საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, „ხალხის ძალის“ მიერ საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების დიდი ნაწილისთვის „უცხოეთის აგენტის“ სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს, არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დაცვის სტანდარტებს და შეუთავსებელია თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითად პრინციპებთან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- კანონპროექტის მიხედვით, უცხოური გავლენის აგენტია ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (არასამთავრობო ორგანიზაცია) და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული, გარდა იმ ორგანიზაციებისა, რომლებიც დაფუძნებულია ადმინისტრაციული ორგანოს (სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანო/დაწესებულება) ან ეროვნული სპორტული ფედერაციების მიერ.
- ასეთ იურიდიულ პირებს დაეკისრებათ ფინანსური ანგარიშგების ვალდებულება, რაც, მათ შორის, მოიცავს ინფორმაციის წარდგენას წინა კალენდარული წლის განმავლობაში დახარჯული ნებისმიერი ფულადი თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ. უცხოური გავლენის აგენტთა რეესტრში შეტანილი ინფორმაცია საჯაროა.
- კანონპროექტის თანახმად, „უცხოური გავლენის აგენტის“ გამოსავლენად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექნება მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა, რომლის ფარგლებშიც, მას მიენიჭება ყველა საჭირო ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დამუშავების უფლებამოსილება.
- მონიტორინგის დაწყების საფუძველია: იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება; სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს კონკრეტულ უცხოური გავლენის აგენტთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას;
- კანონპროექტით სამინისტროს ასევე ენიჭება 10, 20 და 25 ათასი ლარით დაჯარიმების და ორგანიზაციათა იძულებითი რეგისტრაციის უფლებამოსილება.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების არსებობის აუცილებელი წინაპირობაა, რაც არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს შესაძლებლობას აძლევს, ერთობლივად შეიტანონ წვლილი დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა რეალიზების ხელშეწყობაში. გაეროს დეკლარაცია უფლებადამცველების შესახებ ასეთ გაერთიანებებს ანიჭებს უფლებას, მოიძიონ, მიიღონ და გამოიყენონ რესურსები (მათ შორის, მიიღონ დაფინანსება უცხოური წყაროებისგან) საკუთარი საქმიანობის განსახორციელებლად. ამავდროულად, სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, შექმნან ხელშემწყობი გარემო, რომელშიც უფლებადამცველს დაბრკოლებებისგან თავისუფალი მოქმედების საშუალება ექნებათ.
გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლებასთან, აგრეთვე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან მიმართებით, რუსეთის ფედერაციისა და უნგრეთის კანონმდებლობაში ასახული მსგავსი მოწესრიგება ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (OSCE/ODIHR), ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, ვენეციის კომისიამ და გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა უარყოფითად შეაფასეს.
კერძოდ, ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის შეფასებით, უფლებადამცველები ხშირად ხდებიან სტიგმატიზაციისა და დისკრედიტაციის კამპანიის ადრესატები, რაც, მათ შორის, შესაბამის ქვეყნებში „უცხოურ აგენტებად“ მათი გამოცხადებისთვის, საკანონმდებლო რეგულაციების მიღებაში შეიძლება გამოიხატოს. საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, ამდაგვარად ორგანიზაციების სტატუსის განსაზღვრა ქმნის მათ მიმართ უნდობლობის, შიშის შემცველ და მტრულ ატმოსფეროს.
ვენეციის კომისიის განმარტებით, ხსენებული ტერმინი აბრუნებს კომუნისტურ პერიოდში გამოყენებულ რიტორიკას, ახდენს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას, აზიანებს მათ რეპუტაციას და სერიოზულად აფერხებს მათ აქტივობებს.
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მოსაზრებით ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, „უცხოური აგენტი“ შეიძლება ასოცირებულ იქნას „უცხოელ ჯაშუშთან“ და „მოღალატესთან“, რაც გაართულებს მსგავსი დახასიათების ქვეშ მოქცეულ პირებთან საზოგადოების და განსაკუთრებით, ხელისუფლების წარმომადგენლების თანამშრომლობას და შედეგად, მათ ჩართულობას პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მითითებით, ამ ტერმინის გამოყენება გაერთიანების თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევაა, რამდენადაც ქმნის განცდას, რომ შესაბამისი ორგანიზაციები უცხოურ კონტროლს ექვემდებარებიან.
საყურადღებოა ისიც, რომ ვენეციის კომისიის შეფასებით, გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლებაში არაპროპორციულ ჩარევას წარმოადგენს აგრეთვე ორგანიზაციების აგენტებად რეგისტრაცია მათი თანხმობის გარეშე და ეს შესაძლებლობა კანონით არ უნდა იყოს დადგენილი.
საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის გათვალისწინებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მან უნგრეთის მსგავსი საკანონმდებლო მოწესრიგება ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებთან და სამართალთან შეუსაბამოდ მიიჩნია.
ცალკე ყურადღებას იმსახურებს ის გარემოება, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ქმნის „უცხოური გავლენის აგენტებად“ მიჩნეული და მათთან სხვადასხვა სახის ურთიერთობაში მყოფი პირების შესახებ საკმაოდ დიდი მოცულობის პერსონალური მონაცემების შეგროვების და გამოქვეყნების საფუძველს. გარდა იმისა, რომ აღნიშნული, შესაძლოა, გაუმართლებელ ორგანიზაციულ ტვირთს აკისრებდეს თავად ორგანიზაციებს და წყვეტდეს მათ ძირითადი საქმიანობისგან, ის შესაძლოა ხელყოფდეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას ნებისმიერი იმ ინდივიდის პერსონალური მონაცემების დამუშავების და გასაჯაროების შესაძლებლობის შექმნით, ვინც რაიმე სახის, მათ შორის, შრომით ან მომსახურების სახელშეკრულებო ურთიერთობაშია ამ ორგანიზაციებთან.
აღსანიშნავია, რომ გაერთიანებების საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს და ამ მიზნის მიღწევის შესაბამისი საკანონმდებლო რეგულირება, ისევე როგორც საგარეო დახმარების შესახებ ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა და ანგარიშგების ინსტრუმენტი (eAIMS) არც საქართველოსთვის არის უცნობი. თუმცა, იმისთვის, რომ წარმოდგენილი ახალი კანონპროექტით უფლებებში ჩარევა გამართლებულად ჩაითვალოს, იგი უნდა იყოს აუცილებელი „მწვავე საზოგადოებრივი საჭიროების“ არსებობიდან გამომდინარე და ამავე დროს, შემზღუდველი საშუალებები და თანმდევი პროცედურები არ უნდა იყოს არათანაბარზომიერი, რასაც წარმოდგენილი კანონპროექტი, სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, ვერ აკმაყოფილებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იქნება შესაბამისი ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებთან“.
კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ პარტია „ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად წასულმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა (სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი და სხვები) დაანიცირეს.
„ხალხი ძალის“ და „ქართული ოცნების“ წევრების მტკიცებით, კანონპროექტი ძირითადად ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით შეიქმნა, თუმცა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა თქვა, რომ იგი ეფუძნება მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას და არა რომელიმე ამერიკულ კანონს. პრაისის განცხადებით, შემოთავაზებული კანონი საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმას გარიყავს და გააჩუმებს და პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ კანონპროექტში პრობლემას ვერ ხედავს.