პარლამენტმა „უცხოური გავლენის აგენტის“ შესახებ კანონპროექტი განსახილველად მიიღო

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს პარლამენტის ბიურომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყებას მხარი დაუჭირა, იმის მიუხედავად, რომ კანონპროექტს იურიდიული დეპარტამენტის დასკვნა არ ჰქონდა. აქამდე არსებული პრაქტიკით, ამ დასკვნის გარეშე წარდგენილ კანონპროექტს ბიურო ავტორებს უკან უბრუნებდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ბიუროს სხდომის პარალელურად, პარლამენტის შენობაში საპროტესტო აქციას მართავდნენ ინტერნეტგამოცემების და გამომძიებელი ჟურნალისტები. ისინი მოუწოდებდნენ პარლამენტის თავმჯდომარეს და ბიუროს წევრებს, არ მიეღოთ განსახილველად რუსული კანონპროექტი, რომელიც დამტკიცების შემთხვევაში დამოუკიდებელი მედია საშუალებების დახურვას გამოიწვევს.

ოპოზიციიდან პარლამენტის წევრმა თეონა აქუბარდიამ ბიუროს სხდომაზე თქვა, რომ ე.წ. „ხალხის ძალის“ წარდგენილი კანონპროექტის მიზანი არ არის მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების გამჭვირვალობა, რაც სხვა გზითაც არის შესაძლებელი, „იარლიყების მიკვრის გარეშე“. „გვაქვს რუსეთის და უნგრეთის გამოცდილება. ევროკავშირის ქვეყნებში ამგვარი იარლიყები არის მიჩნეული როგორც ადამიანის საყოველთაო უფლებების დარღვევა და ეს მიუღებელია ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის. პირდაპირ გვითხრეს, რომ აღნიშნული კანონპროექტის განხილვაც კი დააზიანებს კანდიდატის სტატუსს. ეს კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ამ შემთხვევაში ერთადერთი გამონაკლისია ის, რომ ციხეში არ სვამთ სამოქალაქო სექტორს და აჯარიმებთ იმავე თანხით, რაც რუსეთის კანონმდებლობაშია“, - თეონა აქუბარდიამ პარლამენტის თავმჯდომარეს ჰკითხა: რა მაგალითს აძლევს ამ კანონის მიღებით რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის საზოგადოებას, რომელიც უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების კანონის მიღებას ეწინააღმდეგება და განიხილავს თუ არა მმართველი პარტია, კანონპროექტი ვენეციის კომისიას გაეგზავნოს. შალვა პაპუაშვილმა ამ კითხვებს არ უპასუხა.

პარტია „ლელოდან“ პარლამენტის წევრმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ კანონპროექტში არაფერი ამერიკული არ არის და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც საჯაროდ უჭერს მხარს კანონპროექტს, ინიციატორებშც უნდა იყოს მითითებული.

„ამ კანონპროექტიდან გამომდინარე დაფინანსების მიღების ფაქტი უკვე არის აღიარებული იმ საკმარის ფაქტად, რომ დაფინანსების მომცემი თავისი ინტერესის გატარებას ცდილობს ამ ქვეყანაში და მიმღები მის კონტროლქვეშაა, გავლენის ქვეშაა და მის მითითებებს ასრულებს. ამერიკის კანონი პირიქითაა. ვინც ამას უჭერთ მხარს, რომ უნდა დაიხუროს ის ადგილები, საიდანაც შემოდის იმ ტიპის სიო, იმ ტიპის იდეები, რომელსაც... ბატონი შალვა წლების განმავლობაში მუშაობდა იმ ორგანიზაციაში და უცხო ძალის ინტერესებში აქცევდი, შალვა, იმ ხალხს, ვისთანაც აქ ფინანსურ ურთიერთობაში იყავი? უცხო ძალის კონტროლით აკეთებდი ამას? უცხო ძალის დაქვემდებარებაში იყავი, როდესაც აქ რაღაც კანონპროექტებზე მუშაობდი და ვინც შენ გემუშავებოდა, იმას „ავერბოვკებდი“ რომ უცხო ქვეყნის ინტერესებისთვის ემუშავა? ეს ხომ სისულელეა ხალხო“, - მიმართა უსუფაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც წლების განმავლობაში უცხო ქვეყნის ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტებში მუშაობდა.

