვნაც მეტი აქვს, არამედ ეს სჭირდებათ საწარმოებს, რომლებიც ფართოვდებიან ან იქმნებიან ეკონომიკის ზრდის საფუძველზე. ეკონომიკურ ზრდას თუ არ დაეწია ეკონომიკა, ასეთ შემთხვევაში იქმნება სერიოზული კრიზისი, სერიოზული პრობლემა.
ამ ორი წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს - შარშანწინაც და შარშანაც, ხომ? ამას ვერ დაეწია ენერგეტიკული განვითარება, მათ შორის, იმის გამო, რომ დაიბლოკა „ნამახვანჰესის“ მშენებლობა, სადაც იყო პოლიტიკური ინტერესები. მე ვიცი, ვისი ინტერესებიც იყო, მაგრამ ზოგადად ვიმსჯელოთ. შეიძლება ყოფილიყო აქ, მაგალითად, იმპორტიორი კომპანიების ინტერესი. შეიძლება, ყოფილიყო რუსული მხარის ინტერესი - რა თქმა უნდა, რუსეთს ურჩევნია თავისი ელექტროენერგია გაყიდოს საქართველოში, ნაცვლად იმისა, რომ თვითონ ვაწარმოოთ ჩვენი ელექტროენერგია. ერთი, რომ ამით მოგებას ნახულობს რუსული მხარე და ჩვენ ვართ დღემდე დამოკიდებული რუსულ იმპორტზე ელექტროენერგიის თვალსაზრისით და გარდა ამისა, ენერგოდამოკიდებულების ხარისხი რჩება მაღალი.
სხვა სუბიექტებიც იყვნენ. გარდა ამ შესაძლო მხარისა, იყო მეორე შესაძლო მხარე. იყვნენ კონკრეტული ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც იღებენ დაფინანსებას კონკრეტული წყაროებიდან. მაგალითად, EED-ი, რომელიც ცნობილია საქართველოში იმით, რომ კარლ ჰარცელმა სწორედ მას გადაახდევინა მელიას გირაოს თანხა. არის ასევე NED-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასეთი ორგანიზაციებია, რომლებიც აფინანსებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს სხვადასხვა მიზნით. ამ შემთხვევაში იყვნენ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებოდნენ ამ ტიპის წყაროებიდანდ და რომლებიც ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციებში, რომლის მიზანი, პირდაპირ ვიტყვი, პოლიტიკური მიზანი იყო ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის დასუსტება. ეს იყო პოლიტიკური მიზანი.
EED-ი ვახსენე, ეს არის ევროკავშირის მიერ ოფიციალურად დაფუძნებული სტრუქტურა და ამ ორგანიზაციის ბორდის ერთ-ერთი წევრი არის ქალბატონი ჰაუტალა, ყოფილი თუ მოქმედი ევროპარლამენტარი, ყოველ შემთხვევაში ადრე იყო ევროპარლამენტარი. პირდაპირ გამოვიდა მაშინ, როდესაც, როგორც ჩანს, არ ეყოთ მარტო არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობა და პირდაპირ მხარი დაუჭირა იმ პროტესტს, რომლის მიზანიც იყო საქართველოში ენერგეტიკული დამოუკიდებლობის შეზღუდვა.
როდესაც ასეთი რაღაცეები ხდება, აქაც არაფერს არ ვზღუდავთ. ჰაუტალასაც შეუძლია იგივე თქვას, რასაც წარსულში ამბობდა, იმ ორგანიზაციებსაც შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ იმ საპროტესტო აქციებში, რომელთა მიზანია ენერგეტიკული ზრდის დაბლოკვა საქართველოში. ერთადერთი, რაც კეთდება ამ კანონპროექტით და რაც მოგვწონს ამ კანონპროქტში, არის ის, რომ ეს ყველაფერი ხდება გამჭვირვალე, ანუ საქართველოს მოსახლეობას ეცოდინება, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც აპროტესტებენ და ბლოკავენ „ნამახვანის“ მშენებლობას, ფინანსდებიან ამა და ამ წყაროდან - ეს შეიძლება იყოს ჩრდილოეთის წყარო, ეს შეიძლება იყოს დასავლეთის წყარო და ეს შეიძლება იყოს აღმოსავლეთის წყარო“, - განაცხადა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ეიდი ჰაუტალას განცხადებებს კორუფციის სუნი უდის: „ჩვენ გვაწუხებს ის, რომ ეს კორუფციული პრობლემები [ევროპარლამენტში თუ ევროკავშირის აღმასრულებელ სტრუქტურებში] პირდაპირ ასახვას ჰპოვებს საქართველოში განვითარებულ პროცესებზე. აშკარად რაღაც კორუფციის სუნი უდის ამ ყველაფერს, როდესაც ჰაუტალა გამოდის და ნამახვანის მშენებლობას ბლოკავს, აქაც არ ვიცი რა შეიძლება იყოს მის უკან. რა იცის ჰაუტალამ, საქართველოში ნამახვანი კარგია თუ არ არის კარგი. ხომ წარმოუდგენელია, რომ ეს ინფორმაცია ჰქონდეს და საერთოდ, ის რომ ინტერესდება ასეთი საკითხებით. უცბად გამოდის და ერთვება საპროტესტო მოძრაობაში... თუ არ ვცდები უკვე მეექვსე ევროპარლამენტარი, მათ შორის, თანამდებობის პირები დაიჭირეს კორუფციული სკანდალების გამო. როდესაც არაბებისგან ფულის აღებას ეხება ხოლმე საქმე, იქ საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს ხოლმე გამოძიებები, მაგრამ, როგორც ჩანს, როდესაც ქართული წყაროებიდან შედის ფული, იქ იმდენად სწრაფი არ არის ხოლმე გამოძიება“.
მოძრაობამ „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ნამოხვანის ჰესების კასკადის წინააღმდეგ აქციები 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო. ბოლო წლების განმავლობაში, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა თვითორგანიზებული ჯგუფის მიერ დაწყებულ მოძრაობას ათობით ათასი ადამიანი შეუერთდა და პროტესტი უწყვეტი სახით 20 თვის განმავლობაში გაგრძელდა.
„მივესალმები ქართველი ხალხის ამ ახალი ტიპის მობილიზებას ჩამორჩენილი და დესტრუქციული ეკონომიკური მოდელის წინააღმდეგ. გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ნაკლებობა საიდუმლო კონტრაქტებთან დაკავშირებით შოკისმომგვრელია“, - ასე გამოეხმაურა ეიდი ჰაუტალა, რომელიც ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი და პარტია „მწვანეები – ევროპის თავისუფალი ალიანსის“ წევრია, 2021 წლის ივნისში „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ აქციებს.
მანამდე, 22 აპრილს, მან Twitter-ზე დაწერა, რომ მხარს უჭერს საქართველოს მწვანეებს და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დასავლეთ საქართველოში ნამოხვანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას აპროტესტებენ.
მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ხელმძღვანელის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, მთავრობა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის განახლებას აპირებს და იმ ორგანიზაციების დისკრედიტაციას ცდილობს, ვინც ამ თემაზე მუშაობდნენ.
აუდიტის დასკვნით, 2020 წლის 15 ოქტომბრიდან 2021 წლის 31 ივლისის ჩათვლით, მოძრაობამ „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ შემოწირულების სახით 283 498 ლარი მიიღო. შემწირველები სრულად საქართველოში მცხოვრები და ემიგრაციაში წასული საქართველოს მოქალაქეები არიან.