დაფუძნებულია რუსულ კანონზე და არა ამერიკულზე - ნედ პრაისი აგენტების შესახებ კანონპროექტზე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აკრიტიკებს საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც ქვეყანაში უცხოური გავლენის აგენტების სიის შექმნას ითვალისწინებს. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ნედ პრაისი უარყოფს, რომ კანონპროექტი ამერიკული კანონმდებლობის მსგავსია, „მეტიც ეს კანონპროექტი, ჩანს, რომ ეფუძნება მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას და არა FARA-ს ან რომელიმე ამერიკულ კანონებს“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ჩვენ ეს წუხილები გავუზიარეთ საქართველოს მთავრობას. შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. ჩვენ გვჯერა, რომ მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, - პრაისის თქმით, შეერთებულ შტატებში ღრმა შეშფოთებას იწვევს შედეგები, რომლებიც შესაძლოა, ამ კანონმა მოუტანოს საქართველოში სიტყვის თავისუფლებას და დემოკრატიას.

პარტია „ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად წასულმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა, რომლებმაც მოძრაობა „ხალხის ძალა“ შექმნეს, პარლამენტში დააინიცირეს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. კანონპროექტის მიხედვით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი „უცხოური ძალების“ მიერ ფინანსდება.

კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტებად“ მიიჩნევს:

ყველა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. ასეთი დაფინანსების მიღებისას „უცხოური გავლენის აგენტებად“ არ ცხადდებიან სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;

ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი „უცხოური ძალაა“.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის, გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი „უცხოური ძალაა“. მედიასაშუალებების შემთხვევაში არ იგულისმება რეკლამა.

არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს „უცხოური გავლენის აგენტებად“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო დაარეგისტრირებს. იმ სუბიექტებისთვის კი, რომლებიც თავს აარიდებენ რეგისტრაციას, ადმინისტრაციული ჯარიმები იქნება გათვალისწინებული. ჯარიმის გადახდა სუბიექტს არ გაათავისუფლებს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციის ვალდებულებისაგან.

„ხალხი ძალის“ წევრების მტკიცებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტში გათვალისწინებულია დემოკრატიული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა და ძირითადად შედგენილია ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით.

„ხალხის ძალის“ მიერ ამ კანონპროექტის მომზადებას წინ უძღოდა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება იმის შესახებ, რომ დიდი NGO-ების დაფინანსება გაუმჭვირვალეა. „არის რამდენიმე ყველაზე მდიდარი NGO, რომელიც ფინანსდება სხვადასხვა წყაროდან. როდესაც ისინი გამოდიან პოლიტიკური მოთხოვნებით და აჩვენებენ პოლიტიკურ ამბიციას, მით უმეტეს, მათ აქვთ მორალური ვალდებულება, საზოგადოების წინაშე აჩვენონ გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი, თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა მათი ხარჯები და ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას არავითარი ინფორმაცია არ აქვს, რაც რისკებს ქმნის. ჩვენი ქვეყანა პატარა სახელმწიფოა და ბუნებრივია, მოწყვლადია სხვადასხვა რისკის მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ 2022 წლის 13 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

კანონპროექტის ინიცირების შემდეგ, კობახიძემ თქვა, რომ ის პრობლემას ვერ ხედავს, ორგანიზაციების უცხოური გავლენის აგენტებად წოდებაში, რადგან ის ჯაშუშობისგან განსხვავდება და გულისხმობს, კონკრეტული ინტერესების გამტარს. მისივე თქმით, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, ვინ აფინანსებს არასამთავრობო სექტორსა და მედიას (ეს ინფორმაცია ორგანიზაციების დიდი ნაწილის ვებგვერდებზე ისედაც საჯაროდ არის გამოქვეყნებული. რედ).

„პოლიტიკური პარტია რომ ავიღოთ, ჩვენ ყოველწლიურად წარვადგენთ დეკლარაციას აუდიტის სამსახურში და თითოეული თეთრი, რაც იხარჯება პარტიის მიერ, რა შემოსავალიც გვაქვს, ეს საზოგადოებისთვის არის ცნობილი. ეს სასჯელი ხომ არ არის.

რატომ ხდება ეს? პარტიებს აქვთ სერიოზული გავლენა საზოგადოებაზე, პოლიტიკურ ცხოვრებაზე და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, მათ შორის, დაფინანსების კუთხით, ვინ დგას კონკრეტული პარტიის უკან. NGO-ებზეც იგივე შეიძლება ითქვას, ხომ?!

ჰკითხეთ ნებისმიერ მოქალაქეს და ვერავინ გეტყვით, რეალურად ვინ აფინანსებს ამა თუ იმ მედიასაშუალებას. აქ მარტო ტელემაუწყებლებზე არ არის საუბარი, აქ საუბარია სხვა მაუწყებლებზე, საუბარია ვებგამოცემებზე, ონლაინ და ბეჭვდით მედიაზე, ყველაფერზეა საუბარი.

თვითონ ტერმინს რაც შეეხება, მე არ ვიცი, შეიძლება სხვა შესატყვისიც არსებობდეს, რომელიც იგივე შინაარსს გამოხატავს, მაგრამ ტერმინი აგენტი არ ნიშნავს ჯაშუშს. საქართველოს კანონმდებლობას თუ ჩახედავთ, ჯაშუშობაა დასჯადი. ანუ აგენტორული საქმიანობა, როგორც ასეთი, ასეთი ტერმინოლოგია არ გამოიყენება. ჯაშუშობა არის დასჯადი, ჯაშუშობაა არის სხვა რამე და ვიღაცის და რაღაცის აგენტი რომ ხარ, ეს არის სხვა რამე.

აგენტი ნიშნავს იმას, რომ ვიღაცის ინტერესის გამტარებელი ხარ და არა ჯაშუში. შეიძლება სხვა ტერმინიც არსებობდეს, მაგრამ რეალურად, ამ ტერმინს ვერ გამოეკიდებით. იმიტომ, რომ აგენტი არსებობს. დაზღვევის აგენტი არსებობს, რომლის მიზანია, რომ დაგარწმუნოს, კონკრეტული ხელშეკრულება გააფორმო სადაზღვევო სააგენტოსთან. ბანკში არის აგენტი და ყველა სფეროში არიან აგენტები. სააგენტო ჰქვია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ეს არ ნიშნავს, რომ აგენტებზე მუშაობს. ეს მიღებული ტერმინია რეალურად და ნიშნავს ინტერესების გამტარს“, - თქვა კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.