„ევროპელი სოციალისტებიდან“ ფრიდონ ინჯიას თქმით, ის „ხალხის ძალაზე“ ადრე ითხოვდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ჩარჩოებში ჩაესვათ, რადგან მათი ნაწილი ხშირად აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს.

„ისინი გვევლინებოდნენ როგორც პოლიტიკური პარტია, იმათ ჰქონდათ უკვე სტრუქტურები შექმნილი როგორც პოლიტიკურ პარტიას. ამიტომ მე მიმაჩნდა და ჯერ კიდევ 23 ივნისს განცხადებით ვთხოვე პრემიერს, ვთხოვე უმრავლესობას, რომ მიეღოთ შესაბამისი კანონი, რომელიც ყველაფერ ამას თავის ჩარჩოებში ჩასვამდა. რას ვეფერებით? თუ სახელმწიფოს ინტერესებია, ის სახელმწიფო ინტერესები ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი და არა ნახევრად. თუ არის იქ გასამკაცრებელი, საკმარისია... 30 წლის განმავლობაში ეს ორგანიზაციები რაც უნდათ, იმას აკეთებდნენ. ლამის მინისტრებს ნიშნავდნენ, სახალხო დამცველს და მრავალ სხვას“.

ევროპელი სოციალისტების კიდევ ერთმა დეპუტატმა ავთანდილ ენუქიძემ თქვა, რომ ვისაც საქართველოსთან მეგობრობა უნდა, იმეგობროს საქართველოს ხალხის მიერ არჩეულ მთავრობასთან და ფულიც მას მისცეს.

„ბომბების ჩადებას აქ, იმ არასამთავრობოებით თავი დაანებოს. ვისიც არის, არ ვიცი მე. ის ფული მისცეს საქართველოს მთავრობას. ბომბებს ნუ დებს ეგა. ეგ იმისთვისაა, რომ მერე ააყირავოს მთავრობა, თუ მისი მორჩილი არ იქნება. ესაა სიმართლე, რომელიც არ გინდათ არავის, ასე გამოკვეთილად რომ თქვათ. ყველა ქვეყანაში მაგისთვის დებენ მაგ ფულს.

კი ბატონო, დახარჯონ ფული და პეპლებზე და ბოტანიკაზე ილაპარაკონ რამდენიც უნდათ. მე აგერ დეკლარაცია რომ შევავსე, 1200 ლარით დამაჯარიმეს იმიტომ, რომ ჩემი ცოლის ერთ-ერთი ანგარიში დამავიწყდა, რომელზეც საერთოდ ფული არ ყოფილა. გიგაურს (საერთაშორისო-გამჭვირვალობა-საქართველოს დირექტორი) 25 მილიონი მისცეს და რომ ეკითხებიან, თქვენ არ გეკითხებათ არავინო და ეს ფული ჩემს ქვეყანაში იხარჯება, ამაზე მაქვს მე ლაპარაკი. სად არის ის 25 მილიონი. რატომ არ გვპასუხობს, სად დაიხარჯა? რატომ არ მპასუხობს? და მე 1200 ლარით დამაჯარიმეს - ერთი ცარიელი ანგარიში დამავიწყდა. კი არ დავქცეულვარ, უბრალოდ შეურაცხმყოფელია“, - განაცხადა ენუქიძემ.

„გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ, კანონპროექტი, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედიის ჟურნალისტები „უცხოეთის აგენტებად“ უნდა დარეგისტრირდნენ, პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობის წესს შეადარა და თქვა, რომ მათი ნაწილი ამას იმსახურებს.

