პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პრობლემას ვერ ხედავს „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტში, რომელიც „უცხოური გავლენის აგენტების“ სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მხარდაჭერილი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებისთვის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
„ხალხისთვის გამჭვირვალე თუ გახდება კონკრეტული „ენჯეოს“ [არასამთავრობო ორგანიზაციის] თუ სხვა ორგანიზაციის ფინანსები, ეს სასჯელია? პარტიები დასჯილები არიან ახლა, როდესაც საკუთარი სახსრების დეკლარირებას ახდენენ? მაგალითად, პოლიტიკური პარტია რომ ავიღოთ, ჩვენ ყოველწლიურად წარვადგენთ დეკლარაციას აუდიტის სამსახურში და თითოეული თეთრი, რაც იხარჯება პარტიის მიერ, რა შემოსავალიც გვაქვს, საზოგადოებისთვის ცნობილია. ეს ხომ სასჯელი არ არის? ეს იმიტომ ხდება, რომ პარტიებს აქვთ სერიოზული გავლენა საზოგადოებაში, პოლიტიკურ ცხოვრებაში და აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ უნდა იცოდეს ვინ დგას, მათ შორის, დაფინანსების კუთხით ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის უკან. „ენჯეოების“ მიმართაც იგივე შეიძლება ითქვას. ჰკითხეთ ნებისმიერ მოქალაქეს და ვერავინ გეტყვით, რეალურად ვინ აფინანსებს ამა თუ იმ მედიასაშუალებას.
რაც შეეხება თვითონ ტერმინს, საქართველოს კანონმდებლობითაც და ზოგადად, ყველამ იცის, რომ აგენტი არ ნიშნავს ჯაშუშს.
საქართველოს კანონმდებლობით ჯაშუშობაა დასჯადი, ანუ „აგენტურიული საქმიანობა“ ასეთი ტერმინი არ გამოიყენება. ჯაშუშობა არის სხვა რამე და ვიღაცის ან რაღაცის აგენტი რომ ხარ, არის სხვა რამე. აგენტი ნიშნავს იმას, რომ ვიღაცის ინტერესის გამტარებელი ხარ და არა ჯაშუში. შეიძლება სხვა ტერმინიც არსებობდეს, მაგრამ ამ ტერმინს ვერ გამოეკიდები.
არის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. ეს არ ნიშნავს, რომ აგენტურაზე და აგენტებზე მუშაობს. რეალურად, ეს მიღებული ტერმინია და ნიშნავს ინტერესების გამტარს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
კობახიძე არ ეთანხმება პარტია „გირჩის“ წევრის, დეპუტატ იაგო ხვიჩიას შეფასებას, რომ აგენტების შესახებ კანონის გადმოტანა საქართველოში „რუსული კონტექსტით“ სურთ. „ჩვენ რუსული სტილის მმართველობა გვაქვს საქართველოში? როგორ შეიძლება რუსეთის სისტემა და რეჟიმი შეადარო ჩვენს სისტემას და მოცემულობას. როდესაც კონტექსტზეა საუბარი, ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ ისეთი კანონმდებლობის გადმოტანაზე, რომელიც არის დასავლეთში აპრობირებული. კონტექსტია ზუსტად იგივე, რაც არის დასავლეთში“, - ამბობს კობახიძე.
ჯერ-ჯერობით უცნობია, დაუჭერს თუ არა „ქართული ოცნება“ მხარს „ხალხის ძალის“ კანონპროექტს, თუმცა ცალკეული დეპუტატები დადებით განწყობას აფიქსირებენ. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, მისთვის მისაღებია კანონპროექტის მთავარი სულისკვეთება - „ყველგან და ყველაფერში გამჭვირვალობა იყოს“.
იმ დროს, როდესაც „ხალხის ძალის“ წევრები ამტკიცებენ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ძირითადად ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით არის შედეგენილი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ კანონპროექტი ეფუძნება მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას და არა რომელიმე ამერიკულ კანონს. დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმას, პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტებად“ მიიჩნევს:
- ყველა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. ასეთი დაფინანსების მიღებისას „უცხოური გავლენის აგენტებად“ არ ცხადდებიან სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;
- ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი „უცხოური ძალაა“.
- მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის, გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი „უცხოური ძალაა“. მედიასაშუალებების შემთხვევაში არ იგულისმება რეკლამა.
- არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს „უცხოური გავლენის აგენტებად“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო დაარეგისტრირებს. იმ სუბიექტებისთვის კი, რომლებიც თავს აარიდებენ რეგისტრაციას, ადმინისტრაციული ჯარიმები იქნება გათვალისწინებული. ჯარიმის გადახდა სუბიექტს არ გაათავისუფლებს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციის ვალდებულებისაგან.
ამ თემაზე:
კობახიძე ტყუის, როცა ამბობს, რომ დიდი NGO-ების დაფინანსება გაუმჭვირვალეა