„რაც ახლა ხდება „ენჯეოშნიკებთან“ და მედიასთან მიმართებაში, უკვე მოხდა პოლიტიკოსებთან და პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებაში. ჩვენი ფინანსები ზუსტად ისე კონტროლდება, იმ არგუმენტაციით ხდება პოლიტიკის გაკონტროლება, როგორც ახლა „ენჯეოშნიკებთან“ მიმართებაში. ზოგადად, მიმაჩნია, რომ „ენჯეოშნიკებს“ და მედია ორგანიზაციებს, რომლებიც მხარს უჭერდნენ პოლიტიკოსების ისე შეზღუდვას, როგორი შეზღუდვაც ახლა თავის თავზე არ მოსწონთ, ღირსებიც კი არიან და ამას იმსახურებენ, რადგან როცა პოლიტიკოსებს უზღუდავდნენ, მაშინ, პირიქით, ახალ-ახალ შეზღუდვებს და კონტროლის მექანიზმებს ითხოვდნენ. ჩემი კითხვა სხვა რამეშია - „ხალხის ძალის“ ამ კანონპროექტმა რით დაიმსახურა უფრო მეტი ყურადღება, რომ ახლა სასწრაფოდ ვიხილავთ, ვიდრე იმ კანონპროექტებმა, რომლებიც ერთი წლის წინ შემოვიტანეთ განსახილველად და ეხება ადამიანების უკანონო პატიმრობას. ამ კანონპროექტს არ ვიხილავთ და ამ სისულელეს, რომელიც ჯერ პოლიტიკოსებს გაგვიჩალიჩეს „ენჯეოშნიკებმა“ და ახლა პოლიტიკოსები იქით ვუჩალიჩებთ - თქვენ უჩალიჩებთ, მე არც მივიღებ ამაში მონაწილეობას, მაგრამ წინააღმდეგი არ ვარ, თქვენ რომ გაუჩალიჩოთ - ამან რითი დაიმსახურა იმაზე მეტი ყურადღება, ვიდრე კანონპროექტმა, რომელიც უკანონო პატიმრების გათავისუფლებას ეხება“.

  • კანონპროექტის მიხედვით, უცხოური გავლენის აგენტია ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (არასამთავრობო ორგანიზაცია) და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული, გარდა იმ ორგანიზაციებისა, რომლებიც დაფუძნებულია ადმინისტრაციული ორგანოს (სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანო/დაწესებულება) ან ეროვნული სპორტული ფედერაციების მიერ.
  • ასეთ იურიდიულ პირებს დაეკისრებათ ფინანსური ანგარიშგების ვალდებულება, რაც, მათ შორის, მოიცავს ინფორმაციის წარდგენას წინა კალენდარული წლის განმავლობაში დახარჯული ნებისმიერი ფულადი თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ. უცხოური გავლენის აგენტთა რეესტრში შეტანილი ინფორმაცია საჯაროა.
  • კანონპროექტის თანახმად, „უცხოური გავლენის აგენტის“ გამოსავლენად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექნება მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა, რომლის ფარგლებშიც, მას მიენიჭება ყველა საჭირო ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დამუშავების უფლებამოსილება.
  • მონიტორინგის დაწყების საფუძველია: იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება; სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს კონკრეტულ უცხოური გავლენის აგენტთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას;
  • კანონპროექტით სამინისტროს ასევე ენიჭება 10, 20 და 25 ათასი ლარით დაჯარიმების და ორგანიზაციათა იძულებითი რეგისტრაციის უფლებამოსილება.

კანონპროექტის ინიციატორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ეკა სეფაშვილი, დავით კაჭარავა და ზაალ მიქელაძე.

„ხალხი ძალის“ მტკიცებით, კანონპროექტი ძირითადად ამერიკის შეერთებულ შტატებში 1938 წელს მიღებული „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ აქტის“ (Foreign Agent Registration Act - FARA) მიხედვით შეიქმნა, თუმცა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა თქვა, რომ იგი ეფუძნება მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას და არა რომელიმე ამერიკულ კანონს.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ამ კანონპროექტს მისი მხარდაჭერა არ ექნება, რადგან ასეთი კანონი საქართველოს რუსეთთან დააახლოებს.

სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, კანონპროექტი არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დაცვის სტანდარტებს და შეუთავსებელია თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითად პრინციპებთან.

საქართველოში აშშ-ს საელჩოს 20 თებერვლის განცხადებით, „შემთხვევითი არ არის, რომ კრემლის ერთ-ერთი სამიზნე საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებაა“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.